"საქართველოსთვის ჰეროინის მოხმარება შესაძლოა პანდემიად იქცეს" - კვირის პალიტრა

"საქართველოსთვის ჰეროინის მოხმარება შესაძლოა პანდემიად იქცეს"

"საგანგაშოა, რომ ნარკოტიკების მოხმარება უფრო ხშირია საზოგადოების ყველაზე შრომისუნარიან ნაწილში - 21-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში"

სულ ცოტა ხნის წინ შსს-მ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში 18 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ამასთან, კვირა არ გავა, ფონიჭალაში სპეცოპერაცია არ ჩატარდეს და სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ფაქტი არ გამოავლინონ...

საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით გვესაუბრება ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის, სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი, ნარკოვითარებისა და დემოგრაფიული პრობლემების კვლევისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ ჯანაშია.

- საქართველოში ნარკოსიტუაციას ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც ამძაფრებს, რაც აზიიდან ევროპისკენ ნარკოტიკების ტრანზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დერეფნად აქცევს. საქართველო მოგვევლინა იმ მარშრუტების უშუალო დამაკავშირებლად, რომელთა მეშვეობითაც ნარკოტიკები (ჰეროინი) ავღანეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიედინება (უკანასკნელ პერიოდში უკრაინის პორტ ილიჩევსკში აღმოჩენილია ჰეროინის განსაკუთრებით დიდი ოდენობა, რომელმაც საქართველოზე გაიარა). ამ ნარკოტიკების ნაწილი საქართველოში რჩება და ხელს უწყობს მოხმარების ზრდას ქვეყანაში. უკანასკნელ წლებში მკვეთრად გაიზარდა სინთეზური ნარკოტიკების ევროპიდან შემოტანაც. ამ მხრივ აღსანიშნავია MDMA (ექსტაზი) და განსაკუთრებით "სუბუტექსი". 2016 წელს საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონისა" და საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" კვლევების მიხედვით, საქართველოში ინიექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა 52 500 კაცს შეადგენდა. თუმცა ზუსტი პარამეტრების დადგენა შეუძლებელია, თუ ათიდან ოთხი აშკარად ცრუპასუხებს იძლევა... ამ ციფრებზე დაყრდნობით, ნარკომანებს შორის სიკვდილობის რისკ-ჯგუფს სწორედ ეს 52 500 პირი შეადგენს, რაც წელიწადში 1050 გარდაცვლილს უდრის. თუმცა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული სიკვდილის ერთეული ფაქტი თუ ფიქსირდება და ისიც იშვიათად.

- როგორც იკვეთება, ყველაზე მეტად ჰეროინის მოთხოვნა-მიწოდებაა გაზრდილი. რამდენ პროცენტს შეადგენს მისი მომხმარებელი?

- ჰეროინი ნახევრად სინთეზური ნარკოტიკია, რომელიც მორფინისგან მიიღება. 100 კგ ოპიუმიდან 10 კგ მორფინი მიიღება, ხოლო 10 კგ გასუფთავებული მორფინისგან ეკვივალენტური რაოდენობის ჰეროინი, რომლის სიწმინდეც 80-99%-ია. ნარკოტიული აქტივობით ჰეროინი 3-5-ჯერ აღემატება მორფინს. ჰეროინი მისი წარმოშობის რეგიონებიდან სუფთა სახით გადაიზიდება, მაგრამ სამომხმარებლო ბაზარზე, როგორც წესი, გაზავებულია, ანუ გაბევრებულია უკეთეს შემთხვევაში ლაქტოზით, სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატით, რომლებიც აძლიერებენ ან ახანგრძლივებენ ნარკოტიკის მოქმედებას (შეიძლება ის გაზავებული იყოს ცარცის ფხვნილითაც ან გაჯით). სისუფთავისა და შემავსებლის დანამატების მიხედვით, ჰეროინი შავ ბაზარზე გვხვდება თეთრი კრისტალისებური, ნაცრისფერი, ყავისფერი, შავი ფხვნილის ან გრანულების სახით. მის მოხმარებას ახასიათებს გუგების შევიწროება, სხეულის ტემპერატურის დაკლება, მაჯისცემისა და სუნთქვის შენელება, ინდიფერენტულობა, უემოციობა...

მსოფლიოში 11,3 მილიონი კაცი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს, რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა. ნარკომანების სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვის მიზეზის 60% ჰეროინზე მოდის, რადგან ის ფიზიკურ, ფსიქიკურ და ინტელექტუალურ დეგრადაციას ყველაზე სწრაფად იწვევს. სიკვდილიანობის ყველაზე მეტი პროცენტიც მასზე მოდის. მსოფლიო შავ ბაზარზე მხოლოდ ავღანური ჰეროინის წილი 65 მილიარდ დოლარს აღწევს. ეს თანხა, ძირითადად, ტერორისტებს, კრიმინალებსა და კორუმპირებულ რეჟიმებს კვებავს, ავღანელ გლეხებზე კი მხოლოდ 2,3 მილიარდი დოლარი ნაწილდება. ეს თანხა თალიბების შემოსავლის მთავარი წყაროა.

ჰეროინის მოხმარება შეიძლება საქართველოსთვის პანდემიად იქცეს. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხული ე.წ. პრობლემური ნარკომანების 78% სწორედ ჰეროინის მომხმარებელია. ნარკომანების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება მასთან დაკავშირებული უმძიმესი დაავადებებიც, მაგალითად, შიდსი (8671 ინფიცირების შემთხვევა), ხოლო დაავადების 36,1%-ის მიზეზი ინტრავენური ნარკომანიაა. იზრდება ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები, რაც წელიწადში 2500-3000 აღწევს (რეალური რაოდენობა შესაძლოა 3-4-ჯერ მეტი იყოს). საგანგაშოა, რომ ნარკოტიკების მოხმარება უფრო ხშირია საზოგადოების ყველაზე შრომისუნარიან ნაწილში - 21-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში.

- ამიერკავკასიაში ჰეროინი რომელი მარშრუტით გადაადგილდება, წელიწადში დაახლოებით რამდენ ტონაზეა საუბარი და აქედან საქართველოზე რამდენი მოდის? - გაეროს გათვლებით, ამიერკავკასიაში წელიწადში 11 ტონა ჰეროინი 3 ძირითადი მარშრუტით გადაადგილდება:

1. ავღანეთი - ირანი - შუა აზია - აზერბაიჯანი - საქართველო-შავი ზღვა - ბულგარეთი (9 ტონა);

2. ავღანეთი - ირანი - შუა აზია - კასპიის ზღვა - აზერბაიჯანი - საქართველო-შავი ზღვა (2 ტონა);

3. ავღანეთი - აზერბაიჯანი - ხავერი (ირანი) - ჰაკარი (თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი) - ცენტრალური ანატოლიის ქალაქები - ჩრდილო ანატოლიის ქალაქები - უკრაინა, მცირე ნაწილი საქართველოში. აქედან 7 ტონა საქართველოს საზღვაო პორტებიდან, ძირითადად, ფოთის პორტით გადის ევროპაში. რეგიონში, სავარაუდოდ, ჯამში 4 ტონა ჰეროინი რჩება. იმავდროულად, 2006 წლის შემდეგ ეს მარშრუტი უფრო აქტუალური და მზარდი ხდება. არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა ირან-თურქეთის მარშრუტმა კავკასიის მიმართულებაზე გადმოინაცვლოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ადვილი საანგარიშოა, რომ საქართველოზე დაახლოებით 2,4 ტონა ჰეროინი მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ჰეროინის 1 მომხმარებელი წელიწადში მინიმუმ 30 გრამ ჰეროინს მოიხმარს, საქართველოში ჰეროინის მომხმარებელთა რაოდენობა ექსპერტული შეფასებებით მინიმუმ 80 000 კაცი უნდა იყოს. საქართველო 1000 სულ მოსახლეზე ჰეროინის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა 21 მომხმარებლით და გაცილებით უსწრებს რუსეთს, ესტონეთს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, უკრაინასა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, საქართველოში წელიწადში საშუალოდ 9-11 ტონა ინტრავენურად მოსახმარებელი ჰეროინის დონის ან სინერგიით მიღწეული ეფექტის მქონე ნარკოტიკი უნდა ბრუნავდეს მხოლოდ შიდა მოთხოვნისათვის.

"ჰეროინის "ქუჩის" ფასითაც საქართველო მოწინავეა"

გაეროს სამხრეთ კავკასიის ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის უფროსი იურიდიული მრჩეველი, სამართლის დოქტორი ზაზა ბეროზაშვილი:

- დღეს საქართველოს ტერიტორიაზე არც სასაზღვრო პოლიციაში, არც ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში და არც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სტრუქტურაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის დანაყოფი არ არსებობს. არის მხოლოდ ერთი სამსახური - შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შემავალი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრძოლის სამმართველო, ხოლო ქვეყანაში არსებული ერთადერთი ანტინარკოტიკული სამსახური არაეფექტური ან დაბალეფექტურია, ვინაიდან ვერ აკონტროლებს ქვეყნის საზღვრებზე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას. ამ მიზნით საჭიროა შესაბამისი სამსახურების შექმნა საბაჟოსა და სასაზღვრო პოლიციაში, პენიტენციარულ სისტემაში, მათი ერთიანი კოორდინაცია. ასევე ამ სამსახურების ტექნიკური აღჭურვა, სწავლება და ნარკოტიკების მაძებარი კინოლოგიური სამსახურის შექმნა. დღეს არსებული სამსახური დაკომპლექტებულია ახალი კადრებით, რომლებიც გამოირჩევიან დაბალი პროფესიონალიზმით. მათ ესაჭიროებათ პერმანენტული სპეციალური თემატური ტრენინგები...

- რამდენს შეადგენს ქართული ნარკობიზნესის სავარაუდო შემოსავალი ავღანური ჰეროინიდან? - გაეროს მონაცემებით, საქართველოში 1 გრამი სუფთა ჰეროინის "ქუჩის" საშუალო ფასი 350 აშშ დოლარია. ამრიგად, 2 400 000 გრამი ჰეროინის ღირებულება 840 მილიონამდე იქნება. ნიშანდობლივია, რომ ჰეროინის "ქუჩის" ფასითაც საქართველო მსოფლიოში მოწინავეა, რაც პირდაპირ მიანიშნებს ნარკობიზნესის მონოპოლიურობაზე. საქართველოს გავლით ჰეროინის მინიმუმ 6-7 ტონა ტრანზიტისგან შემოსავლის დაანგარიშება შეუძლებელია, თუმცა ეჭვს არ იწვევს, რომ ასეთი რაოდენობის საზღვარზე გადატანა ვერც ერთ ქვეყანაში კორუფციული გარიგების გარეშე ვერ ხერხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფორმაცია ტრანზიტის შესახებ მოპოვებულია მხოლოდ გამოვლენილი შემთხვევებიდან. ასევე, დიდი ალბათობით, სავარაუდოა, რომ ტრანზიტის ფასი შესაძლოა ნატურა, ანუ ქვეყანაში დატოვებული ჰეროინი იყოს. ამ შემთხვევაში ქართული ნარკობიზნესის შემოსავალი არა მარტო ჰეროინის გასაღებით (გადაყიდვით) მიღებული მოგება იქნება, არამედ მისი ჯამური ღირებულება - წელიწადში 840 მილიონი აშშ დოლარი.

- ევროკავშირის ქვეყნებში რა გზით შედის ჰეროინი? - გაეროს მონაცემებით, ევროკავშირში 2 მილიონი კაცი მსოფლიოში წარმოებული ოპიატების თითქმის 110 ტონამდე ჰეროინს მოიხმარს, რაც მსოფლიო ჰეროინის 26%-ია. მათ შორის მოხმარების 60% დიდ ბრიტანეთზე, იტალიაზე, საფრანგეთსა და გერმანიაზე მოდის. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის მონაცემებით, ევროკავშირში ჰეროინი შედის: ბალკანეთის მარშრუტით 85 ტონა, საქართველოდან 7 (შავი ზღვის მარშრუტი), პაკისტანიდან 5 (ავია), ცენტრალური აზია-რუსეთის მარშრუტით 4, აფრიკიდან 2 (საზღვაო და ავია); ინდოეთიდან 1 და სხვა ქვეყნებიდან 6 ტონა, მათ შორის შავი ზღვის მარშრუტზე აღინიშნება ზრდის ტენდენცია. 2000-2008 წლებში აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ჰეროინის ამოღებამ ცხადყო, რომ საქართველოდან ევროპაში ჰეროინი ხვდება შავი ზღვის პორტების (ძირითადად, ფოთის პორტი) საშუალებით, ორი გზით: 1. საქართველო-ბულგარეთი; 2. საქართველო-უკრაინა.

ნიშანდობლივია, რომ ფოთის პორტს პირდაპირი საბორნე მიმოსვლა მხოლოდ ამ ორ ქვეყანასთან, ილიჩევსკის (უკრაინა) და ვარნის (ბულგარეთი) პორტებთან აქვს.