"ციხეში მოკლეს ადამიანი. ჩვეულებრივი სექსუალური კავშირი იყო... დანაშაული არ ჩაუდენია და რა უნდა ეღიარებინა?" - კვირის პალიტრა

"ციხეში მოკლეს ადამიანი. ჩვეულებრივი სექსუალური კავშირი იყო... დანაშაული არ ჩაუდენია და რა უნდა ეღიარებინა?"

ბესიკ თორდუა, რომელიც 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეზე იყო ბრალდებული, კლინიკა "ვივა-მედიში" 14 ივლისს გარდაიცვალა. თორდუას წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და გლდანის დაწესებულებაში იყო გამოკეტილი, იქ ელოდებოდა სასამართლო პროცესების დაწყებას. საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში აგვისტოში უნდა დაწყებულიყო, წინასასამართლო სხდომა 9 აგვისტოს იყო ჩანიშნული. ცნობილია, რომ 56 წლის ბესიკ თორდუას პროკურატურა ასელ აიტპაევას გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა. მას გამოძიებამ ბრალი 6 მაისს წარუდგინა. თავად ბრალდებული ფაქტს არ აღიარებდა და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. თორდუას ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე ამბობს, რომ გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ახლა ექსპერტიზის დასკვნას დაელოდება.

ლაშა შუკაკიძე, ადვოკატი:

- დაახლოებით, ერთი კვირის წინ შემატყობინეს, რომ ბესიკ თორდუა გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. რამდენიმე დღის წინ მოვინახულე, აპარატზე იყო შეერთებული. გუშინ საღამოს დამიკავშირდნენ და მითხრეს, გარდაიცვალაო. მანამდე გავესაუბრე ექიმს და მითხრა, როდესაც კლინიკაში მიიყვანეს, ის კონტაქტური იყო, უბრალოდ, გაბრუებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც გამოიწვია თავში დიდი რაოდენობით სისხლის მიმოქცევამ, ჩაუტარდა ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ კი, კომატოზურ მდგომარეობაში იყო და აპარატზე იყო შეერთებული. გუშინ შემატყობინეს, რომ გარდაიცვალა საღამოს საათებში.

დღეს საქმე აღძრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა, ჯერ არ არის სახლში გადასვენებული. ჩვენ დასკვნას დაველოდებით. კითხვები გვაქვს და ველოდებით გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ეს ფაქტი. ჯანმრთელი ადამიანი იყო, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა მას არ ჰქონდა და გვაინტერესებს, დროულად რატომ არ მიექცა ყურადღება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ეს უნდა გაირკვეს.

- თქვენ პირადად როდის შეხვდით მას?

- არასოდეს უთქვამს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. 24 მაისს გვქონდა სასამართლო პროცესი და იქ ვისაუბრეთ ჩვეულებრივად. არანაირი მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემა მას არ ჰქონდა.

- თავში სისხლჩაქცევები რამ გამოიწვია, ციხეში ხომ არ სცემეს?

- რა დაზიანებაც უნდა მიეღო, ეს ზემოქმედებით იყო მიღებული თუ ბუნებრივად, ფაქტია, თავში სისხლჩაქცევა, დიდი როდენობით სისხლი იყო, როდესაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს. ყველა შემთხვევაში, მისი გადაყვანა კლინიკაში დაგვიანებული იყო. ვინმემ მიაყენა მას თუ არა დაზიანება, ამაზე ჯერ ვერ გიპასუხებთ, რადგან ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს. ის არ აღიარებდა დანაშაულს. ეს მაისში განმარტა კიდეც პროცესზე და ითხოვდა, მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა, მაგრამ სასამართლომ დატოვა პატიმრობაში და ხედავთ, ციხეში მოკლეს ადამიანი.

- ეჭვი გაქვთ რომ ვიღაცამ ამ საქმის გამო მოიშორა?

- ბუნებრივია, მაქვს ეჭვი, რადგან ჯანმრთელი ადამიანი ჩავაბარეთ სასჯელაღსრულებას და გარდაცვლილი დაგვიბრუნეს. შესაძლოა, მის საქმეს უკავშირდებოდეს მისი გარდაცვლება.

- საქმე რა სტადიაშია?

- 9 აგვისტოს იყო ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა. მტკიცებულებები მის წინააღმდეგ პროკურატურას არ ჰქონდა. სამწუხაროდ, ვერ შეძლო თავისი უდანაშაულობის დამტკიცება. მას არ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული და რა უნდა ეღიარებინა? ჩვეულებრივი კავშირი იყო... ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს. დამოუკიდებელ ექსპერტს არ ჩავრთავთ, უკვე ჩაუტარდა სამხარაულში ექსპერტიზა და, პარალელურად, გადავამოწმებთ შესრულებულ სამუშაოებს. ვაპირებ, გამოვითხოვო დოკუმენტები, დავიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა.

ოფიციალური ინფორმაცია მომხდარზე სასჯელაღსრულების სამსახურმაც გააკეთა. უწყებაში ამბობენ, რომ ბესიკ თორდუამ პენიტენციური დაწესებულების ექიმთან 30 ივნისს ძლიერი თავის ტკივილი დააფიქსირა, ასევე, დაკარგა გონება, რის შემდეგაც, გაუუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, თავის ტვინში, სავარაუდოდ, სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის გამო, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანა.

"ბრალდებული ბ.თ. (დაბ 09. 07. 1965წ) N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე (გაუპატიურება) 08.05.2021 მოთავსდა. შემოსვლისას, წესისამებრ, ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა დიაგნოზი - არტერიული ჰიპერტენზია. მიეცა შესაბამისი დანიშნულება და მუდმივად იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. 30.06.21 დაწესებულების ექიმთან დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი, გონების დაკარგვა, რის შემდგომაც, გაუუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა - T/A-200/120mmHg, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის (სავარაუდო) გამო, გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ. კლინიკაში ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებისა და ნევროლოგის კონსულტაციის საფუძველზე, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის ინფარქტი, დაუზუსტებელი. მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა, ინტენსიური მონიტორული მეთვალყურეობა. ნეიროქირურგის საკონტროლო კონსულტაციის შედეგად საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის შემდეგ, ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, ჰემოდინამიკური პარამეტრები - არასტაბილური. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 14.06.21-ში დაფიქსირდა ბრადიარითმია, რომელიც მალევე გადავიდა ასისტოლიაში. დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია პროტოკოლის სრული დაცვით, თუმცა გულის მექანიკური ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი",- ნათქვამია განცხადებაში.

ახლა პატიმრის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო და, ალბათ, სამართალდამცველები დაადგენენ მიზეზს.

რაც შეეხება ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმეს, ამ საქმეში ამ დრომდე ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია.

ცნობილია, ასელი საქართველოში 27 აპრილს, ნათესავის, მურად მეიერბეკოვის რჩევით სამუშაოდ ჩამოვიდა. გარდაცვლილი ქალის დედა ამბობს, მისი შვილის საქართველოში ჩამოსვლის ინიციატორი მისი სიძე, მურატ მეირბეკოვი იყო. ის რუსთავში, ყაზახურ-ქართულ საავტომობილო ფირმაში, "ყაზავტოტრანსში" მუშაობდა და ცოლის და ამ ფირმაში სამუშაოდ მიიწვია. შეთანხმების თანახმად, ქალს ყაზახურ ენაზე უნდა ეწარმოებინა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისათვის საჭირო დოკუმენტაცია. რუსთავში, ამ ფირმაში აიტპაევა 4 მაისამდე მუშაობდა. სწორედ სამსახურში გაიცნო ბესიკ თორდუა. 5 მაისს კი თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც თორდუას ბინა ჰქონდა ნაქირავები, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ის საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ძალოვნებმა ტრაგედიის მეორე დღეს დააკავეს 56 წლის ბესიკ თორდუა და აცხადებდნენ, ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც, ასელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულაო. თავად ბრალდებული ბრალს დაკავების დღიდან კატეგორიულად უარყოფდა. მისი ადვოკატიც ამბობს, რომ გამოძიებას ბესიკ თორდუას ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ აქვს, გარდა აუდიოჩანაწერისა, რომლის ავთენტურობაც მისი თქმით, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.

ფაქტია, ამ დანაშაულის გაცხადებიდან რამდენიმე დღეში მედიაში გაჩნდა აუდიოჩანაწერი, რომელიც, როგორც ამბობენ, ქალმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. ეს ჩანაწერი საქმეში უკვე დევს, როგორც მტკიცებულება. ქალმა ჩანაწერი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ყაზახეთში მეგობარს გაუგზავნა. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ასელი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მალევე მისმა ნათესავმა, მურატ მეირბეკოვმა გააუპატიურა. როგორც ჩანს, ამის შემდეგ ის მისგან გაქცევას შეეცადა, მაგრამ ამჯერად სხვა მამაკაცის მსხვერპლი აღმოჩნდა. ამ ჩანაწერში, ასევე, ისმის ქალისა და კაცის დიალოგი. სავარაუდოდ, ეს ჩანაწერი იმ საცხოვრებელ ბინაშია გაკეთებული, სადაც გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, დიალოგი სწორედ ასელ აიტპაევასა და ბესიკ თორდუას შორის შედგა. ამ ჩანაწერში კაცი ქალს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, აგინებს, ემუქრება ფანჯრიდან გადაგდებით.

მოგვიანებით, მედიისთვის ხელმისაწვდომი გახდა თავად ბესიკ თორდუას ჩვენებაც, სადაც ის ამბობს, რომ აპრილის დასაწყისში, ყაზახ პარტნიორთან, აიდოს შაიმერდენოვთან ერთად დააფუძნა კომპანია "ყაზტრანსაუტო" და გადაწყვიტეს, დამატებით თანამშრომლების აყვანა. ასე დასაქმდა ამ კომპანიაში ყაზახეთის მოქალაქე მურატ მეირბეკოვი, რომელმაც საქართველოში სამუშაოდ მოიწვია მისი ცოლის და, ასელ აიტპაევი. ასელი საქართველოში 27 აპრილს ჩამოვიდა და სიძესთან, რუსთავში დაბინავდა. სამსახურში 28 აპრილიდან დადიოდა. ამავე კომპანიაში დაიწყო მუშაობა საქმის კიდევ ერთმა მოწმემ, თ.გ.-მ. ბესიკ თორდიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომელ ქალებს კლასიკურად ჩაცმა სჭირდებოდათ, 30 აპრილს, ბესიკ თორდუა, მძღოლთან, თ.მ-სთან და ასელთან ერთად, სადგურის მოედანზე მდებარე მოლში, ტანსაცმლის საყიდლად წავიდნენ. ბესიკ თორდუა ამბობს, რომ იმ საღამოს ასელმა რუსთავში, სიძის სახლში დაბრუნებაზე უარი თქვა და მას გაუმხილა, რომ ის მურატ მეირბეკოვმა ორჯერ გააუპატიურა. ამის შემდეგ, ბესიკ თორდუა ასელს მის სახლში, თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე, ნაქირავებ ბინაში სთავაზობს ღამის გათენებას. ბრალდებული თავის ჩვენებაში იმასაც ამბობს, რომ მურატის საქციელმა ძალიან გააბრაზა და 2 მაისს, ამის გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა, იქვე იმასაც დასძენს, მერე თავი დავანებეო. ბრალდებულ თორდუას ჩვენებიდან ირკვევა, რომ 4 მაისის ჩათვლით, ასელი ღამეს მის ნაქირავებ ბინაში ათენებდა. ბრალდებული იმასაც ჰყვება, ქალი ოთახში იკეტებოდა, ტიროდა და მხოლოდ საჭმელად გამოდიოდაო. თავის ჩვენებაში ახალგაზრდა ქალთან სქესობრივ კავშირსაც არ უარყოფს, თუმცა ირწმუნება, რომ ეს ნებაყოფლობითი იყო და ადასტურებს, რომ 4 მაისს, სამსახურიდან დაბრუნებულებმა, მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინეს, დალიეს, რის შემდეგაც, მათ ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი დაამყარეს. აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ახალგაზრდა ქალის ქმედება: "01 საათზე შევედი სააბაზანოში, რათა გადამევლო ტანზე. ასელი იყო ისევ საწოლში. აბაზანის კარი ჩავკეტე. დამჭირდა, დაახლოებით, 3-5 წუთი და გარედან რამე საეჭვო ხმაური არ გამიგია. როდესაც გამოვედი აბაზანიდან, შევედი საძინებელში, რა დროსაც ვნახე, რომ ასელი საწოლში არ იწვა. მაშინ შევამჩნიე, რომ საძინებლიდან აივანზე გასასვლელი კარი ღია იყო. მე ვიფიქრე, რომ ასელი შეიძლება ეწეოდა სიგარეტს, მაგრამ აივნისკენ როდესაც გავიხედე, იქ ასელი ვერ დავინახე. მე მაშინვე მივედი სახლის კართან, რათა გამეხედა, სადარბაზოში ხომ არ იყო გასული, მაგრამ კარი დაკეტილი იყო. ავფორიაქდი, რადგან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მაშინვე გავვარდი აივანზე და ჩავიხედე ქვევით, რა დროსაც დავინახე, რომ კორპუსის ქვევით, ხრეშზე ესვენა ასელის გვამი. ის აივნიდან გადახტა თუ გადავარდა, ვერ მოგახსენებთ. ეს იყო ჩემთვის ძლიერი შოკი და შიში. მაშინვე ჩავიცვი ტანსაცმელი. ეს ყველაფერი ხდებოდა წამებში. მაშინვე თავში გამიელვა, რომ ასელთან მე მქონდა სექსი და შეიძლებოდა, საეჭვო ვითარება ყოფილიყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ჩავსულიყავი, იქნებ ცოცხალი ყოფილიყო. როდესაც ჩავედი, ის ადგილი, სადაც ასელის სხეული იყო, შემოსაზღვრული იყო მაღალი ღობით და გადასვლა ვერ შევძელი. ღობე თუნუქისაა და მეორე მხარეს რა ხდებოდა, არ დამინახავს. მე არ დამიძახია ასელისთვის. მხოლოდ მივუახლოვდი იმ ადგილს და ყური დავუგდე, ხომ არ საუბრობდა, ან შველას ხომ არ ითხოვდა. დაახლოებით, 2 წუთი გავჩერდი, მაგრამ არანაირი ხმა არ გამიგია. ძალიან შემეშინდა, მერე ისევ სახლში ავბრუნდი. ჩავალაგე რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და იქიდან ზუგდიდში წავედი... ჩემი მხრიდან ასელის მიმართ რამე მუქარასა და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემი აზრით, ასელმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ გააუპატიურა მისი დის ქმარმა, მურატმა".

ახალგაზრდა ქალის დედა კი დარწმუნებულია, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს. ის მისი შვილის სიკვდილში თორდუასთან ერთად მის სიძეს, მურატ მეირბეკოვსაც ადანაშაულებდა. მეგობრისთვის გაგზავნილი ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მეირბეკოვმა გოგონა ორჯერ გააუპატიურა. ისიც ცნობილია, რომ ყაზახი გოგოს გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში, მან საქართველო დატოვა და ყაზახეთში დაბრუნდა. დედა არც იმას გამორიცხავს, რომ მისი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლი იყოს.

აიტპაევას საქმის გამოძიებაში ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, ყაზახი გამომძიებლებიც არიან ჩართული. ისინი საქართველოშიც ჩამოვიდნენ და ბრალდებული თოდრია მაშინ გამოკითხეს კიდეც. ყაზახმა სამართალდამცველებმა თავიანთ ქვეყანაში საქმე ტრეფიკინგის მუხლით აღძრეს და მთავარ ფიგურანტს, 36 წლის მურად მეირბეკოვს ადამიანის ვაჭრობის მუხლით ბრალი 16 მაისს ოფიციალურად წაუყენეს. ორი დღით ადრე, მეირბეკოვს დაუსწრებლად ბრალი ქართველმა ძალოვნებმაც წაუყენეს. ძალადობისა და გაუპატიურებისთვის მის წინააღმდეგ საქართველოშიც არის საქმე აღძრული. მართალია, მეირბეკოვმა გოგონას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში საქართველოს დატოვება მოახერხა, თუმცა ყაზახმა ძალოვნებმა ის თავიანთ ქვეყანაში დააკავეს.

ახლა ბესიკ თორდუას გარდაცვალების შემდეგ, ამ ხმაურიანი საქმის ირგვლივ დაგროვილი კითხვები, ალბათ, საბოლოოდ პასუხგაუცემელი დარჩება.

(სპეციალურად საიტისთვის)