"მინდა, უმაღლესი განათლება მივიღო, ჯაბა იოსელიანის ისტორია გავიმეორო" - ვინ არის "მახო ტბილისკი" და რა კავშირი აქვს მას "დედ ჰასანის" კლანთან - კვირის პალიტრა

"მინდა, უმაღლესი განათლება მივიღო, ჯაბა იოსელიანის ისტორია გავიმეორო" - ვინ არის "მახო ტბილისკი" და რა კავშირი აქვს მას "დედ ჰასანის" კლანთან

მოსკოვში კიდევ ერთი ქართული წარმომავლობის კრიმინალური ავტორიტეტი მახო დარჩიევი, იგივე "მახო ტბილისკი" დააკავეს. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, ქართული წარმომავლობის ავტორიტეტი იმიტომ დააკავეს, რომ კრიმინალურ სამყაროში უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელი იყო.

ცნობილია, რომ პროკურატურა მისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თუმცა თემიდა შემწყნარებელი აღმოჩნდა და მას 9 წელი მიესაჯა.

"პრაიმ კრაიმის" წყაროს ცნობით, დარჩიევი განსხვავდება სხვა "კრიმინალური ავტორიტეტებისგან". ის "დედ ჰასანის" კლანს მიეკუთვნება და ამბობენ, რომ სწორედ მან გაუკვალა გზა ახალგაზრდა "კრიმინალურ ავტორიტეტს". სააგენტოს ცნობით, მას უმეტესწილად მოსკოვში, სვერდლოვსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებში აქვს გავლენა, განსაკუთრებით კი - ეთნიკურ უმცირესობათა რიგებში.

ის სამარტოო კამერაში მოათავსეს და საკნიდანაც მხოლოდ მაშინ გაჰყავთ, თუ სხვა პატიმრებთან ურთიერთობის საშუალება არ ექნება. პენიტენციური დაწესებულების მმართველთა აზრით, შესაძლოა დარჩიევმა პატიმრებს ბუნტისა და თვითდაზიანებისკენ მოუწოდოს და სწორედ ამიტომ ცდილობენ, ის სხვა პატიმრებს მოარიდონ.

თავად დარჩიევს, როგორც ჩანს, სხვა ინტერესები აქვს. უფლებადამცველებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების მიღება სურს.

- მინდა, ვისწავლო, არის შესაძლებლობა უმაღლესი განათლება რომ მივიღოო? - იკითხა მან და უფლებადამცველებმა კითხვითვე დაუბრუნეს: - აქ ეს შეუძლებელია, თუმცა კოლონიაში შესაძლებელია, მაგრამ რაში გჭირდებათ უმაღლესი განათლება, ჩვენთან ხომ, როგორც ამბობენ, "კრიმინალური უნივერსიტეტიაო"?

- მინდა, ქართველი პოლიტიკოსის - ჯაბა იოსელიანის ისტორია გავიმეორო. ვინ იყო და შემდეგ ვინ გახდა? მე ოთხი უცხო ენა ვიცი, ჩემით ვაპირებ განათლების მიღებასო, - მიუგო დარჩიევმა.

დარჩიევს აუხსნეს, რომ ეს პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია, თუმცა ის აცხადებს, რომ უმაღლესი განათლების მიღებას მაინც აპირებს. (წყარო)

მოამზადა ნიკა გულუამ