"ზურა მადლობელია ყველასი, ვინც გვერდში უდგას. ამბობს, არსად გამქცევი­ არა ვარ, მომეცით საშუალება თავისუფალი ვიყო და გამოძიებას დავეხმაროო..." - კვირის პალიტრა

"ზურა მადლობელია ყველასი, ვინც გვერდში უდგას. ამბობს, არსად გამქცევი­ არა ვარ, მომეცით საშუალება თავისუფალი ვიყო და გამოძიებას დავეხმაროო..."

სისხლიანი გარჩევა წინანდლის ტყეში

16 აგვისტოს მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შორის ბანალური მიზეზით დილით დაწყებული ჩხუბი საღამოს სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც 3 კაცის სიცოცხლე შეეწირა, 2 კი დაიჭრა. გამოძიების ცნობით, 27 წლის ნიკა კენჭოშვილმა ყოფილი დეპუტატისა და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიადი და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, რის შემდეგაც ზურაბ ზვიადაურმა კენჭოშვილს ესროლა... 18 აგვისტოს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურს ბრალი 108-ე მუხლით წარუდგინა და მას კენჭოშვილის განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ჯაბა ჯანგირაშვილი, რომელსაც ბრალად ედება იარაღის დაუდევრად შენახვა, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის ცეცხლსასროლი იარაღი ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური დაიღუპნენ, ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით ("სტეჩკინით"), სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი... ზურაბ ზვიადაური 19 აგვისტოს ძმასთან გამოსამშვიდობებლად ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს, თუმცა დაკრძალვას აღარ დაასწრეს... ადვოკატებმა პროცესზე ყოფილი ძიუდოისტისთვის გირაოს 50.000 ლარის ოდენობით შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს. ამასთან, ზვიადაურს თავდებად უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი, ასევე პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც ზვიადაურს საკუთარ სახლს სთავაზობდა, სადაც მისი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

აუცილებელი მოგერიება თუ განზრახ მკვლელობა?

ზვიადაურის ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაურიც და ბრალს არ აღიარებს: "თავს დამნაშავედ არ ვცნობ", - განაცხადა პროცესზე. ადვოკატებს მყარი არგუმენტებით მოუწევთ პროკურატურის დარწმუნება, რომ საქმე მართლაც აუცილებლობით მოგერიებასთან გვაქვს.

ტარიელ მურმანიშვილი, ადვოკატი: - ვფიქრობთ, ზურა გამართლდება. აუცილებელი მოგერიება ადამიანის ლეგიტიმური უფლებაა სიცოცხლისა და ახლობლის დასაცავად. მოწმეები მიუთითებენ, რომ ზვიადაურის მხარე შეუიარაღებელი იყო.

- როგორ იყო შეუიარაღებელი, როცა ამოღებულია ზვიადაურის "სტეჩკინი" და ჯანგირაშვილის ავტომატური იარაღი... და საერთოდ, რატომ ავიდნენ ტყეში საქმის გასარჩევად შეიარაღებული? - ზვიადაურს იარაღი ბუდეში ედო და ტანზე ჰქონდა ჩამოკიდებული, ზემოდან კი მაისური გადმოფარებული. როცა მოწინააღმდეგემ სროლა დაიწყო, მაშინ ამოიღო. მეორე იარაღი ჯანგირაშვილის იყო, რომელიც ცოცხალაშვილმა გაისროლა ჰაერში. ზურა იარაღს ყოველთვის თან ატარებს. ჯაბა ჯანგირაშვილი ამბობს, ავტომატური იარაღი რამდენიმე დღის ნაყიდი მქონდა, მანქანაში მედო, რადგან სასროლეთზე უნდა წავსულიყავი და გამესინჯა, როგორ გაისროდა, შემთხვევით მედო მანქანაშიო.

- პირველად ვინ გაისროლა? პროკურატურა ირწმუნება, რომ ცოცხალაშვილმა...

- მოწმეების ნაწილი ამბობს, რომ ცოცხალაშვილმა, ნაწილი, მეორე მხარემო. გამოძიება ამბობს, ცოცხალაშვილი ჰაერში გასაფრთხილებლად ისროდა და ყვიროდა, არავინ მოგვეკაროსო. იქ მყოფებიც ამბობენ, ჩვენი მოკვლა რომ ნდომოდა, გვესროდა, ჰაერში კი არ ისროდაო. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია, რომ ვინმეს მოკვლა სურდა და ამიტომ ისროდა.

- რატომ მივიდა იმ ზომამდე ნიკა კენჭოშვილი, რომ ოთხი კაცი დაეცხრილა? - საქმე ის არის, ზურა ზვიადაური თავიდან იქ არ ყოფილა, მოგვიანებით ავიდა ძმის გამოსარიდებლად. ის არც პირველ ჩხუბში ყოფილა. როგორც კი ზურა ტყეში ავიდა, ერთ წუთში დაიწყო სროლები. ზურა ამბობს, მანქანით რომ ავედი, 15-იოდე კაცი იყო შეჯგუფებული, ჩემი ძმა მეორე დაჯგუფებასთან იდგა, მივედი და ამ დროს ვიღაც გამოეყო იქითა მხრიდან და დაიძახა, დილით ვინც მონაწილეობდით ჩხუბში, ისინი გამოდით წინ, დანარჩენების სისხლი არ დაიღვაროსო. შეკრებილ მხარეებს შორის 15 მეტრი იყო, უცებ ერთმანეთს შეერივნენ, ატყდა ჩხუბი და დაიწყო სროლაო. ამ დროს ამოიღო ნიკა კენჭოშვილმა ავტომატი და დაიწყო სროლა.

- მეორე მხარე ამბობს, რომ კენჭოშვილს სანადირო თოფი ჰქონდა...

- არა, ამოღებულია სწორედ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რეგისტრირებული როგორც სანადირო. ცოცხალაშვილსაც იმავე ტიპის იარაღი ჰქონდა, "საიგა". ზვიადაურის მხრიდან დაჰკითხეს რამდენიმე კაცი, რომლებიც ამბობენ, რომ სროლა იქითა მხარემ დაიწყო. კიდევ ბევრი პირია დასაკითხი...

- კენჭოშვილის თანმხლები თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ცოცხალაშვილმა ჰაერში კი არ გაისროლა, კენჭოშვილი დაჭრა, სწორედ ამის შემდეგ ამოიღო მან ავტომანქანიდან იარაღი და დაიწყო სროლა... - არა, სიცრუეა. პირიქით, დამიზნებით კენჭოშვილმა დაიწყო სროლა და 4 კაცი დაჭრა. მან ზურასაც ესროლა და მის უკან მდგარი ზვიადი დაიჭრა. ის კიდევ აგრძელებდა სროლას და რომ არა ზურა, რამდენს მოკლავდა, ვინ იცის...

- პროკურატურა იმიტომ არ იზიარებს აუცილებლობით მოგერიებას, რომ კენჭოშვილს დაზიანებები როგორც წინა მხარეს, ასევე ზურგშიც აქვს... - როდესაც ზურამ კენჭოშვილს ხელი წაავლო და მის გაკავებას ცდილობდა, ის მაინც აგრძელებდა სროლას. ამიტომაც ესროლა მას. ზურაბმა წინიდან რომ ესროლა, შემდეგ ის დატრიალდა და გასხლტომას აპირებდა. ზურა ამბობს, რომ უკანა მხრიდან მოექცა, კენჭოშვილი კი ცდილობდა, ავტომატიანი ხელი მისკენ მიემართა და ზურასთვის ესროლა. სწორედ ამ დროს ზურა იძულებული შეიქნა კენჭოშვილი გაენეიტრალებინა. კენჭოშვილი ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. წარმოიდგინეთ, მან 12 ტყვია დაახალა ცოცხალაშვილს, 4 ზვიად ზვიადაურს, დანარჩენი 2 პირი ფეხში დაჭრა. გამოდის, 18 ტყვია გაისროლა, მჭიდში კი 30 ტყვია ჩადის, მანქანიდანაც 30 ტყვია ამოიღეს...

- თავად კენჭოშვილს რამდენი ტყვია აქვს მოხვედრილი? - ჯერ ექსპერტიზა არ დასრულებულა. პროკურატურა ამბობს, ზურგშია დაჭრილიო, სიცრუეა. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის დადგენილი ფაქტი. კენჭოშვილს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, მაგრამ ექსპერტიზას არ დაუდგენია, საიდან, შემავალია, გამავალი თუ სხვა.

- მართლა ყოფით ნიადაგზე დაიწყო მუშებს შორის ჩხუბი თუ იყო სხვა მიზეზიც? - ალიზის არევის გამო დაიწყო ჩხუბი. კენჭოშვილის მხარემ გალახა ჯანგირაშვილი და მაისურაძე (ის დაჭრილია). შემდეგ ჯანგირაშვილმა დაურეკა ზვიად ზვიადაურს, მცემესო, და ამიტომ მოხვდა იქ ზვიადი, ზურა კი ძმის წამოსაყვანად მივიდა, რამე უბედურება არ მოხდესო.

- კლინიკაში ვინ წაიყვანა დაჭრილები? - ზურამ თავისი ძმა წაიყვანა, ცოცხალაშვილი სხვა მანქანით წაიყვანეს, კენჭოშვილი კი მისმა ბიძაშვილებმა. სამ დაჭრილ და თითქმის გარდაცვლილ კაცს ზურა ერთ მანქანაში როგორ ჩააწვენდა და წაიყვანდა?

- სპორტსმენების თავდებობაზე რა მოტივით თქვა უარი მოსამართლემ? - როგორც მოსამართლემ თქვა, თავდებად მდგომებმა ვერ დაასაბუთეს, როგორ უნდა გააკონტროლონ ზვიადაურის ქცევა. მისი მეგობრები ამბობენ, ჩვენს სახლში ვაცხოვრებთ, მეთვალყურეობის ქვეშ გვეყოლებაო და მეტი როგორღა უნდა გააკონტროლონ? ეს არის დაუსაბუთებლობა? მოსამართლე ტენდენციური იყო. ზურა თანახმაა თავდებობაზე და ამბობს, დანაშაული არ ჩამიდენიაო. კანონით, დაკავებულიც არ უნდა იყოს და გამოძიებაც დაინტერესებული უნდა იყოს სიმართლის დადგენით. ზვიადაური მადლობელია ყველასი, ვინც გვერდში უდგას. ამბობს, არსად გამქცევი არა ვარ, მომეცით საშუალება თავისუფალი ვიყო და გამოძიებას დავეხმაროო. ჩვენ გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და გამოძიება უნდა ვაიძულოთ, რომ უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდეს.

"ზვიადაურით ვამაყობდით"

27 წლის ნიკა კენჭოშვილი ჭიათურის რაიონის სოფელ თაბაგრებიდან იყო. ის და მისი ბიძაშვილები წინანდალში, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ვილების მშენებლობაზე მუშაობდნენ. ნიკას მშობლები კატეგორიულად უარყოფენ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კენჭოშვილს ბიზნესი ჰქონდა და ძმებ ზვიადაურებთან სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გამო მოხდა. როგორც ნიკას მშობლები ამბობენ, მათი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, მათ მხოლოდ გარდაცვლილი ვაჟის სახელის დაცვა სურთ.

ნიკას მამა კახა კენჭოშვილი ტელეინტერვიუში ჰყვება: "ფიცარზე მოზელილი ალიზის გამო დაიწყო ჩხუბი. ამაზე რატომ მოზილეთ, ჩვენიაო. იქ ჩემს ბიჭს ფირმის წარმომადგენელი, ვატო ახლდა. ის იყო ერთ-ერთი, რომელსაც დაარტყეს. ნიკა შემდეგ ჩაერთო. ჩემმა შვილმაც დაცვის მიზნით გამოიყენა იარაღი, რომელიც განვადებით მე თვითონ ვაყიდვინე. ზვიადაური თავიდანვე იქ იყო, სანამ სროლა დაიწყებოდა... ჩემი შვილი მშრომელი, პატიოსანი, ვაჟკაცი კაცი იყო. ხმა დაყარეს, ბიზნესწილიო, რის ბიზნესწილი... მე ზვიადაურით ამდენ ხანს ვამაყობდი. არ ვიცი, ალბათ, ისიც ისე მოიქცა, როგორც ჩათვალა საჭიროდ... მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო, ვხვდები, იქაც რა ხდება..."

"იმათი დედებიც ძალიან მეცოდება... წარმომიდგენია, რა დღეში არიან"

ნანი გოგბერაშვილი, ნიკას დედა: "რა ბიზნესი, რის კრიმინალი... ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში. იმათი დედებიც ძალიან მეცოდება... წარმომიდგენია, რა დღეში არიან, მაგრამ 27 წლის ბიჭთან რატომ მივიდნენ ამხელა კაცები ასეთი საშინელებებით?!"