რას ჰყვება დედის მკვლელობაში მსჯავრდებული და "კანიბალიზმის საქმედ" წოდებული შემზარავი დანაშაულის მონაწილე - კვირის პალიტრა

რას ჰყვება დედის მკვლელობაში მსჯავრდებული და "კანიბალიზმის საქმედ" წოდებული შემზარავი დანაშაულის მონაწილე

"ომარ ყოჩიაშვილი: ჩემი მეუღლე ფიზიკურად არასოდეს შეხებია, პირიქით, ირმა უყვიროდა დედამისს და სულ ვეუბნებოდი, დედას ნუ უყვირი-მეთქი. სკოლის ატესტატიც კი არ აიღო, რადგან ბოლო გამოცდაზე არ მივიდა... მერე გადაეკიდა იმ ბიჭს და რაღაც სექტის წევრი გახდა. ამდენი წლის მერეც ვერ გამოვიტანე აზრი, რა სექტა იყო. ამბობდა მხოლოდ ერთს - ჩვენ სხვა შეხედულებები გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზეო და ლაპარაკობდა ზებუნებრივ რაღაცებზე..."

თბილისში მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ და ამ დანაშაულის დეტალების გახმაურებამ 2016 წელს მთელი საქართველო შეძრა. საქმე, რომელიც ე.წ. კანიბალიზმის საქმის სახელით არის ცნობილი, დღემდე შოკის მომგვრელია. დედის სადისტურად მკვლელობის ბრალდებით ირმა ყოჩიაშვილი, მისი მეგობარი ბექა შენგელია და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს. მათი მსხვერპლი 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი იყო. დედის მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი ხუთი წელია, სასჯელს ქალთა სააღმსრულებლო დაწესებულებაში იხდის. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მაგრამ იქიდანაც აქტიურობს. ჟურნალისტებთან რეკავს და გზავნის წერილებს. როგორც ჩანს, ბრალდებული ახლა ყველა ხერხით ცდილობს, როგორმე სასჯელი შეიმსუბუქოს. მას სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატი იცავდა, განაჩენის შემდეგ კი ბრძოლის გაგრძელება თვითონ სცადა. ამბობს, რომ ბექა შენგელიას ადვოკატი ლალი ბიწოშვილი დახმარებას დაჰპირდა და უთხრა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზებით მისი საქმის სხვაგვარად შეტრიალებას შეძლებდა, ამისთვის კი თანხა იყო საჭირო. ირმა ციხიდან მამას, ომარ ყოჩიაშვილს დაუკავშირდა და იმის მიუხედავად, რომ ასეთი შემზარავი დანაშაული ჩაიდინა, მაინც დაითანხმა... ომარ ყოჩიაშვილი ამბობს, რომ ლალი ბიწოშვილმა მას 10 000 დოლარი გამოსძალა, დაჰპირდა, რომ ირმას სასჯელს შეუმსუბუქებდა, მაგრამ მოატყუა. მამა-შვილი უკვე მეოთხე წელია, ამ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ირმა ყოჩიაშვილი ციხიდან სხვადასხვა უწყებაში საჩივრებს გზავნის, ადვოკატს თაღლითობისთვისაც უჩივლა, მაგრამ დღემდე თანხის დაბრუნება ვერ შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ ადვოკატი არ უარყოფს ამ თანხის მიღებას. ეთიკის კომისიამ ბიწოშვილს საყვედურიც კი გამოუცხადა, მაგრამ ადვოკატი ირწმუნება, რომ თანხას ომარ ყოჩიაშვილს ნელ-ნელა დაუბრუნებს.

გაუგონარი ამბავი ბრალდებულთა ჩვენებებიდან

საქმეში დევს ირმა ყოჩიაშვილის უმძიმესი აღიარებითი ჩვენება, მაგრამ მოგვიანებით მან სასამართლოში ყველაფერი უარყო და ახლა ცდილობს, საზოგადოება თავის უდანაშაულობაში დაარწმუნოს.

შეგახსენებთ, რომ დანაშაული ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ყოჩიაშვილების სახლში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ირმა ყოჩიაშვილმა და ბექა შენგელიამ თანამზრახველ არასრულწლოვან გოგონასთან ერთად ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ დანით მოკლეს, ცხედარი დიდ ჩანთაში მოათავსეს და ბინიდან გაიტანეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ქალის დანაწევრება ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გაგრძელდა. მოგვიანებით დანაწევრებული ცხედარი ისევ ჩანთაში მოათავსეს და ტაქსით გლდანის ნაგავსაყრელთან მიიტანეს, იქ კი ცეცხლი წაუკიდეს. დიდი ძებნის შემდეგ სწორედ იქ მიაგნო პოლიციამ სასტიკად ნაწამები ქალის ძვლებს. საზოგადოებისთვის შოკის მომგვრელი იყო ოფიციალური ინფორმაცია, რომ დამნაშავეებმა მოკლული ქალის გულ-ღვიძლი თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში მოხარშეს და შეჭამეს. მაშინ იმ ბინიდან ქვაბიც ამოიღეს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ყველა რიტუალურ დანაშაულზე ლაპარაკობდა. გამოძიება ფიქრობდა, რომ ისინი სექტის წევრები იყვნენ. მაშინ ბრალდებულები მზად იყვნენ, მათი სასამართლო პროცესები ღია ყოფილიყო, მაგრამ პროკურატურამ დახურა, რადგან საქმეში არასრულწლოვანი გოგონაც ფიგურირებდა.

მაშინ ექსკლუზიურად მოვიპოვე ბრალდებულთა ჩვენებები, სადაც აღწერილი იყო საზარელი მკვლელობის დეტალები. გაუგონარი ამბავი იყო მოთხრობილი. ბრალდებულებმა პირველივე სასამართლო სხდომაზე აღიარეს ყველა დანაშაული, მათ შორის - ცხედრის დანაწევრებაც და უსასტიკესი მკვლელობის დეტალებზე საჯაროდაც ილაპარაკეს, თუმცა საქმის არსებითი განხილვის დროს ბექა შენგელია ცდილობდა, სხვებისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა და თავის თავზე აიღო ყველაფერი. ირწმუნებოდა, რომ თვითონ მოაქცია ზეგავლენის ქვეშ ირმა ყოჩიაშვილი. შენგელია იმასაც აღიარებდა, რომ გარდაცვლილის ორგანოები მან შეჭამა, თუმცა რიტუალურ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფდა. რადგან საქმე ასეთი მძიმე იყო, ფსიქიკური ექსპერტიზაც დაინიშნა. არცერთი მათგანი შეურაცხადი არ აღმოჩნდა...

ირმა ყოჩიაშვილი ქალთა დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ბექა შენგელიას და ისიც, წლებია, ციხეშია. საქმის მესამე ფიგურანტს, რადგან არასრულწლოვანი იყო, 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

საქმეში არის ირმა ყოჩიაშვილის პასუხი კითხვაზე, როგორ დაიგეგმა მკვლელობა (სტილი დაცულია): "ეს წლები გროვდებოდა... დედობილმა, რომელმაც მიშვილა, კარი გააღო. ჩვეულებრივად შევედით სახლში და, ძირითადად, ვინც ამ საქმეში მივიღეთ მონაწილეობა, ვიყავით მე და ბექა. ბექამ დაიწყო მისი ხელით გაგუდვა, მე ვეხმარებოდი. გავგუდეთ და შემდეგ მოვათავსეთ ჩანთაში. სახლი დავალაგე და შემდეგ ბექასთან წავედი, სადაც მას გვამი ჰქონდა წაღებული. რამდენიმე საათში დავანაწევრეთ გვამი. დანაწევრების მიზეზი დანაშაულის დაფარვა იყო... ალბათ, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვერ ვაცნობიერებდი. იმ მომენტისთვის ეს არ იყო ჩემთვის რთული გასაკეთებელი, ანუ ადამიანისთვის ის დამეშავებინა, რაც დავუშავე... ძალიან ცუდად მექცეოდნენ. არ იყო საუბარი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სიძულვილი ჰქონდათ ჩემ მიმართ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვინანიებ დანაშაულს და მაინც მეცოდება გარდაცვლილი ადამიანი. გვამი, რომელიც ჩვენ წავიღეთ, მთლიანად დამწვარი იყო და არაფერი დარჩენილა მისგან. სასაცილო იყო, როცა ამბობდნენ, რომ ეს იყო სატანისტური სექტა, სატანისტური მკვლელობა და რიტუალი, ეს სრულიად აბსურდულია."

"ეს ჩვენება გამოძალვით მიმაცემინეს..."

ირმა ყოჩიაშვილი წლების მერე ცდილობს, თავი იმართლოს და ხელს ძალოვანებისკენ იშვერს. იგი მეც დამიკავშირდა და სრულიად განსხვავებული სურათის დახატვა სცადა:

- საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი. მე დაზარალებული ვარ. სამართალდამცველების მხრიდან ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წამებით, ზეწოლით, ტერორით, არაადამიანური მოპყრობით მიიღეს მაშინ ჩემგან ის ჩვენება...

მე დავიწყებ საუბარს დაკავების დღიდან. 2016 წლის 3 ნოემბერს ხელბორკილები დამადეს და მითხრეს, დაპატიმრებული ხარ ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის გამოო. როდესაც მანქანაში ჩამსვეს, ჩემზე ხორციელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა, რადგან ბრალდებას უარვყოფდი. გვითხარი, როგორ მოკალით, როგორ დაანაწევრეთ გვამი და როგორ გამოიყენეთ ორგანოები, თორემ ცუდად წავა შენი საქმე, მაინც მოგაყოლებენ ყველაფერსო. მიმიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოში. რამდენიმე თანამშრომელმა უფლება არ მომცა, რომ კანონით მონიჭებული დუმილის უფლებით მესარგებლა. როდესაც ბრალს არ ვაღიარებდი, არაადამიანურად მექცეოდნენ და მაწამებდნენ. ხელითაც შემეხნენ, უმოწყალოდ მცემეს... მაგდა პაპიძემ არ აღიარა დანაშაული და შენც თუ არ აღიარებ, უვადოს მოგისჯიან, შენი შეყვარებული ბექა შენგელია ციხიდან კი არ გამოვა, გამოიტანენ, ჩაგათრევთ სარდაფში, რომელიც შენნაირებისთვის გვაქვს და საკუთარ თავს ვეღარ იცნობო. სექსუალური ძალადობითაც მემუქრებოდნენ, გვითხარი, როგორ შეჭამეთ გულ-ღვიძლი, როგორ მოათავსეთ ქვაბში, როგორ მოაჭერით თავი, იმ ადგილასაც წაგვიყვან და გვანახებ ყველაფერს, იმასაც მოგვიყვები, სად მოისროლე მტკიცებულებებიო. არადა, შენგელია დაკავების დღიდანვე აღიარებდა, რომ მან მოკლა ლუბა ყოჩიაშვილი, მან დაანაწევრა გვამი და დაწვა. მე მხოლოდ გავანადგურე ნივთები, რომ ანაბეჭდები არ დარჩენილიყო. შემდეგ დავალაგე სახლი, გავწმინდე სისხლის კვალი, რომელიც იატაკზე და კედელზე იყო. ამას ვაღიარებ, მაგრამ მე არ მომიკლავს, არ მომიკვეთავს მისთვის სხეულის არც ერთი ნაწილი. იმ ხერხსაც კი არ შევხებივარ, რითაც იყო დანაწევრებული, იმ დანასაც არ შევხებივარ, რომლითაც ლუბა ყოჩიაშვილი მოკლა ბექა შენგელიამ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, სისხლის კვალს ვწმენდდი სახლში, რასაც მამაჩემის ჩვენებაც ადასტურებს. სახლში რომ მოვიდა, ყველაფერი დალაგებული დახვდა, იატაკიც მოწმენდილი იყო.

სასამართლოზე, როდესაც პროკურორი მეც მადანაშაულებდა, შენგელია მას სიტყვას აწყვეტინებდა და ამბობდა, რომ მხოლოდ მან მოკლა, მან დაანაწევრა და დაწვა ცხედარი. ბექას პროტესტზე მოსამართლის რეაქცია იყო - შენ თუ არ დაწყნარდები, დატოვებ პროცესსო. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ განმისაზღვრეს ამხელა სასჯელი.

- თავიდან თქვენ ხომ აღიარეთ ეს დანაშაული...

- ეს ჩვენება გამოძალვით მიიღეს. მერე ერთმა პოლიციელმა მეორეს უთხრა, კარგი, ცოდოა, ეყოფა, თავი დაანებეო. შემდეგ მითხრეს, რომ მე ძალიან დავეხმარე სახელმწიფოს და უნდა მოვუყვე სატანისტურ სექტებზე, სუბკულტურის მიმდევრებზე, ვინ არიან, სად იკრიბებიან, რას აკეთებენ, უნდა გაგვიყვანო კვალზე, მათ აქვთ პაროლები, რომლის მნიშვნელობაც უნდა აგვიხსნაო. ვუთხარი, რომ არ მქონდა შეხება ასეთ ადამიანებთან, არც ამ სიტყვების მნიშვნელობა ვიცოდი და ასეთ შეკრებებზე არ ვყოფილვარ, რაზეც გაბრაზდნენ და მიყვირეს, ნუ გვაბოლებ, გოგოო! შემდეგ მანახეს, სადაც ღამის ფრინველი იყო დახატული და უკან რაღაც სიმბოლო და იეროგლიფები ჰქონდა. უნდა ამეხსნა მისი მაგიური შინაარსი. რაც არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა?!

- შოკის მომგვრელი იყო კანიბალიზმზე საუბარი. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში. შემაძრწუნებელი იყო დეტალური ჩვენებაც, სადაც ეს ფაქტია აღიარებული. ამოღებული იყო ქვაბიც. ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ამ ქვაბში ადამიანის ორგანო მოიხარშა. დღეს ყველაფერს უარყოფთ. თავის დაძვრენას ცდილობთ? - კანიბალიზმის თემა არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია, რათა ჩვენთვის სასჯელი დაემძიმებინათ. განაჩენით გვედავებიან, რომ თემქის დასახლებაში, ერთ-ერთ სახლში განხორციელდა კანიბალიზმის ფაქტი, კერძოდ, ორგანოების სხვა მიზნით გამოყენება, საქმის მასალებში კი არსებობს ჩანაწერი, სადაც კამერებმა დააფიქსირა, გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე როგორ მოხდა გვამის დაწვა. ყველაფერი იქ დავწვით და გავანადგურეთ. ის საგნებიც, რომელსაც შევეხეთ, სისხლიანი ნაჭრები და ზეწრებიც, რომლითაც იატაკი მოვწმინდე - ყველაფერი დავწვით და იქიდან ცარიელი ხელებით წამოვედით. სასამართლო განაჩენითაც არ დადასტურდა კანიბალიზმის ფაქტი. მე მომისაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მყავდა ადვოკატი და ისიც პროკურატურის დავალებებს ასრულებდა... მეოთხე წელია, აღძრულია საქმე 180-ე მუხლით ადვოკატ ლალი ბიწოშვილის თაღლითობაზე. სასჯელის დაკლებას დამპირდა და მიითვისა ეს ფული. რადგან გავლენიანი მფარველები ჰყავს, არ დგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, არადა 10 000 დოლარი მიითვისა მამაჩემისგან და ამის ყველანაირი მტკიცებულება მიწოდებული მაქვს შესაბამისი უწყებებისთვის. ჩემთან მოჰქონდა გაყალბებული მასალები და მარწმუნებდა, თითქოს ამას უწყებებიდან იღებდა და სინამდვილეში არაფერს აკეთებდა. მეუბნებოდა, შეწყალების კომისიაში ლობები მყავს, 10 000 დოლარამდე ღირს, შენი შეწყალება რომ მოხდესო. მამაჩემს სთხოვდა, მანქანა და სახლი გაყიდე, თუ გინდა შენი შვილი გარეთ გამოვიდესო...

- ირმა, ამ მონათხრობის მიუხედავად, ციხეში ხართ უმძიმესი ბრალდებით... განიცდით ჩადენილს? (ირმამ ამ კითხვას არ უპასუხა. მასთან კიდევ ბევრი კითხვა მქონდა. დამპირდა, რომ ციხიდან ისევ დამიკავშირდებოდა, მაგრამ აღარ დაურეკავს, არადა, მანამდე თითქმის ყოველდღე მირეკავდა და მთხოვდა, მასთან ინტერვიუ ჩამეწერა, ციხიდან წერილიც კი გამომიგზავნა)...

"ვიცოდი, მეგობრები რომ ჰყავდა სექტის წევრები. მერე მისი ტანსაცმელი რომ ვნახე, მივხვდი, ესეც იყო მათთან გარეული"

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო ირმას ნათქვამი, რომ მამამისი, ამ უმძიმესი დანაშაულის მიუხედავად, ციხეში მყოფ შვილზე ზრუნავს, ამიტომ ომარ ყოჩიაშვილს დავუკავშირდი.

- პირველი გოგონა დაგვეღუპა. ძალიან ჭკვიანი და კარგი ბავშვი იყო... მისმა სიკვდილმა ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ყველაფერს ვაკეთებდით, შვილი რომ გადაგვერჩინა, მაგრამ ვერ ვუშველეთ. უნივერსიტეტს ამთავრებდა, ეს ტრაგედია რომ დაგვატყდა თავს, სადიპლომოზე მუშაობდა.

ერთადერთი შვილი დავკარგეთ. ორივე განადგურებული ვიყავით. მესამე წელი იყო შვილის გარდაცვალებიდან, მოულოდნელად ჩვენს სახლთან ჩვილი რომ დასვეს, თორემ ბავშვის აყვანას არც ვფიქრობდით. ასე ავიყვანეთ ორი თვის ირმა და გავზარდეთ. ჩვენი გარდაცვლილი შვილის სახელი დავარქვით, თავს ვევლებოდით. მის მშობლებზე არაფერი ვიცოდი. მეუღლე ამბობდა, ვიცი, ვინც იყვნენო. წერილიც დატოვეს, მაგრამ მე არც ის წერილი წამიკითხავს არასოდეს. ვიშვილეთ და მზრუნველობა არ დაგვიკლია. ფიზიკურადაც ძალიან ჰგავდა ჩვენს გარდაცვლილ შვილს, განსაკუთრებით - ბავშვობაში.

სურათები რომ ნახოთ, საოცარი მსგავსებაა - თმის ფერით, სახით, სიმაღლით... მხოლოდ საქციელით არ ჰგავდა. ირმა წუხდა, რომ მას ვადარებდით - დედას სულ ისეთი უნდა რომ ვიყო და მისი სახელი ახსენოსო. ეგოისტური დამოკიდებულება ჰქონდა, თორემ ჩემს ცოლს ერთადერთი მიზანი ჰქონდა - კარგი ადამიანი გაზრდილიყო. 18 წელი ვზრდიდით, ახლა მარტო დავრჩი, არავინ მყავს. მინდა გამოვიდეს ციხიდან. იქნებ ჭკუაზე მოვიდეს და იცხოვროს ნორმალურად. ადვოკატიც იმიტომ ავუყვანე, რომ მეცოდებოდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამას გააკეთებდა! დღესაც ვერ ვიჯერებ, ეს როგორ ჩაიდინა.

ციხეში იშვიათად შევდივარ მის სანახავად, თან პანდემიის გამო აკრძალული იყო შესვლა. თვითონ ხშირად მირეკავს... ძალიან რთული პიროვნებაა. ამბობს, იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინაო. ვუთხარი, რატომ არ მითხარი, თუ პრობლემები გქონდათ-მეთქი? ბოლო დროს ხშირად მივლინებებში მიწევდა ყოფნა. არ ვიცოდი, კონფლიქტი თუ იყო დედა-შვილს შორის და მით უმეტეს ამას ვინ წარმოიდგენდა?! ჩემს მეუღლეს ასეთი წესი ჰქონდა: ეტყოდა, ეს არ გააკეთოო და სულ სწავლაზე იყო ორიენტირებული. ბოლოს ძალიან შეიცვალა, დედა შეიძულა, მეც აღარ მიჯერებდა. ჩემი მეუღლე პედაგოგი იყო. პენსიაზე გავიდა, სახლში დაჯდა და სულ ირმაზე ზრუნავდა. ტანსაცმელზე ჰქონდათ კონფლიქტი - ეტყოდა, ეს არ ჩაიცვაო, მაგრამ ამას არ ვაქცევდი ყურადღებას, საგანგაშოს ვერაფერს ვამჩნევდი. ჩემი მეუღლე ფიზიკურად არასოდეს შეხებია, პირიქით, ირმა უყვიროდა დედამისს და სულ ვეუბნებოდი, დედას ნუ უყვირი-მეთქი. ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მე რომ ჩამოვიდოდი მივლინებიდან, დამიჯდებოდა და მელაპარაკებოდა - ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებო, მაგრამ ნახევარზე მეტი ტყუილი იყო. თურმე სხვა განზრახვა ჰქონია. სკოლის ატესტატიც კი არ აიღო, რადგან ბოლო გამოცდაზე არ მივიდა, არადა, ნიჭიერი იყო... მერე გადაეკიდა იმ ბიჭს და რაღაც სექტის წევრი გახდა...

- რომელი სექტის წევრი იყო? - ამდენი წლის მერეც ვერ გამოვიტანე აზრი, რა სექტა იყო. მხოლოდ ერთს ამბობდა - ჩვენ სხვა შეხედულებები გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზეო და ლაპარაკობდა ზებუნებრივ რაღაცებზე...

იმ დღეს სამსახურში ვიყავი. დღისით დავურეკე მეუღლეს და მოვიკითხე - ოპერაცია გავუკეთეთ და სუსტად იყო. პურს წამოვიღებ-მეთქი. წამოსვლის წინ დამირეკეო... სამსახურიდან რომ გამოვედი, ვურეკავდი, მაგრამ არ მიპასუხა. სახლში მოსულს ბინაში ყველაფერი დალაგებული დამხვდა. კარი ღია იყო. გამიკვირდა. მეუღლეს არ უყვარდა მეზობლებში სიარული და ვიფიქრე, სადმე თუ გავიდოდა, კარს მაინც ხომ დაკეტავდა-მეთქი. მივხვდი, რაღაც მოხდა. იმავე საღამოს განვაცხადე პოლიციაში, მეუღლეს ვერსად ვპოულობ-მეთქი. ირმა ამბობდა, არაფერი ვიციო... ირმა იმ ღამეს სახლში არ მოსულა, მეგობართან დავრჩებიო. მეორე დღეს ვნახე და არანაირი აღელვება არ შემიმჩნევია, მშვიდად იყო. ვუთხარი კიდეც, დედაშენი დაიკარგა და რეაქცია რატომ არ გაქვს, დამეხმარე, ყველგან მოვძებნოთ, მიდექ-მოდექი, იქნებ რამე გაიგო-მეთქი. აბა, მე რა ვიცი, იქნებ სკლეროზი დაემართა, სახლიდან გავიდა და წავიდაო - თხზავდა სხვადასხვა ამბავს. მეორე და მესამე დღეს სახლში იყო, მერე მითხრა, მეგობრებთან წავალ, არ შემიძლია აქ ყოფნაო. პოლიციაში რამდენჯერმე დამკითხეს, ირმაც გამოიძახეს. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვნახეთ... რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ მითხრა, შენი ცოლი მოკლულია და შენ გადარჩენილი ხარ, რომ არ მოგკლესო. დეტალების მოსმენის შემდეგ თავზარდაცემული ვიყავი! ამას ვერ დავუშვებდი! სახლში სისხლის კვალი არ იყო, საეჭვო არაფერი შემინიშნავს. ეტყობა, სახლში გათიშეს და წაიყვანეს, მერე დაანაწევრეს ცხედარი. სახლში დიდი ჩანთა მქონდა და იმით წაუღიათ. ირმას მიულაგებია სახლში ყველაფერი, რომ ვერ მივმხვდარიყავი, რა მოხდა. მერე თვითონაც წასულა.

ვიცოდი, მეგობრები რომ ჰყავდა სექტის წევრები. ამ ამბის მერე მისი ტანსაცმელი რომ ვნახე, მივხვდი, ესეც იყო მათთან გარეული. ტანსაცმელი რაღაცნაირად იყო დახატული. არ ვიცი, ამას რა დავარქვა.

- რას ფიქრობთ, რატომ მოკლა დედა? - მიზეზი არ უთქვამს, იმეორებდა, გამეჭედაო... დედა როგორ მოკალი, არაფერს გაკლებდა-მეთქი! ირმა პატარა რომ იყო, ყოველდღე სამი საათით ეზოში გაყავდა და სულ ხელში ეჭირა. არც კი ჯდებოდა... ასე გაზარდა...

ახლა ზის ციხეში და მისჯილი აქვს 20 წელი. ჩვენ ვინ გვყავდა ირმას მეტი! ყველა სურვილს ვუსრულებდით, რასაც იტყოდა, ყველაფერი ჰქონდა: კარგი მობილური, კარგი ჩასაცმელი... ამას ვინ წარმოიდგენდა!..

- თქვენი მეუღლე გარდაცვლილ შვილს რომ ადარებდა, ამიტომ ხომ არ გახდა ასეთი აგრესიული? - შეიძლება ცუდად მიიღო ეს ყველაფერი. იმ ბიჭს მოუყვა და იმან წააქეზა, სტიმული მისცა. გაიგო, რომ ჩვენ ცოტა შესაძლებლობა გვქონდა და იფიქრა, ახლა ორივე მშობელს მოვიცილებთო. მერე ირმას გააყიდვინებდა ბინას და ირმასაც ისე მოიცილებდა, მომკითხავი არავინ ეყოლებოდა... წელიწად-ნახევრის შემდეგ მივედი მასთან ციხეში. არ მივეცი უფლება, ჩამხუტებოდა, ბოლომდე მაინც ვერ ვაპატიე, უფრო მეცოდება და ამის გამო ვეხმარები. ხშირად მირეკავს ციხიდან. ვურიცხავ ფულს, ტელეფონზე რომ ილაპარაკოს. ყავა, სარეცხი, შამპუნი და რაღაცები მინდაო და ამისთვისაც ვუგზავნი ფულს. მეტი ვინ მყავს ან მე, ან - იმას. ვუთხარი, სანამ ცოცხალი ვარ, მოგივლი-მეთქი. ძალიან მეცოდება, ასე რომ დაიმახინჯა ცხოვრება.

- ცხედარი რომ დაანაწევრეს, მერე გულ-ღვიძლი მოხარშეს და შეჭამეს, ამაზე რა გითხრათ? - იქ არ ვყოფილვარო. რა თქმა უნდა, არ მჯერა... ხშირად ავდივარ მეუღლის საფლავზე. ის ჩემი შვილის გვერდით არის დაკრძალული. სულ მარტო დავრჩი 79 წლის კაცი და ძალიან განვიცდი, რაც მოხდა.