"მკვლელობამდე მკვლელს თავისი მანქანა მოკლულის მანქანისთვის დაუჯახებია, რომელშიც მამა-შვილი იჯდა, იქიდან გადმოსულებს კი ორი იარაღიდან ესროლა" - კვირის პალიტრა

"მკვლელობამდე მკვლელს თავისი მანქანა მოკლულის მანქანისთვის დაუჯახებია, რომელშიც მამა-შვილი იჯდა, იქიდან გადმოსულებს კი ორი იარაღიდან ესროლა"

უმძიმესი დანაშაული ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე 23 ივლისს მოხდა. 62 წლის გრამიტონ ლაგვილავა მისმა ბიზნესპარტნიორმა ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის მისი ვაჟი, 40 წლის გიორგი ლაგვილავა, რომელიც ასევე დამნაშავემ სასიკვდილოდ გაიმეტა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი გრამიტონ ლაგვილავას გადარჩენა ადგილობრივებმა სცადეს, სროლის ხმაზე ქუჩაში გამოსულებს ის ძირს დაგდებული დახვდათ, სასწრაფოდ იქვე, შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ შენობაში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე გარდაიცვალა. მისი ვაჟი, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში წევს, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის მენეჯერის განცხადებით, მარჯვენა საზარდულის არეში აქვს ჭრილობა. შარდის ბუშტის ირგვლივ დიდი ზომის ჰემატომა აღმოაჩნდა და მუცლის ღრუც ამოუსუფთავეს. გიორგი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც ოჯახის ახლობელმა გვითხრა, დღევანდელი ინფორმაციით, გონზე მოვიდა, მაგრამ მას მომხდარის დეტალები არ ახსოვს.

სამართალდამცავებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს. მამა-შვილის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზუგდიდელი ზაურ კვიკვინია დააკავეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბრალდებული ორი იარაღით იყო შეიარაღებული. ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა სამართალდამცვებმა იმავე დღეს დამნაშავეს მიაგნეს და დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავეს. ერთი ვერსიით, დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა და დანაშაულის მოტივიც გააჟღერა. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ზაურ კვიკვინია ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გრამიტონ ლაგვილავა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ხოლო, მეორე დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორი ცალი პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

ჩვენი ინფორმაციით, მოკლული და ბრალდებული თანატოლები და დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ზაურ კვიკვინიას ზუგდიდში ბევრი იცნობს, ის ადრე საკრებულოს წევრი იყო. ადგილობრივების თქმით, ბრალდებულს რუსეთშიც ჰქონდა ბიზნესი და საქართველოშიც მეგობრებს ერთად ბენზინგასამართი სადგური ჰქონდათ. სწორედ იმ ბენზინგასამართი სადგურის წინ მოხდა ეს ტრაგედია.

"საშინელი ამბავი მოხდა. როგორც ჩანს, ფულის გამო დატრიალდა ეს ამბავი. ზუგდიდში ამბობენ, 10 000 დოლარს ითხოვდა ზაური გრამიტოსგანო, ეს იყო ბიზნესიდან წილი, თუ მას ფული ასესხა და იმ თანხას თხოვდა, არ ვიცით. ძალიან კარგი ადამიანი იყო მოკლული, ზუგდიდში ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. მკვლელობაც ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. როგორც ვიცი, მკვლელობამდე მკვლელმა თავისი მანქანა დააჯახა მოკლულის მანქანას, რომელშიც მამა-შვილი იჯდა, იქიდან გადმოსულებს კი ორი სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ძალიან ცუდი ამინდი იყო, კოკისპირულად წვიმდა, როგორც ჩანს, ჯერ გრამიტოს ესროლა, მერე შვილმა ეტყობა ჩხუბი დაუწყო, მამას რატომ ესროლეო და ამ დროს გიაც არ დაინდო და მასაც ესროლა. იქვე ახლოს ვინც იყვნენ, ისინი ამბობენ ამას, რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთო. თურმე ძირს ეგდო საწყალი გრამიტო წვიმაში. სასწრაფოდ შეუყვანიათ იქვე რესტორანში, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელმა იარაღი იქვე მდებარე ნაგვის ურნაში ჩააგდო თურმე და ადგილიდან თავისი ჯიპით მიიმალა. მერე დააკავეს. იმედი გვაქვს გია გადარჩება, ძალიან კარგი ბიჭია. კარგი შვილები გაზარდა გრამიტომ, მეორე ბიჭი გერმანიაშია, წარმატებული ახალგაზრდა, მან ეს ამბავი იქ გაიგო. დღეს ველოდებით საქართველოში მის ჩამოსვლას. მოკლულს ორივე შვილი დაოჯახებული ჰყავს, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა, კარგი კაცის სახელი დატოვა და ყველა განვიცდით მომხდარს. ხალხი შოკშია, ისეთი კარგი ადამიანია მოკლული",- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მკვლელობაში ბრალდებული ზაურ კვიკვინია სხვას მოკვლით დაემუქრა. "ზაურის მისი ყოფილი სიძეც უჩიოდა ადრე. მათაც ჰქონდათ ერთად ბიზნესი და ამის გამო მერე დავა. ყოფილმა სიძემ უჩივლა კიდეც მაშინ პოლიციაში, მოკვლით მემუქრებაო".

ჯერჯერობით ოჯახის წევრები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. "არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ბიძაჩემი. საუკეთესო მამა, ბაბუა, ბიძა. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც მასზე უარყოფითი თქვას. ნებისმიერ ჩვენს თანაქალაქელს შეგიძლიათ ჰკითხოთ როგორი იყო და გეტყვით, როგორი განსაკუთრებული ადამიანი იყო ბიძაჩემი. ძალიან მოსიყვარულე, ყველაზე უსაზღვროდ მზრუნველი. განსაკუთრებით ზრუნავდა ჩემზე. მამაჩემი, თორნიკე, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა, ძმებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ბიძაჩემი ძმის გარდაცვალებას ძალიან განიცდიდა. მას მერე მამობას მიწევდა. ძალიან ვუყვარდი, ფიზიკურადაც ძალიან ვგავდი ბიძას და უხაროდა, ბევრს გრამიტოს შვილი რომ ვეგონე. ახლა ყველანი ისეთ დღეში ვართ, ისე ვართ განადგურებულები, ლაპარაკის თავი არ გვაქვს. იმედია გაგვიგებთ. ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენთვის რაც მოხდა, განსაკუთრებული ადამიანი დავკარგეთ. მომხდარზე არაფერი ვიცი. რატომ მოკლეს ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე პირადად არ ვიცნობდი მკვლელს, მაგრამ ჩემები იცნობდნენ, მართლა არ ვიცი რატომ მომიკლა ბიძა. ახლა ჩემი ბიძაშვილი გია საავადმყოფოშია. გონზე მოვიდა, მაგრამ არაფერი ახსოვს. გია და მე თანატოლები ვართ. არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი ჰყავს. ჩემი მეორე ბიძაშვილი, გოჩა, გერმანიაში იყო, იქ გაიგო ეს საშინელი ამბავი და დღეს ჩამოდის. სიტყვები უძლურია ასეთ დროს. მეც იტალიაში ვარ და საშინლად განვიცდი მომხდარს" - გვითხრა მოკლულის ძმისშვილმა, ირინა ლაგვილავამ.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)