ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მიზ­ნით სა­ხელ­მწი­ფომ 35 ათა­სი ევრო უნდა გა­და­უ­ხა­დოს - კვირის პალიტრა

ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მიზ­ნით სა­ხელ­მწი­ფომ 35 ათა­სი ევრო უნდა გა­და­უ­ხა­დოს

საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო საქმე, რომელიც შეეხებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მარიამ წივწივაძის მკვლელობას.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა - მე-2 (სიცოცხლის უფლება) და 14-ე (დისკრიმინაციის აკრძალვა). სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქვეყნის პოლიციამ გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია ვერ შეძლო.

ამასთანავე, არ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, გამოეძიებინა საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის ეფექტიანობა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ იცოდა იმის შესახებ, რომ აპლიკანტის შვილს საფრთხე ემუქრებოდა, მიუხედავად იმ სხვადასხვა დამცველი ღონისძიებისა, რომლის გატარებაც შესაძლებელი იყო, მათ [სამართალდამცავმა უწყებებმა] ვერ შეძლეს გენდერული მოტივით ჩადენილი ძალადობისგან ქალის დაცვა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა სისტემურ მარცხად შეიძლება შეფასდეს. არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება იმის დასადგენად, იყო თუ არა პოლიციის უმოქმედობის მიღმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია“, - წერია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელე (აპლიკანტი) არის გარდაცვლილის დედა - თალიკო თხელიძე, რომელმაც " საფარს" 2017 წელს, მიმართა. სწორედ ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ საქმის წარმოება.

დაზარალებულის ინტერესებს "საფარის" იურისტი ნათია გამხიტაშვილი იცავდა.

"ამ გადაწყვეტილებით დადგინდა სახელმწიფოს სრული უმოქმედობა და გულგრილობა საკუთარი მოქალაქის მიმართ, რაც საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ ახალგაზრდა ქალი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. დანაშაული 2014 წელს, ილიაუნში მოხდა. 33 წლის მარიამ წივწივაძე ყიფილმა ქმარმა უნივერსიტეტის კიბეებზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ამის შემდეგ კი იქვე დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა, 11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებს ერთხელაც არ გამოუწერიათ შემაკავებელი ორდერი. ყოველ ჯერზე მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოიძიება არ დაწყებულა იმ სამართალდამცავების მიმართ, რომელთან აშკარა უმოქმედობა გამოიჩინეს. ერთადერთი საქმე აღიძრა მკვლელობის ფაქტზე და ისიც ავტომატურად შეწყდა, რადგან დამნაშავე გარდაცვლილი იყო", - ამბობს ambebi.ge- სთან იურისტი ორგანიზაციის ადვოკატი ნათია გამხიტაშვილი.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით აპლიკანტს - გარდაცვლილის დედას, ზიანის ანაზღაურების მიზნით სახელმწიფომ 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

ambebi.ge