"რუსთავი 2"-ის, "მთავარი არხის", "ტაბულას" და "ნიუპოსტის" წარმომადგენლებზე ძალადობის საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის, "მთავარი არხის", "ტაბულას" და "ნიუპოსტის" წარმომადგენლებზე ძალადობის საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის "მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული 3 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, არსებული ინფორმაციით, ისინი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

სხდომას ესწრებიან თავად დაკავებულებიც - ზაზა მჭედლიძე, ზაზა ჭაავა და მურად დევლარიშვილი, ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის, "მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" წარმომადგენლებს, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 225-ე მუხლებით გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"