ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებული 3 პირის საქმის პროკურორის განცხადებით, სამივე მათგანის უპირობო იზოლაციაა საჭირო - კვირის პალიტრა

ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებული 3 პირის საქმის პროკურორის განცხადებით, სამივე მათგანის უპირობო იზოლაციაა საჭირო

ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული 3 პირის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სამივე მათგანის უპირობო იზოლაციაა საჭირო. აღნიშნულის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ვეფხვაძემ საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებს ბრალი მძიმე კატეგორიის დანაშაულში აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, დიდი საფრთხეა, მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინონ და მართლმსაჯულებას შეუშალონ ხელი, იმის ფონზე, რომ მათთვის ცნობილია, ვის რა ჩვენება აქვს მიცემული.

ბრალდების მხარის განმარტებით, საფრთხე არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების, ასევე მიმალვის. პროკურორის თქმით, პატიმრობის გამოყენება არის ერთადერთი ღონისძიება, რომ ახალი დანაშაულის ჩადენისგან შეკავებული იყვნენ.

ვეფხვაძის თქმითვე, გირაოს ვერც ერთი ოდენობა შემაკავებელი ხასიათის ვერ იქნება.

საქმის კიდევ ერთი პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, ზაზა მჭედლიძემ, ზაზა ჭაავამ და მურად დევლარიშვილმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პროკურორის თქმით, მოტივი იყო ერთი - ის, რომ ისინი ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ და საუბარი პირად წყენაზე არაა, ვინაიდან არც ერთი მათგანი ერთმანეთს არ იცნობდა.

პროკურატურა საკუთარ შუამდგომლობაში, როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრობდა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის, "მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" წარმომადგენლებს, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის 1 ნაწილით და 225-ე მუხლებით გრძელდება.