ტრაგედია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შეეხო! - კვირის პალიტრა

ტრაგედია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შეეხო!

11 ივლისის დილას "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. 36 წლის ოპერატორს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ. ლაშქარავას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კლინიკაში რეგულირების სააგენტო შევიდა და შემთხვევას სწავლობს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო და ძალადობაში ბრალდებული 5 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში ლექსო ლაშქარავას საქმეზე მისი გარდაცვალებიდან სამი ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში ამბობენ, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, მის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი ზედოზირება იყო. უწყებამ ასევე გაასაჯაროვა გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი. ითქვა, რომ მან ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა. უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა.

"გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "პენტინი" და "მონოაცეტილმორფინი", - თქვა მამუკა ჭელიძემ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამართულ რიგით მესამე ბრიფინგზე.

"არანაირი სიკვდილის შემდგომი ჩარევა გვამს არ აღენიშნებოდა"

სანამ კომპლექსური ექსპერტიზა საბოლოო დასკვნას დაწერს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძესთან შევეცადეთ გაგვერკვია, შეიძლება თუ არა მიღებული ტრავმები იყოს დაკავშირებული ლექსოს გარდაცვალებასთან.

- თქვენ შეისწავლეთ ლექსოს სამედიცინო ბარათი. რა სახის დაზიანებებით შევიდა ის კლინიკაში, რა პროცედურები ჩაუტარდა და დროულად გამოწერეს თუ არა? - პაციენტის 5 ივლისს ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ნანახი იქნა მარცხენა თვალბუდის მოტეხილობა, ფრაგმენტების შეღწევა ჰაიმორის წიაღებში, შესაბამისად, მას ამ ლოკაციაში ჰქონდა სისხლჩაქცევა, ძვლების მოტეხილობა და ეს მდგომარეობა გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას მოითხოვდა. პაციენტს იმავე დღეს გაუკეთდა რთული ოპერაცია, ჩემი აზრით, მაღალ დონეზე. მას ტკივილები ჰქონდა, ამიტომ ეძლეოდა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, ყოველდღე უკეთდებოდა მორფინი. გაწერის დღეს კიდევ გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, რათა ენახათ, რა მდგომარეობა იყო დაზიანებულ ლოკაციაში. თუკი გაწერის საკითხი დადგება დღის წესრიგში, გიპასუხებთ, რომ სავსებით დასაშვები იყო მისი გაწერა, რამეთუ გაკეთდა ოპერაცია, ჩატარდა შინაგანი ორგანოების გამოკვლევა, ექოსკოპიური, ლაბორატორიული და სხვა მნიშვნელოვანი კვლევები. ლაშქარავა ექიმებმა გაწერეს ამბულატორიულად იმ დანიშნულებით, რომ სჭირდებოდა ანტიბიოტიკები და ტკივილგამაყუჩებელი.

- ვინაიდან საქართველოში ნდობის დეფიციტია, საუბარია საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაზე. თქვენ თუ ხედავთ ამის საჭიროებას? ორივე - თქვენიც და სამხარაულის ბიუროს დასკვნაც უნდობლობისა და დავის საგანი შეიძლება გახდეს... - საქართველოში არიან გამოცდილი ექიმი-კლინიცისტები, რომელთაც საზოგადოება იცნობს და ენდობა. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია ექსპერტიზაში ჩაერთონ ვიწრო პროფილის კლინიცისტები - ნარკოლოგი, ტოქსიკოლოგი, ყბა-სახის ქირურგი, ნევროპათოლოგი... ანუ საჭირო იქნება სხვადასხვა ვიწრო პროფილური სპეციალისტის ჩართულობა. ყველანი დავსხდებით, გავივლით ამ მონაცემებს და მივალთ საბოლოო დასკვნამდე.

- დღეს ყველაზე მთავარი კითხვაა, - ამ სახის დაზიანებებს შეეძლო თუ არა გამოეწვია გარდაცვალება? - ცალსახად ვამბობთ, რომ ის დაზიანება, რაც ლაშქარავას ჰქონდა, უშუალოდ ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა - არ იყო ქალა ფუძე მოტეხილი, არც ქალა სარქველი, თავის ტვინის ნივთიერებაში არ იყო რამე ისეთი ხილული, მაკროსკოპული დიდი ჰემორაგიები, სისხლჩაქცევები, რასაც შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, მაგრამ არის უბნები არა მარტო თავის ტვინში, შინაგან ორგანოებშიც, რომლებიც წაღებულია მიკროსკოპულ-ლაბორატორიულ გამოკვლევაზე. შედეგები ჯერ არ მიგვიღია.

ამიტომაა ეს საქმე სამსჯელოდ რთული. აღმოჩენილ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ერთიან კომბინაციაში ეს ქმნის სირთულეს საბოლოო შედეგებზე მსჯელობისთვის. შედეგებზე მსჯელობა ობიექტური რომ იყოს, ყველა კვლევის შედეგს უნდა დაველოდოთ.

- გამორიცხავთ ინფექციის აღმავალ გავრცელებას და პოსტტრავმულ გართულებას? თუნდაც კოორდინაციის დარღვევა შეიძლებოდა პოსტტრავმული ყოფილიყო? - არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არსებობს არაერთი გართულება. ნებისმიერ ბანალურ ტრავმას შეიძლება მოჰყვეს არაერთი გართულება, რამაც შესაძლოა კრიტიკულად დაამძიმოს პაციენტი, მაგრამ ანგარიშგასაწევია ის, რომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ლაშქარავა, პრაქტიკულად, კონტაქტში იყო, მოძრაობდა, გადაადგილდებოდა, ყოველ შემთხვევაში, აშკარა ცვლილება, რომელიც ცალსახად მიუთითებს პოსტტრავმულ გართულებაზე, არ იყო. ველოდებით ლაბორატორიას, ამიტომ მიჭირს დასკვნის გამოტანა.

- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა თუ ნახეთ? მიღებული ქიმიური ნივთიერებები რა კონცენტრაციითაა ორგანიზმში და შეეძლო თუ არა იმ ოდენობას ზედოზირება გამოეწვია? - ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, ეს ნარკოლოგის პრეროგატივაა. ამიტომაც გვჭირდება ნარკოლოგი და ტოქსიკოლოგი, რომ ამ ნივთიერებების ურთიერთმოქმედების, მათი ორგანიზმში მოხვედრის, ორგანიზმიდან გამოდენის დრო დადგინდეს. ასევე, ურთიერთქმედებების დროს, აძლიერებენ თუ არა ისინი კრიტიკული მდგომარეობის დამძიმების რისკს, დროის რა პერიოდში და ა.შ.

- ითქვა, რომ 4 საათის დაგვიანებით შეგიშვეს პროზექტურაში. შესაძლებელი იყო მანამდე რაიმე მანიპულაციის ჩატარება, თან ისე, რომ ვერავინ დაადგინოს, გარდაცვალებამდელია ის თუ შემდგომი? - როცა პროზექტურაში შევედი, ჩემთან იყო საიას იურისტი, რომელიც გამოკვლევის პროცესს ესწრებოდა. ისეთი გარეშე ზემოქმედება, რომელიც შესაძლოა პროზექტურაში მომხდარიყო (გარდა იმისა, რაც სამედიცინო დოკუმენტებშია დაფიქსირებული), არანაირი სიკვდილის შემდგომი ჩარევა გვამს არ აღენიშნებოდა.

- რომ არა ტრავმები, ჩამოთვლილი ნივთიერებები შეუქმნიდა თუ არა ლექსოს სიცოცხლეს საფრთხეს? და საერთოდ, რა მიმართულებით მუშაობს ექსპერტიზა? - ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხია, რისთვისაც კომისია იკრიბება. ვნახოთ... ექსპერტიზა ორი მიმართულებით მიდის. პირველი - ცალკე აღებულ ნივთიერებებს, რაც ქიმიური ექსპერტიზით აღმოჩენილია ორგანიზმში, შეუძლია თუ არა დაამძიმოს მდგომარეობა კრიტიკულად და პარალელურად, მეორე მიმართულებაა (რაც თავიდან თქვეს) - ტრავმას და ტრავმის შემდგომ თუკი რაიმე გართულებას ექნებოდა ადგილი, შეეძლო თუ არა დაემძიმებინა ნარკოტიკების ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი. ესაა ყველაზე მთავარი, რაზეც ვერაფერს გეტყვით, სანამ სპეციალისტებთან ერთად არ გავაანალიზებთ მოპოვებულ მასალას.

"კითხვები მაქვს ექიმთან, რომელმაც ლაშქარავა გამოწერა საავადმყოფოდან"

ემზარ საბანაძე, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი:

- ამ საქმეზე რამდენიმე კითხვა მაქვს. იმ ვიდეოფირით როგორ მოხდა ლაშქარავას იდენტიფიცირება და ამაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა თუ არის? იყო თუ არა მოპედით მაინცდამაინც ეს პიროვნება? არის თუ არა იდენტიფიცირებული და დაკითხული პირი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა? არიან თუ არა დაკავებული ის ნარკორეალიზატორები ფონიჭალაში, ვისგანაც თითქოს ნარკოტიკი იყიდეს.

ასევე კითხვები მაქვს ექიმთან, რომელმაც ლაშქარავა გამოწერა საავადმყოფოდან. იცით, რატომ გამოწერეს, თუ გამოაგდეს კლინიკიდან? მეტხანს რომ გაეჩერებინათ, ექსპერტი გასცემდა დასკვნას, რომ "ადგილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე დაზიანებას" და ასეთ შემთხვევაში დანაშაულის კვალიფიკაციაც მძიმდება, ახლა კი ექსპერტი დაწერს: "მსუბუქი დაზიანება". ვფიქრობ, ექიმების სამართლებრივი შეფასებაც უნდა მოხდეს, გაირკვეს, ასე რატომ მოიქცნენ.

- შუალედურ დასკვნაზე რას იტყვით, რის მიხედვითაც შსს-მ სავარაუდო ზედოზირებით გარდაცვალებაზე მიანიშნა? - სისხლის სამართლის საქმეებში ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. ეს არის გამოძიებისათვის ხელის შეშლა და საზოგადოების აზრის მანიპულაცია. ისეთი ინფორმაცია გაუშვეს, რომ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია გაადვილდეს.

მიცემულია მინიშნება როგორც ექსპერტებისთვის, ისე გამომძიებლებისთვის, როგორ და საით წაიყვანონ საქმე. ერთიცაა - ექსპერტს ძალიან გაუჭირდება დაადგინოს გარდაცვალების ფაქტი კავშირშია თუ არა მის დაზიანებებთან, იმიტომ, რომ ექსპერტიზა 98%-ში ამას ვერ ადგენს. ძალზე შრომატევადია იმის დადგენა, გარდაცვალება გამოწვეულია თუ არა დაზიანებებით.

ზედოზირებული ადამიანი მოპედზე ვერ დაჯდებოდა, წონასწორობას ვერ დაიცავდა, მით უფრო, ორჯერ გონდაკარგული, თან მძღოლის უკან. გადასხმა თუ არ გაუკეთე, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ძნელია.

- დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, არის თუ არა ლექსოს გარდაცვალება დაკავშირებული იმ დაზიანებებთან, რომლებიც მან თავდასხმის შედეგად მიიღო. - ძალიან ძნელია ამის თქმა. შეიძლება საღ-სალამათმა კაცმა მიიღოს ნარკოტიკი და ზედოზირებით გარდაიცვალოს. ამიტომ ვამბობ, რომ ექსპერტიზას 98%-ით გაუჭირდება გარდაცვალება დაუკავშიროს დაზიანებებს. აუცილებელია საერთაშორისო დონის ექსპერტების მოწვევა, ისეთი ექსპერტების, რომელთაც ორივე მხარე ენდობა. მათ უნდა დაადგინონ, არის თუ არა დაზიანებები კავშირში გარდაცვალებასთან, თორემ ნარკოტიკული ზედოზირებით ჯანმრთელი კაციც შეიძლება გარდაიცვალოს.