"მთავარი არხის" ოპერატორზე, ასევე "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

"მთავარი არხის" ოპერატორზე, ასევე "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს - აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთოს ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 5000, 3000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაკავებულებიდან ბრალდებას არც ერთი არ ეთანხმება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ "სირცხვილიას" ოფისში, ტელეკომპანია "ტვ 1"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"