"ვრცელდება ვერსია, რომ ისინი მრავალსართულიან შენობაზე შეტევას, ტერაქტს, თბილისში ან ბათუმში აპირებდნენ" - კვირის პალიტრა

"ვრცელდება ვერსია, რომ ისინი მრავალსართულიან შენობაზე შეტევას, ტერაქტს, თბილისში ან ბათუმში აპირებდნენ"

24 აგვისტოს გამთენიისას პანკისის ხეობაში, კერძოდ, სოფელ დუისსა და ქორეთში, ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააკავეს 5 პირი: იუსუფ ცათიაშვილი, მუჰმად მაჩალიკაშვილი, ჰამზათ ბაღაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და რამაზ ქავთარაშვილი. იუსუფ ცათიაშვილს ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებაში დახმარება, ხოლო დანარჩენ ოთხს "ისლამური სახელმწიფოს" წევრობა. სუს-ი ამ განცხადებით პრაქტიკულად ადასტურებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" "საქართველოს საამირო" და პანკისის ჯამაათი"ისევ აქტიურია. როგორც ირკვევა, საქმის მასალებში დანაშაულის დამადასტურებელი აუდიო-ვიდეო და ფოტომასალები დევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დაკავებულ ოთხ პირზე საქმე აღძრა სს კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ტერორისტული მოძრაობის წევრობას და სასჯელის ზომად 10-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მეხუთე დაკავებულს, იუსუფ ცათიაშვილს, ბრალდება სსკ-ს 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება) წარუდგინეს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ხუთივე დაკავებული სირიაში ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდა. მათ "ისლამური სახელმწიფოს" ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი - ბაიათი და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან", - განაცხადა კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელმა. სუს-ის განცხადებით, "ჯგუფის ლიდერი დაუფარავად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი და საქართველოს ამირი" (საუბარია იუსუფ ცათიაშვილზე, რომელიც ასაკით დაკავებულებს შორის ყველაზე დიდია).

სუს-ის გამოქვეყნებულ მტკიცებულებებში ლაპარაკია საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებაზე, თურქეთიდან სირიის ქალაქ იდლიბში გადასვლასა და საომარ მოქმედებებში ჩართვაზე. ჩანაწერში მკაფიოდ ისმის და აშკარად ჩანს, როგორ მიმართავენ დაკავებულები "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერს აბუ ალ ჰაშიმის და ჯიჰადში მონაწილეობის პირობას აძლევენ.

მამუკა არეშიძე, კავკასიის საკითხების ექსპერტი: - არავისთვის უცხო არ არის, რომ არა მარტო პანკისის ხეობაში, საქართველოში 5-6 ადგილას არსებობს სალაფიტური (ფუნდამენტური ისლამის მიმდევრების) თემი, რომელიც განსხვავდება ტრადიციული ისლამისგან. ერთია სალაფიტი, რომელიც ისლამის ძალიან მკაცრი კანონებით ცხოვრობს, ხოლო მეორე - რადიკალური ისლამის პოლიტიკური ფრთის მიმდევრები, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურ ისლამს ვუწოდებთ. პანკისის ხეობაში დაახლოებით 100 კაცამდეა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ამ მიმდინარეობის მომხრენი არიან, ვგულისხმობ სალაფიტებს. მათ აქვთ თავიანთი მეჩეთი, ტრადიციონალისტებს კი თავიანთი.

ამ სალაფიტურ თემში არიან პირები, ვინც უკვე რადიკალური პოლიტიკური ისლამის მიმდევრები გახდნენ. მათი ზოგიერთი ლიდერი კარგა ხანია ციხეში ზის სწორედ იმის გამო, რომ კავშირი ჰქონდათ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებთან. ზოგიერთი მათგანი ახალგაზრდებს იბირებდა სირიაში გასაგზავნად, მაგალითად, აიუფ ბორჩაშვილი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ომებში 20-25 პანკისელია დაღუპული.

სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის ეს პრობლემა და გაჩნდება კითხვა, თუ იცოდა, აქამდე რატომ არ დააკავესო? ჩვენ ვცდილობთ ვიცხოვროთ დასავლურ სამართლებრივ სივრცეში და როცა არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დაცვის პრინციპები, ძალიან რთულია სამართლებრივი შეფასება მიეცეს ასეთი ტიპის ორგანიზაციების ქმედებას, თუ მათ კონკრეტული დანაშაული არ ჩაიდინეს.

ეს თემა სულ აქტუალური იყო. მაგალითად, "ნაცმოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი რომ უნდა შესულიყო, იქ დავინახე 10-12 ამ იდეოლოგიის მატარებელი პირი. მივიდნენ "რიონის ხეობის დამცველებთანაც", მაგრამ იქ კონფლიქტი მოხდა და ისინი არ დაუშვეს. ასე რომ, ეს თემა აქა-იქ გაკრთებოდა ხოლმე და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ საქართველოში, პანკისიდან აჭარამდე, ასეთი ჯგუფები არსებობენ. სანამ მათ არ გადადგეს კონკრეტული დანაშაულებრივი ნაბიჯი, მანამდე სახელმწიფოს რეაგირება არ მოუხდენია და სწორიც არის.

- როგორ ფიქრობთ, დაკავებულებს დაუმტკიცდებათ დანაშაული და დაჭერების სერია გაგრძელდება, თუ მხოლოდ ამ ხუთის დაკავებით დასრულდება ე.წ. ტერორიზმის საქმე? - რასაკვირველია, შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს, ვინაიდან ბევრ ახალგაზრდას ტვინი აქვს არეული და ორიენტირებულია ფუნდამენტურ იდეოლოგიაზე. აქ მთავარია რელიგიისთვის იარაღით ხელში ბრძოლა. პოლიტიკური ისლამის მიმდევრების ამოცანაა მთელი მსოფლიოს ისლამურ სახელმწიფოდ გადაქცევა. აქედან გამომდინარე, ისინი იარაღითა და იდეოლოგიით ცდილობენ ამ მიზნის მიღწევას. ისინი, ვინც მათ რიგებში გაწევრდებიან და იარაღით ხელში იბრძოლებენ, სახიფათონი ხდებიან - პოტენციური ტერორისტები არიან, მათთვის მიუღებელია სხვა რელიგიისა და სხვა ჯგუფების წარმომადგენელი, მათ შორის საკუთარი ეთნოსიდანაც.

- სუს-ის გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მრავალსართულიანი კორპუსის აფეთქებაზეა საუბარი. გამოძიებას დასადგენი აქვს, ბრალდებულები სად აპირებდნენ ტერაქტის მოწყობას, საქართველოში თუ უცხო ქვეყანაში... - ვრცელდება ვერსია და სხვათა შორის, ამაზე ხეობაშიც ლაპარაკობენ, რომ ისინი მრავალსართულიან შენობაზე შეტევას, ტერაქტს, თბილისში ან ბათუმში აპირებდნენ. მე მეჩვენება, რომ ეს მათი პირადი ინიციატივაა და არა ვინმეს დაკვეთა. მიუხედავად ამ მოძრაობასა და პოლიტიკური ისლამის მიმდევართა ჯგუფებზე ხანგრძლივი დაკვირვებისა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მათ დაეგეგმათ ტერაქტი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველო ყოველთვის იყო ტერორისტების ერთგვარი სატრანზიტო ტერიტორია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო კავკასიას, უფრო კონკრეტულად, რუსეთს შორის. წესისამებრ, სადაც სატრანზიტო კორიდორია, იქ არ უნდა მოხდეს ტერაქტი, რათა გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს. გარდა ამისა, თავის დროზე არსებობდა თარხან ბათირაშვილის ფაქტორი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი ექსცესის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მე მგონია, რომ დაგეგმილი ტერაქტი დაკავებულთა პირადი ინიციატივა იყო და არა დაკვეთა, რათა უცხოელი პარტნიორების თვალში თავიანთი არსებობა გაემართლებინათ. არ მჯერა, რომ ტერაქტს აპირებდნენ, ვფიქრობ, მხოლოდ ლაპარაკის დონეზე იყო ყველაფერი.

- რას იტყვით იუსუფ ცათიაშვილზე, გარდა იმისა, რომ როგორც ამბობენ, აიუფ ბორჩაშვილის მარჯვენა ხელი იყო და ახალგაზრდებს "ისლამურ სახელმწიფოში" აწევრებდა? - ჩემი ინფორმაციით, ცათიაშვილი არავის დაუნიშნავს საქართველოს ან არც პანკისის ხეობის ამირად. არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ დაირქვა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდების რეკრუტირების საქმეში აქტიური ნამდვილად იყო, ოღონდ არა სირიაში გაგზავნის საქმეში, არამედ ამ იდეოლოგიის პოპულარიზაციაში, რასაც პოლიტიკური ისლამი ჰქვია. რომ გითხრათ, რაღაცით დიდად გამოირჩეოდა პანკისის ხეობელებისგან-მეთქი, ტყუილი იქნება. იქ ბევრია ტრადიციული ისლამის მიმდევარი, რომელთათვისაც მიუღებელია ფუნდამენტალიზმის ეს ფორმა.

თავის დროზე საქართველოდან სირიასა და ერაყში საომრად 200 კაცამდე წავიდა და "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა. იმ 200 კაცში არა მარტო ქისტები, ქართველები და აზერბაიჯანელებიც იყვნენ. ბევრი მათგანი საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ გაიპარა აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში. ვინც პოლიტიკური ისლამის მოძრაობას არ ჩამოშორდა, პანკისის ახალგაზრდები მათთან კავშირზე გადიან, ისინი კი ცდილობენ თავიანთი არსებობა გაამართლონ. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქართულ ენაზე არსებობს უამრავი ფუნდამენტური საიტი, მათ შორის არის "ფეისბუკიც" და ახალგაზრდები კითხულობენ ინფორმაციას მათ შესახებ, მათ შორის ყურანის დამახინჯებულ ვერსიას...

კავკასიაში არსებობს სუნიტური და შიიტური ისლამი. სუნიტურის ძირითადი მიმართულებაა სუფიური ისლამი, რასაც ჩვენ ტრადიციულ ისლამს ვუწოდებთ. ის შემწყნარებლური, ისლამის ყველაზე ტოლერანტული ფორმაა. აქედან გამომდინარე, როდესაც ცდილობ საზოგადოებაში შემოხვიდე შენი რელიგიური იდეოლოგიით და შეცვალო არსებობის ის წესი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, უკვე ხელს უშლი ამ საზოგადოების ცხოვრებას. ამასთან, პოლიტიკური ისლამის მიმდევართა საყრდენია ყურანის ზოგიერთი ისეთი ჰადისი, რომელიც მათ აწყობთ, თუნდაც ისლამის მსოფლიო ბატონობა. ჩვენ ამ ხალხს ხან ვაჰაბიტებს ვეძახით, ხან სალაფიტებს, მაგრამ საბოლოოდ ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერ რელიგიურ მიმდინარეობაში იყოს ჩართული...

კავკასიური ისლამი ტრადიციებზე დგას. მასში ადათი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგიერთი ისლამური კანონი, მაგალითად, შარიათი. პანკისის ხეობაში შარიათი არ მუშაობს, მაგრამ ასამდე ახალგაზრდისთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა.

- რა განაპირობებს პანკისში რადიკალური განწყობის არსებობას და რატომ არის რთული ამ იდეოლოგიის აღმოფხვრა? - სახელმწიფო იდეოლოგიის არარსებობის გამო. ეს არის მთავარი. როდესაც პრიორიტეტს ანიჭებ ისეთ ფასეულობებს, რაც შენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ისე მოხდება, როგორც დასავლეთში. იქ ისე მიდის საქმე, მაგალითად, გადამდგარი ფრანგი სამხედროები იძულებული არიან საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართონ წერილობით, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას. ჩვენ ჯერ ამ კრიზისამდე არ მივსულვართ, მაგრამ შეიძლება მომავალში მივიდეთ სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანაში არა გვაქვს იდეოლოგია. არ ვიცით, რა პრინციპით ცხოვრობს ქვეყანა, რა განსაკუთრებული ფასეულობები აქვს. არ არის გარკვეული, საქართველო საით მიდის, რა უნდა საბოლოოდ, როგორი სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს... მხოლოდ ცარიელი სიტყვებია - თავისუფალი, დემოკრატიული და ა.შ. რა ძევს სიტყვებში "თავისუფლება", "დემოკრატია", "ტრადიციული ფასეულობები", არ არის ახსნილი. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოს მომავალი არა აქვს. ყველა სახელმწიფოს, რომლებიც იდეოლოგიისგან დაცლილი არიან, წინაპართა დანატოვარზე მყარად არ დგანან და მძიმე ხვედრი ელით.

"ისლამური სახელმწიფო"

2012-2019 წლებში სირია-ერაყის ტერიტორიაზე, "ისლამური სახელმწიფოს" ზეობისა და დაცემის პერიოდში, ამ ტერორისტულ ორგანიზაციაში რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე იბრძოდა. არაოფიციალური ცნობით, 40-მდე კაცი დაიღუპა და უმრავლესობა სწორედ პანკისის ხეობის მკვიდრი იყო. ასევე იყვნენ აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის მუსლიმანი თემის წარმომადგენლები.

სულ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში 30 ათასზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იბრძოდა. საქართველოს მოქალაქეებიდან ყველაზე ცნობილი "ისლამური სახელმწიფოს" "ომის მინისტრი" პანკისის მკვიდრი, ბირკიანელი ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი იყო, რომელიც 2016 წელს ერაყის ქალაქ შირქათთან მოკლეს.

აშშ-მა და ახლო აღმოსავლეთში მისმა პარტნიორებმა რამდენიმეწლიანი სამხედრო ოპერაციის შემდგომ "ისლამური სახელმწიფო" რამდენჯერმე გამოაცხადეს განადგურებულად, მათ შორის ბოლოს 2019 წლის ოქტომბერში, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ.

ვინ არის აიუფ ბორჩაშვილი

იუსუფ ცათიაშვილი (მაჩალიკაშვილი), რომელიც დაკავებული ჯგუფის ხელმძღვანელად მოიაზრება, "ისლამური სახელმწიფოს" აქტიური მხარდამჭერი და წარსულში ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდადებული ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის მარჯვენა ხელი იყო. ბორჩაშვილს სირიაში ახალგაზრდების რეკრუტირება დასდეს ბრალად. მისი დაკავების შემდეგ იუსუფ ცათიაშვილი ჯამაათის ხელმძღვანელად დაინიშნა. 36 წლის ჯოყოლოელი აიუფ ბორჩაშვილი, რომელიც თავს "ისლამური სახელმწიფოს""პანკისის ჯამაათის იმამს უწოდებდა, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2015 წლის 14 ივნისს დააკავეს. დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი იყო საქართველოში. ის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრების მიზნით მოქალაქეებს იბირებდა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. 2016 წლის 7 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.