"არ ჰქონია მიწა მამაჩემს, არასოდეს არ ჰქონია!" - კვირის პალიტრა

"არ ჰქონია მიწა მამაჩემს, არასოდეს არ ჰქონია!"

"ვიხვეწები, თუ ჯარიმას არ ჩამომაწერთ, მიწა მაინც გვაჩვენეთ და გადავიხდი დავალიანებას-მეთქი, მაგრამ რაც არ არსებობს, რა უნდა მაჩვენონ?"

ამბავი, რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, ვერანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ეტევა, მაგრამ ის ჩვენი რეალობაა.

სერგო მაისურაძე: "რამდენიმე წლის წინ, ჩემდა საუბედუროდ შპს ჩამოვაყალიბე, რომელსაც ფაქტობრივად, არ უმუშავია. 2007 წელს 80 წელი შემისრულდა. რადგან შპს-ც ვერ ავამუშავე, თანაც დავბერდი, მისი ლიკვიდაცია გადავწყვიტე და განცხადებით მივმართე რუსთავის საგადასახადო ინსპექციას. რადგან შპს საგადასახადოში რეგისტრირებული არ ყოფილა, სარეგისტრაციო მოწმობა მომთხოვეს. მითხრეს, მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ მოხერხდება მისი ლიკვიდაციაო.

როდესაც რეგისტრაციის მოწმობა ავიღე, შემატყობინეს, რომ თურმე ბიუჯეტის 5.000 ლარი (არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი) მმართებს. საგადასახადოში მაჩვენეს მიწის მართვის დეპარტამენტიდან მოწოდებული სია, რომლის მიხედვითაც უზარმაზარი ფართობის 18396 და 900 კვმ მიწის ნაკვეთების მფლობელი ვყოფილვარ. გადავირიე, ერთი ჰექტარი მიწაც კი არასოდეს მქონია. ბუნებრივია, ეს ვაცნობე საგადასახადო სამსახურს, მაგრამ მიპასუხეს, აგერ სიაში ხართ და ჩვენ რა ვქნათო(?!). იძულებული გავხდი, მიწის მართვის დეპარტამენტისთვის მიმეკითხა. დეპარტამენტი გაუქმებული დამხვდა, მისი სამართალმემკვიდრე ორგანიზაციაში კი განმიცხადეს, რომ საბუთები  აღარ აქვთ".

რომან მაისურაძე, სერგო მაისურაძის ვაჟი: "საქმეში მეც ჩავერთე და ამჯერად როგორც მამაჩემის წარმომადგენელმა, განცხადებით მივმართე საგადასახადო სამსახურს, შეეტყობინებინათ ჩვენთვის იმ მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, რომლებიც მამაჩემს ერიცხებოდა, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. პარალელურად მივმართეთ რუსთავის საჯარო რეესტრს, რის საფუძველზე ერიცხება "მაისურაძე და კომპანიას" (რომლის სამართალმემკვიდრეა შპს "ივერია") საგადასახადო სამსახურში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები".

რუსთავის საჯარო რეესტრის წერილში ნათქვამია, რომ "ქ. რუსთავის ტექბიუროს არქივში "მაისურაძე და კომპანიის" შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება".

რა თქმა უნდა, რეესტრიდან მოწერილი წერილითურთ ეს იმ დღესვე ვაცნობე საგადასახადო ინსპექციას. ვინაიდან არც ამ განცხადებაზე მაღირსეს პასუხი, პირადად მივაკითხეთ მე და მამაჩემმა და მოვითხოვეთ წინა განცხადებების პასუხები. განგვიმარტეს, პასუხი ფოსტით გამოვგზავნეთო, რაც სიცრუე აღმოჩნდა. დიდი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, მივიღეთ პასუხი წერილებზე, მაგრამ სრულიად არაადეკვატური შინაარსისა.

მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი საბუთით დავუმტკიცე რუსთავის საგადასახადოს, რომ მიწის ნაკვეთი არც მაქვს და არც არასდროს მქონია,

საგადასახადომ არარსებული მიწის რეალური მფლობელის მოძებნა ჩვენ მოგვთხოვა(?!).

2007 წლის 28 ნოემბერს განცხადებით ისევ მივმართე საგადასახადო ინსპექციას, დამხმარებოდა "ჩემი" მიწის ნაკვეთების მოძებნაში.

როცა ვეკითხებოდით, მისამართი მაინც მოგვეცით-მეთქი, გვპასუხობდნენ, მიწა ირიცხება ქალაქ რუსთავში, თბილისის ქუჩაზეო. ამ სრული აბსურდისაგან თავის დასაღწევად სულ ფეხით შემოვიარე რუსთავში თბილისის ქუჩა ჰექტრების ძებნაში, მაგრამ თავისუფალი მიწა ვერ აღმოვაჩინე. იქ სულ დასახლებული პუნქტია, კორპუსები დგას.

ისევ საგადასახადოს მივადექი, არ არსებობს ასეთი ნაკვეთი თბილისის ქუჩაზე-მეთქი, მაგრამ დოკუმენტებს არ ითვალისწინებენ და ჩემს სიტყვას რა ფასი ექნებოდა?

მიუხედავად ამისა, ჯიუტად განვაგრძე  "ნაკვეთების" ძებნა, მაგრამ რას იპოვი, რაც არ არსებობს. ვის აღარ მივმართე, მაგრამ ამდენი წერილისა და დოკუმენტის ფრიალის მიუხედავად, ერთი მარტივი რამ, რომ მიწა არა მაქვს, არც მქონია, საგადასახადოს ვერა და ვერ გავაგებინე! 2009 წელს რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს მივმართე.

საჩივარში დაწვრილებით აღვწერე ყველაფერი, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მივიღეთ პასუხი, უფრო სწორად, მორიგი "შედევრი", სადაც განმარტებულია ნარჩენი დავალიანების (რა ნარჩენ დავალიანებაზე მელაპარაკებოდნენ, როცა არანაირი დავალიანება არ მქონია, გაუგებარია) წარმოშობის საფუძველი.  (გთავაზობთ ამონარიდს ზემოხსენებული წერილიდან). მაისურაძის კითხვაზე, კონკრეტულად მიმითითეთ, სად მდებარეობს ჩემი ნაკვეთიო, საგადასახადო პასუხობს:

"შპს "ივერიას" იურიდიულ მისამართზე  მიწის გადასახადში არსებულ ნარჩენზე დაზღვეული საფოსტო გზავნილით გამოგეგზავნათ 2005 წლის 24 თებერვლის "საგადასახადო" მოთხოვნა (ძირითადი თანხა 17,6 ათ. ლარი და საურავი 32,6 ათ. ლარი), რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს ბინაზე არყოფნის მიზეზით, ხოლო 2005 წლის 21 ნოემბერს ჩაგბარდათ ამავე მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება საგადასახადო გირავნობის იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ".

რომან მაისურაძე: მწერენ უაზრო წერილებს ნარჩენ დავალიანებაზე, იპოთეკისა და გირავნობის უფლებებზე, არარსებულ შეტყობინებებსა და წერილების ჩაბარება-არჩაბარებაზე, არადა, არ ჰქონია მიწა მამაჩემს, არასოდეს არ ჰქონია! ნუთუ ასე ძნელია ამის გაგება?! დავდივარ საგადასახადოში, ვიხვეწები, თუ ჯარიმას არ ჩამომაწერთ, მიწა მაინც გვაჩვენეთ და გადავიხდი დავალიანებას-მეთქი, მაგრამ რაც არ არსებობს, რა უნდა მაჩვენონ?

მოკლედ, იძულებული გავხდი წერილი მიმეწერა შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის. ამდენი წვალების შემდეგ შემოსავლების სამსახურმა შარშან სექტემბერში გამოსცა ბრძანება და რუსთავის საგადასახადოს დაავალა, მოიკვლიეთ მასალები და თუ დარიცხვის საფუძველი არ არსებობს, კორექტირება გააკეთეთო.

თქვენ მიიღეთ რამე პასუხი? ისე მე არ მიმიღია! 5-6 თვეა დავდივარ, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაზე რა რეაგირება მოახდინეთ-მეთქი, მაგრამ ვერ ვეღირსე პასუხს. ვის არ მივაკითხე, მირჩევენ, ახლა ასე გააკეთე, ახლა ისე, ეს დაწერე, ის დაწერე, იმასთან მიდი, ამასთან მოდიო... ყველაფერი დაწერილი მაქვს უკვე და ყველგან ვარ ნამყოფი! ახლა იქნებ თქვენ მიშველოთ. იქნებ გამცენ პასუხი, სად მაქვს მიწა? თუ მაჩვენებენ,  გადავიხდი გადასახადს, თუ არა და, ჩამომაწერონ! გადასახადი იზრდება და იზრდება, უკვე 82 ათასი მაქვს გადასახდელი. ეს კი ხომ იცით რით შეიძლება დასრულდეს? ქონებას დაგვიყადაღებენ და გაგვიყიდიან.

- კი მაგრამ, საბოლოოდ რას გპასუხობენ?

- არაფერს, გადაიხადეთო. ბოლოს მამაჩემს უთხრეს, რა გინდა, ხომ არა გთხოვთ იმ ფულსო?! არადა, როგორ არ სთხოვენ, რუსთავის რეგიონული ცენტრიდან გამოგზავნილი შედარების აქტით უკვე 82 ათასი აქვს დარიცხული.  ვლანძღავ, ვთათხავ ამ ხალხს, მაგრამ შენც არ მომიკვდე! რუსთავის საგადასახადოში ერთადერთი კაცი ვნახე, ვინც მითხრა, მართალი ბრძანდებითო, დაავალა ვიღაცებს საქმის გარკვევა და ის კაცი მოხსნეს მაინცდამაინც(!).

ჩვენ დავუკავშირდით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც განგვიმარტა, რომ ეს საქმე წლებია მიმდინარეობს, მოხდა გაუგებრობა და ის სავარაუდოდ, მაისურაძეების სასარგებლოდ გადაწყდება. დაველოდოთ...