"კალაშოვმა თავის საყვარელ ხერხს მიმართა და "ცივი ომი" გამოუცხადა სოხუმური კლანის ლიდერს" - "კრიმინალური ავტორიტეტების" ბრძოლა პირველობისთვის - კვირის პალიტრა

"კალაშოვმა თავის საყვარელ ხერხს მიმართა და "ცივი ომი" გამოუცხადა სოხუმური კლანის ლიდერს" - "კრიმინალური ავტორიტეტების" ბრძოლა პირველობისთვის

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, "კრიმინალური სამყაროს" იერარქიის მთავარი ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლა ისევ განახლდა.

ამჯერად პირველობისთვის ორი კრიმინალურია ავტორიტეტი - 68 წლის შაქრო კალაშოვი, იგივე "შაქრო მალადოი" და სოხუმური კლანის ხელმძღვანელი მერაბ ჯანგველაძე იბრძვიან. როგორც ცნობილია, "კრიმინალურ სამყაროში" ჯანგველაძის კლანი დღეისთვის ყველაზე დიდი და ძლიერია. კალაშოვმა, რომელიც "გენერალსიმუსის" სახელითაა ცნობილი, სოხუმური კლანის რამდენიმე წარმომადგენლის გადმობირება შეძლო. ამბობენ, რომ "კრიმინალურმა ავტორიტეტებმა" ამ საქციელით კლანის მეთაური განარისხეს.

ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთში ქურდული კლანების ძირითადი შემოსავალი პატიმრების "შემოწირულობებია". რაც უფრო მეტ შემოწირულობას იღებს კლანი, მით უფრო ძლიერია. შესაბამისად, გავლენის არეალიც იზრდება. რაც უფრო ძლიერი და ავტორიტეტული ლიდერი ჰყავს კლანს, მით უფრო კარგად და ფუფუნებაში ცხოვრობენ დაჯგუფების წევრებიც.

როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, "დედ ჰასანის" მკვლელობისა და კალაშოვის ციხეში მოხვედრის შემდეგ, ჯანგველაძემ ჩათვალა, რომ პირველობას არავინ შეეცილებოდა და, შესაბამისად, "კრიმინალურ სამყაროში" კონკურენტიც არ ჰყავდა. მან კალაშოვს მიახვედრა, რომ მისი დრო უკვე წავიდა და ახლა მთავარი პიროვნება თავადაა. როგორც ამბობენ, ეს ვითარება კალაშოვში ბოღმასა და ბრაზს უფრო ამძაფრებდა, თუმცა საპყრობილეში მყოფს არ ჰქონდა საშუალება, ღიად დაპირისპირებოდა ჯანგველაძეს. კალაშოვმა მის საყვარელ ხერხს მიმართა და "ცივი ომი" გამოუცხადა სოხუმური კლანის ლიდერს. ის მესამე პირების საშუალებით ცდილობდა ჯანგველაძის გავლენის შესუსტებას და მისი კლანის წევრების გადმობირებას.

მაშინ, როცა ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტები" ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეში ხეტიალობენ და საეჭვო შემოსავლებით საზრდოობენ, ამ პერიოდში რუსეთში არსებული კრიმინალური სამყაროს წევრები და სასჯელაღსრულების დაწესებულებები, კალაშოვის გავლენის ქვეშ მოექცა. სანამ კალაშოვი ციხეშია, ამ ყველაფერს მისი "მარჯვენა ხელი", ქართველი "კანონიერი ქურდი" ბადრი კოღუაშვილი ხელმძღვანელობს. ამბობენ, რომ სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად შეუერთდა კალაშოვის კლანს რამდენიმე "კრიმინალური ავტორიტეტი": რამაზ ძნელაძე, მერაბ ჭეიშვილი, იგივე "ჟორჟიკიჩი" და ამირან სოფრომაძე.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯანგველაძის კლანს კიდევ ერთი "კანონიერი ქურდი", ბათუმელი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" ჩამოშორდა. ამბობენ, რომ გორაძის გავლენებმა და ფინანსურმა სიძლიერემ სოხუმელთა კლანის წევრებში, მათ შორის - მისი თაობის წარმომადგენლებში შურიც კი გამოიწვია და სწორედ ამიტომ, ჯანგველაძის "ფრთის ქვეშ" ყოფნა, "ლავასოღლისთვის" არაკომფორტული აღმოჩნდა. (წყარო)

მოამზადა ნიკა გულუამ