"პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

"პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას - პატიმრობას მოითხოვდა. პროკურატურა მაღრაძის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გიორგი მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ილიკო თვალიაშვილს. კერძოდ, ბრალდებულები ოპერატორს ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

"ინტერპრესნიუსი"