დაკავებულია "ლევან გალსკი", რომელიც მზესუმზირებში იმალებოდა - რას წერენ გალელ "კრიმინალურ ავტორიტეტზე" უკრაინული და რუსული გამოცემები? - კვირის პალიტრა

დაკავებულია "ლევან გალსკი", რომელიც მზესუმზირებში იმალებოდა - რას წერენ გალელ "კრიმინალურ ავტორიტეტზე" უკრაინული და რუსული გამოცემები?

ხარკოვის ოლქში, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი", 42 წლის ლევან ბულისკერია, იგივე "ლევან გალსკი" დააკავეს. ის და რამდენიმე პირი, რომლებიც უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ, მზესუმზირების მინდვრებში იმალებოდნენ. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა censor.net იუწყება.

"არც "ლევან გალსკის" და არც მის თანმხლებ პირებს პირადობის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ ჰქონდათ. თუმცა, უკრაინელმა სამართალდამცველებმა მათი ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს. ლევან ბულისკერია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ის მიმდინარე წლის მაისიდან უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭომ სანქციების სიაში შეიყვანა. მასთან ერთად დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, მისი თანამოაზრე 32 წლის პირი, რომლის ვინაობას უკრაინული შესაბამისი სამსახურები არ აკონკრეტებენ.

მათ კრიმინალური სამყაროს წევრობის გარდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაშიც ედებათ ბრალი, რაც დაახლოებით 5 800 გრინვამდე ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს; დანარჩენს უკრიანის პროკურატურა გადაწყვეტს.." - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ლევან ბულისკერიამ დაადასტურა, რომ ის ე.წ. კანონიერი ქურდის ტიტულის მატარებელია და შეკითხვაზე: "ხართ თუ არა ე.წ. კანონიერი ქურდი?" უპასუხა: "დიახ, ქურდი ვარ".

შეგახსენებთ, საქართველოს მსგავსად, ქურდული სამყაროს წევრობა უკრაინაშიც სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებაა.

გასულ წელს, დიმიტროვგრადის ციხეში მყოფი ე.წ. "კანონიერი ქურდი" ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ რუსული მედია წერდა, რომ მას სასჯელის ვადა ამოწურული ჰქონდა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებდა, რის შემდეგაც, მისი დეპორტაცია იგეგმებოდა. გააგრძელეთ კითხვა