"მშრომელი, ვაჟკაცი ბიჭები მოკლეს... ზვიადი 4 შვილის მამაა, მისი მეგობარია ცოცხალაშვილი, მას ერთი შვილი დარჩა" - კვირის პალიტრა

"მშრომელი, ვაჟკაცი ბიჭები მოკლეს... ზვიადი 4 შვილის მამაა, მისი მეგობარია ცოცხალაშვილი, მას ერთი შვილი დარჩა"

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მომხდარ შემზარავ ფაქტს სამართალდამცავები ამ დრომდე იძიებენ. უწყებამ ოფიციალური განცხადება მომხდარზე უკვე გაავრცელა და ცნობილია, რომ ფაქტზე ორი პირი დააკავა, მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური.

16 აგვისტოს მომხდარი კონფლიქტის შედეგი უმძიმესია - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი მამაკაცია მოკლული. დაჭრილები, როგორც ჩანს, მოკლულ ზვიად ზვიადაურის მანქანით თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა როგორც საავადმყოფოში ამბობენ, შეყვანის დროს სამივე გარდაცვლილი იყო. ამ დრომდე კლინიკის ეზოში დგას ის ავტომობილი, რომელშიც მამაკაცები ჩაცხრილეს. მანქანას ეტყობა ნატყვიარიც და სისხლის კვალიც. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიყვანა კლინიკაში დაჭრილები, სავარაუდოდ, კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

მოკლულებს შორის პარლამენტის ყოფილი წევრის, "ქართული ოცნების" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, სპორტსმენ ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. ასევე, მოკლულია ზვიადაურის მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი და გარდაცვლილია მათთან დაპირისპირებული ნიკა კენჭოშვილი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტრაგედიას წინ სერიოზული კონფლიქტი უძღვოდა. კონფლიქტი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, წინანდლის ტყის მიმდებარედ დაიწყო. იქ დაპირისპირებული მხარეები შეიკრიბნენ და სიტყვიერი დაპირისპირება მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და, საბოლოოდ, ორმხრივი სროლით დასრულდა. უკვე ცნობილია, რომ არიან დაჭრილებიც, ორი მამაკაცი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"თვითდინებით შემოვიდა 2 პაციენტი. ერთს, 46 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში, სავარაუდოდ, ცეცხლნასროლი ჭრილობა, რომელიც ქირურგიულად დამუშავდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მეორე პაციენტი 29 წლის მამაკაცია, ისიც თვითდინებით შემოვიდა. აქვს მარჯვენა კოჭ-წვივის სახსარში გამჭოლი ჭრილობა. დამუშავდა ქირურგიულად. სავარაუდოდ, პაციენტი ამბულატორიულად გაეწერება", - ამბობს კლინიკის ექიმი.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმის გარჩევაში თავად ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა. ეს დღეს გამოძიებამ დაადასტურა და "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ცნობილი იყო, რომ ზურაბ ზვიადაური გუშინვე გამოჰკითხეს სამართალდამცავებმა და პოლიციის განყოფილებაში ჩვენებას დიდხანს აძლევდა. როგორც ჩანს, მას იქვე წაუყენეს ბრალი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მოკლულს დანითაც აქვს ჭრილობა მიყენებული, სავარაუდოდ, კონფლიქტის დროს ის დანით დაჭრეს და დაპირისპირებულმა მხარეებმა შემდეგ ორმხრივი ცეცხლი გახსნეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ძმის დაჭრის შემდეგ საპასუხო გასროლა აწარმოა ზურაბ ზვიადაურმა და ძმის და მეგობრის მკვლელი ნიკა კენჭოშვილი ადგილზე მოკლა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ზ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნიკა კენჭოშვილის მხრიდან, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

ნიკა კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ცოცხალაშვილი, 1976 წელს დაბადებული ზვიად ზვიადაური, 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ცოცხალაშვილი და ზვიადაური შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული კენჭოშვილი. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

ჩვენ დავუკავშირდით ახმეტაში მერის წარმომადგენელს, გელა ჯუგაშვილს, ის მომხდარით შეძრულია და ამბობს, რომ ძალიან კარგი, მშრომელი ბიჭები მოკლეს. "ახლა მოვედი სამძიმარზე, ისეთი სიტუაციაა, იმხელა ტრაგედიაა მომხდარი, ვერავის ვერაფერს ვკითხავ. ძალიან შეძრულები ვართ იმით, რაც მოხდა, ძალიან მშრომელი, ვაჟკაცი ბიჭები მოკლეს. მეგობრების, ნათესავების მოყვარულები და ყველას გვერდში მდგომები, კეთილშობილი ადამიანები. მომხდარზე არაფერი ვიცი, რაც სოციალურ ქსელებში წერია, მხოლოდ ის ვიცი. უმძიმესი მდგომარეობაა. გარდაცვლილებიდან ორი, ზვიადაური დაა ცოცხალაშვილი ახმეტელები არიან, მესამე გარდაცვლილი ვინ არის, არ ვიცი. სავარაუდოდ, მეორე მხარეა, არ ვიცი ზუსტად. ზვიად ზვიადაური ძალიან კარგი ბიჭი, 4 შვილის მამაა, მისი მეგობარია ცოცხალაშვილი, მას ერთი შვილი დარჩა. საშინელი ამბავია, დიდი უბედურება მოხდა", - ამბობს გელა ჯუგაშვილი.

ასევე, დავუკავშირდით სოფელ წინანდალში მერის წარმომადგენელს - თორნიკე ვეფხვოშვილს. მან გვითხრა, რომ მომხდარზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, არც გარდაცვლილები და არც დაჭრილები ამ სოფლის მაცხოვრებლები არ არიან და ვერ ხსნის, როგორ აღმოჩნდნენ ისინი იქ.

კონკრეტულად რა გარჩევას შეეწირა სამი ადამიანის სიცოცხლე, ეს და სხვა დეტალები ძალოვნებმა უნდა გაარკვიონ, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)