"კონფლიქტი აქამდეც ჰქონდათ, რის გამოც 2-3 თვის წინ დაშორდნენ" - ადგილობრივები მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ - კვირის პალიტრა

"კონფლიქტი აქამდეც ჰქონდათ, რის გამოც 2-3 თვის წინ დაშორდნენ" - ადგილობრივები მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მცხოვრებლები, ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობის, ასევე, სიდედრისა და ცოლის ძმის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობენ.

კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მცხოვრებლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა.

"კონფლიქტი აქამდეც ჰქონდათ, რის გამოც 2-3 თვის წინ დაშორდნენ. ბიჭმა ცოლ-შვილი მიატოვა. უფროსი ბავშვი პირველ კლასშია, დანარჩენები უფრო პატარები არიან. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა ასეთი სისასტიკე აღარ განმეორდეს", - აცხადებენ სოფელში.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის ქალი და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, გარდაცვლილის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მოკლულ ქალს 3 არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.