"მემკვიდრეები ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ" - როგორ რეგულირდება კანონით ქონების გაყოფის საკითხები - კვირის პალიტრა

"მემკვიდრეები ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ" - როგორ რეგულირდება კანონით ქონების გაყოფის საკითხები

ხშირად მემკვიდრეები ქონებას ვერ იყოფენ და მათ შორის დავა სასამართლოში ინაცვლებს. იმის ნაცვლად, რომ საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთი ანუგეშონ და ქონება უხმაუროდ გაინაწილონ, ადამიანები ოჯახის წევრებთან საერთო ენის გამონახვას ვეღარ ახერხებენ. ფაქტია, ქონების გამო დედმამიშვილები ხშირად ერთმანეთს კარგავენ და საქმე სისხლის სამართლის დანაშაულამდეც მიდის. არის შემთხვევები, როცა ქონებრივი დავა ერთმანეთის ფიზიკური დაზიანებით, საუბედუროდ, მკვლელობითაც მთავრდება. ადვოკატები მშობლებს ურჩევენ, რომ ასეთი უსიამოვნება თავიდან აარიდონ ოჯახის წევრებს. ჯობია, კანონის დაცვით, მშობლებმა ანდერძი დაწერონ და ქონება შვილებს სიცოცხლეში გაუნაწილონ. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა, ანდერძის მიუხედავად, შეიძლება საქმე სამართლოში მაინც მივიდეს და მაინც მოუწიოს ანდერძისმიერ მემკვიდრეს იმის მტკიცება, რომ ქონება ნამდვილად მას ეკუთვნის.

როგორ რეგულირდება კანონით ქონების გაყოფის საკითხები, ამ თემებზე ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონო ნანა, ვინ არიან კანონით მემკვიდრეები? - შევეცადოთ, მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე მარტივად და ყველასათვის გასაგებ ენაზე ვისაუბროთ. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა (მემკვიდრეობის მიღება) სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) კანონით ან ანდერძით, ან ორივე საფუძვლით ხორციელდება. კანონით, ანდერძით ან ორივე საფუძვლით, მემკვიდრეობის მიღებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. სწორედ ამ კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს, თანასწორი უფლებით, პირველი რიგის მემკვიდრეებად გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები არიან. ხშირად გვსმენია, რომ გარდაცვლილის მეუღლეები მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევენ პირველი რიგის მემკვიდრედ, რაც არასწორია. მეუღლესთან ერთად, თანაბარი, თანასწორი მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები და მშობლები. შევეცადოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ იმ პირველი რიგის მემკვიდრეებზე - შვილები, მეუღლე, მშობლები, რომლებიც მემკვიდრეობის მიღების დროს თანასწორი უფლებებით სარგებლობენ. ვთქვათ, გარდაიცვალა ერთ-ერთი მეუღლე (ცოლი ან ქმარი), რომელსაც სიცოცხლეში უძრავი ან მოძრავი ქონება გააჩნდა. ეს ქონება, თუ ცოლ-ქმრის რეგისტრირებული ქორწინების დროს არის შეძენილი, პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის (შვილები, მეუღლე, მშობლები), სამკვიდროს, მამკვიდრებლის მხოლოდ ნახევარი ქონება წარმოადგენს. მაგალითად, ცოლ-ქმარმა, რეგისტრირებული ქორწინების დროს ბინა შეიძინა. ამ ბინის თანამესაკუთრე არის, როგორც ქმარი, ასევე ცოლი. ქმრის (ან ცოლის) გარდაცვალების შემთხვევაში, ამ ბინაზე სამკვიდროს, ქმრის (ან ცოლის) წილი წარმოადგენს. ე.ი. ქმრის (ან ცოლის) გარდაცვალების შემთხვევაში, პირველი რიგის მემეკვიდრეები - შვილები, მეუღლე, მშობლები, მხოლოდ გარდაცვლილი ქმრის (ან ცოლის) ბინის ნახევარ წილზე, თანასწორად მიიღებენ სამკვიდროს. ბინის მეორე ნახევარი წილი კი ცოცხლად მყოფი ცოლის (ან ქმრის) საკუთრებაა და ამ წილზე, მემკვიდრეები ვერ იდავებენ.

იმ შემთხვევაში კი, თუ გარდაცვლილ ერთ-ერთ მეუღლეს ეს ბინა რეგისტრირებულ ქორწინებამდე ჰქონდა შეძენილი, ნაჩუქარი ან მემკვიდრეობით მიღებული ანუ მისი ინდივიდუალური საკუთრება იყო, მაშინ პირველი რიგის მემკვიდრეებს, ამ ბინაზე, როგორც სამკვიდროზე, თანასწორი უფლება ექნებათ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მეუღლე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრედ, მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ იგი გარდაცვალების მომენტში, მამკვიდრებელთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. არის შემთხვევები, როდესაც პირი ქორწინდება, ჯვარდაწერილია მეუღლესთან, მაგრამ მათი ქორწინება სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. ასეთ შემთხვევაში, გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდროზე ცოცხლად დარჩენილი მეუღლე კანონით მემკვიდრე ვერ იქნება (ანდერძით მემკვიდრე შესაძლებელია იყოს). შესაძლებელია ისიც, რომ მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი ქორწინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე არანაკლებ სამი წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ეს თუ დადასტურდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამკვიდრებლის მეუღლეს, კანონით მემკვიდრეობის უფლება შეიძლება ჩამოერთვას.

ასევე, პირველი რიგის მემკვიდრეა ნაშვილები პირი და მშვილებელი. პირველის რიგის მემკვიდრეა გარდაცვლილის შვილიც, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა. გარდაცვლილის შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის (მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს) მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ცოცხალი აღარ არის. ისინი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. ქორწინების გარეშე შობილი ბავშვიც მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით, მამობა აღიარებულია.

- ვინ არის მეორე ან სხვა რიგის მემკვიდრე? - მეორე რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის (მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს), მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა, ცოცხალი აღარ არის. მესამე რიგის მემკვიდრეები, გარდაცვლილის ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა არიან, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის (მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს) ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.

მეოთხე რიგის მემკვიდრეები, გარდაცვლილის ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები არიან. მეხუთე რიგის მემკვიდრეები კი გარდაცვლილის ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები არიან, მაგრამ ისინი ცოცხლები თუ არ არიან, მაშინ მეხუთე რიგის მემკვიდრეებად, მათი შვილები ჩაითვლებიან.

აღსანიშნავია, რომ კანონით მემკვიდრეობისას რიგითობა განსაზღვრულია იმ კუთხით, რომ წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა შემდგომი რიგის მემკვიდრეობას გამორიცხავს. ე.ი. პირველის რიგის მემკვიდრეებიდან, თუნდაც ერთი მემკვიდრე თუ არსებობს, მეორე რიგის მემკვიდრე, გარდაცვლილის სამკვიდროზე ვერ იდავებს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები გარემოებაა, რომელსაც მემკვიდრეები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ - მემკვიდრე, მამკვიდრებლის სამკვიდროს როდესაც მიიღებს, უფლებასთან ერთად, მემკვიდრეზე მოვალეობებიც გადადის. ვთქვათ, შვილმა გარდაცვლილი მამის სამკვიდრო მიიღო, მაგრამ მამას ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან ფინანსური ვალდებულება ჰქონდა. გარდაცვლილი მამის შვილი, სამკვიდროს მიღებასთან ერთად, ამ ვალდებულების შესრულებაზეც პასუხისმგებელი ხდება. კანონით მემკვიდრეობა სხვა, კიდევ მრავალ საკითხს მოიცავს, რასაც ერთი სტატიით ვერ ამოვწურავთ.

- როგორც ცნობილია, 6 თვის გასვლის შემდეგ ხდება მემკვიდრეობის მიღება, იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, როგორ ხორციელდება ეს პროცედურა? - გარდაცვლილი პირის სამკვიდროს მიღების მსურველმა პირმა, პირის გარდაცვალებიდან (სამკვიდროს გახსნიდან) ექვსი თვის ვადაში შესაბამისი დოკუმენტებით, განცხადების დასარეგისტრირებლად, ნოტარიუსს უნდა მიმართოს. მემკვიდრეობის მიღების მსურველი რამდენიმე პირი თუ არსებობს, განცხადებით, მათ იმავე ნოტარიუსს უნდა მიმართონ, რომელ ნოტარიუსსაც, მემკვიდრეობის მიღების მსურველმა პირველმა პირმა მიმართა. განცხადების დარეგისტრირების შემდეგ, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს.

- ნოტარიუსთან რა დოკუმენტების წარდგენა უწევს მემკვიდრეობის მიღების მსურველს? - მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა, მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის (რიგითობის დაცვით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ) დამადასტურებელი დოკუმენტები (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სხვა მემკვიდრეების გარდაცვალების მოწმობები).

- როცა ანდერძი არსებობს, ამ შემთხვევაში, რა ხდება? - მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი კონკრეტულ დღეს დანიშნავს და დაინტერესებულ პირებს, ანდერძის შინაარსს გააცნობს, რაზეც სათანადო ოქმი შედგება. პირზე, ვის სახელზეც ანდერძია შედგენილი, მოანდერძის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს. აქვე აღსანიშნავია, რომ მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს (პირველი რიგის მემკვიდრეებს), ანდერძის შინაარსის მიუხედავად, სავალდებულო წილი ეკუთვნით, რომელიც იმ წილის ნახევარია, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.

- თუ ერთმა ადამიანმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, მაშინ რა ხდება? - თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება და სანოტარო ანდერძი, სხვა ფორმით შედგენილი ანდერძით არ მოიშლება.

- სად უნდა ინახებოდეს ანდერძი, სახლში თუ ნოტარიუსთან? - ანდერძი წერილობითი ფორმით უნდა შედგეს. წერილობითი ანდერძი, შესაძლებელია სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე შედგეს. ანდერძის სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი მოანდერძემ უნდა შეადგინოს და ხელი უნდა მოაწეროს, რომელსაც ნოტარიუსი დაადასტურებს. ასევე დასაშვებია, რომ ანდერძი, მოანდერძის სიტყვებით, ნოტარიუსმა, ორი მოწმის თანდასწრებით ჩაიწეროს. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი მოანდერძემ უნდა წაიკითხოს. შემდეგ ნოტარიუსის და მოწმის თანდასწრებით ხელი მოაწეროს (რაც ნოტარიუსთან ინახება). მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძიც, დალუქული კონვერტით, ნოტარიუსს შესანახად გადასცეს. ეს პროცედურა სამი პირის თანდასწრებით ხდება, რაც კონვერტზე ხელისმოწერით დასტურდება. ასევე, შინაურული ანდერძი, მოანდერძის მიერ თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი, შესაძლებელია სახლშიც ინახებოდეს.

- ხშირად არის დავა დედმამიშვილებს შორის ქონების გაყოფის გამო, როგორ შეიძლება ამ პროცესს თავი აარიდონ ადამიანებმა? - ცოცხალი მშობლების ქონებაზე, დედმამიშვილების დავას აზრი არ აქვს. ცოცხალ მშობლებს საკუთარი ქონების განკარგვა თავისი შეხედულებისამებრ შეუძლიათ. მშობლების ან მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში, დედმამიშვილები ანუ გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის ცოცხალ მეუღლესა და მშობლებთან ერთად, პირველი რიგის მემკვიდრეები არიან და სამკვიდროს მიიღებენ. რამე მიზეზის გამო გარდაცვლილი მშობლის სამკვიდროს მიღებას თუ ვერ შეძლებენ, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ დედმამიშვილებს შორის შეთანხმება მოხდეს. შეთანხმება თუ ვერ ხდება და მოლაპარაკების ყველა რესურსი დედმამიშვილებმა ამოწურეს, ამ შემთხვევაში, კონკრეტული სარჩელით სასამართლოს უნდა მიმართონ, თუმცა, ვფიქრობ, შეთანხმება და მორიგება, საუკეთესო გამოსავალია.

(სპეციალურად საიტისთვის)