"როგორც გავიგე, ღამე დაკეტილი მაღაზიის გაღებაში დახმარება იქვე "ბირჟაზე" მდგარ ახალგაზრდებს სთხოვეს, რაც ე.წ. ქუჩური გარჩევით და დაჭრით დასრულდა" - კვირის პალიტრა

"როგორც გავიგე, ღამე დაკეტილი მაღაზიის გაღებაში დახმარება იქვე "ბირჟაზე" მდგარ ახალგაზრდებს სთხოვეს, რაც ე.წ. ქუჩური გარჩევით და დაჭრით დასრულდა"

კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი მამაკაცი დაჭრეს. იმ დღეს სოფელ ნოსტედან სამი მამაკაცი თურმე ლუდის საყიდლად მეზობელ სოფელში, ახალქალაქში, გვიან ღამით მანქანით წავიდა. როგორც ადგილობრივი გვიყვება, მათ მაღაზია დაკეტილი დახვდათ. ბიჭებმა იქვე "ბირჟაზე" მდგარ ახალგაზრდებს თურმე მაღაზიის გაღებაში დახმარება სთხოვეს, სწორედ ამ დიალოგს მოყვა დაპირისპირება, რაც ეწ. ქუჩური გარჩევით დასრულდა. სიტყვიერ დაპირისპირებას, საბოლოოდ, სამი ადამიანის დაჭრა მოყვა.

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თავად დანით დაჭრილი მამაკაცები სასწრაფოდ კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, კლინიკაში შესვლიდან 5 წუთში, დაჭრილი გიორგი გაბოძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ის კლინიკაში მალევე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, დაჭრილ გიორგი გაბოძეს დანით ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, სავარაუდოდ ის სისხლისგან დაიცალა. ექიმებმა სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს მოკლულის ძმისშვილს, რომელსაც ასევე დანით მხარში აქვს მიყენებული ჭრილობა. შედარებით მსუბუქად იყო დაჭრილი ასევე მხარში, მოკლულის მეზობელი, მასაც ჭრილობა დაუმუშავეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეში ოპერატიულად ჩაერთვნენ სამართალდამცავები. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, 25 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული მამაკაცი დაპირისპირების შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, კასპის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

შს სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. "ბრალდებულმა ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - 1971 წელს დაბადებული გ.გ., სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ამბობენ უწყებაში.

რა გახდა კონკრეტულად ამ ტრაგედიის მიზეზი, ამაზე საუბარი ადგილობრივებს უჭირთ. ჩვენება უკვე მისცა მოკლულის ძმისშვილმაც, სავარაუდოდ ის დაასახელებს დაპირისპირების მიზეზს. როგორც ამბობენ, არ არის გამორიცხული, დამნაშავე პირთა წრეც გაიზრდოს.

"გვერდით სოფლიდან არიან გადმოსულები მაღაზიაში. ღამის 2 საათი ყოფილა და მაღაზია დაკეტილი დახვდათ. იქვე ახლოს, ბირჟასთან ისხდნენ თურმე ახალგაზრდები, გოგო-ბიჭები და მათთვის უთქვამთ, მაღაზია გაგვაღებინეთ, ლუდი გვინდა და ამ გოგონებსაც დავპატიჟებთ ლუდის დასალევადო, ამბობენ, ამას მოყვა ჩხუბიო. შელაპარაკება მოსვლიათ. ერთი მოკლეს და ორი დაჭრეს. უამრავი ადგილობრივი ახალგაზრდაა წაყვანილი პოლიციაში, ზოგი გამოუშვეს, ზოგი ამ დრომდე იქ არის და არ ვიცით დააკავებენ თუ მოწმედ იკითხებიან. სოფელში მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. რა მოხდა რეალურად, არც კი ვიცით. როგორც ვიცი, იქ ქუჩაში მყოფ ახალგაზრდებს შორის იყო ამ მაღაზიის გამყიდველის შვილიც, ისიც წაყვანილი ჰყავდათ დაკითხვაზე პოლიციელებს. ეს მაღაზია საღამოს იკეტება. ასე ადვილი არ არის გაღება. კომპიუტერებიც გათიშული ექნებოდათ და გამყიდველიც ჰყავთ. ამ ბიჭების მშობლების არის მაღაზია. ეს ბიჭებიც არიან დაკითხვაზე, მაგრამ მათთან რა კითხვები აქვთ, არ ვიცით. მომხდარზე სხვადასხვა ვარაუდი და ვერსიებია, მაგრამ ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ. გამოძიება დაადგენს. აქ როგორც თქვეს, გოგოებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ამის გამო დაიწყო ეს ყველაფერიო. ვინც არიან პოლიციაში წაყვანილები, ისინიც წესიერი ბიჭები არიან. არ ვიცი მათაც დააკავებენ თუ არა. ამბობენ რამდენიმეა დაკავებულიო, მაგრამ პოლიცია მხოლოდ ერთი პირის დაკავებაზე ავრცელებს ინფორმაციას. მეტს ვერაფერს გეტყვით, ჩვენც გაურკვევლობაში ვართ. სამწუხარო ფაქტია მომხდარი",- გვითხრა ადგილობრივმა.

სოფელ ნოსტეში უკვე მიასვენეს მოკლული გიორგი გაბოძე. მას ადგილობრივები დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის კონფლიქტური ადამიანი არ იყო. საქმეზე გამოძიება გრძელდება. შსს-მ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო, სადაც წესით უნდა ჩანდეს მომხდარის დეტალები, რაც გამოძიებას რეალური სურათის გარკვევაში დაეხმარება.

(სპეციალურად საიტისთვის)