"ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაზე შსს განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს შესთავაზეს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა. ამასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

"ტელეკომპანია "ტვპირველის"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია "სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია "ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

"ინტერპრესნიუსი"