გურამ ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, თუმცა თავად ფალავანდიშვილის განცხადებით, "დაკავებას არ ელის" - კვირის პალიტრა

გურამ ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, თუმცა თავად ფალავანდიშვილის განცხადებით, "დაკავებას არ ელის"

სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაკავებას არ ელის.

მისივე თქმით, სახლიდან სამართალდამცავებს კანონთან შეუსაბამო ნივთმტკიცება არ ამოუღიათ.

"ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. საერთოდ, ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას. თუ 10 მცნებას ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთის და ვერც პუტინი ვერ დაგვიდგება წინ. ახლა ჩვენ მივდივართ განყოფილებაში. როგორც მე ვიცი, არ გვაკავებენ, უნდათ ჩვენი დაკითხვა, ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე - სასამართლოში მხოლოდ და ადვოკატთან ერთად. გამოვთქვამთ წუხილს, რომ არ აკავებენ და არ ჩხრეკენ ძალადობის ინიციატორებს "თბილისი პრაიდს" და მედიატერორისტებს- ტელევიზიებს. არ მაქვს მოლოდინი, რომ დამაკავებენ, უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი მხრიდან და შეიძლება ჩვენც მოვმკვდარიყავით, ყველა მომკვდარიყო", - მიმართა ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, სამართალდამცავები გურამ ფალავანდიშვილის სახლში დილიდან იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის სახლშიც. მისი მეუღლის განცხადებით, სამართალდამცავებმა სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"