"სამივე აღწერდა,­ როგორ აწამა ისინი მეგის ქარდავამ. დიდი ხნის განმავლობაში მფარველობდნენ მას სააკაშვილი და..." - კვირის პალიტრა

"სამივე აღწერდა,­ როგორ აწამა ისინი მეგის ქარდავამ. დიდი ხნის განმავლობაში მფარველობდნენ მას სააკაშვილი და..."

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში ისევ დააკავეს და, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მისი საქართველოში ექსტრადირება იგეგმება. უკრაინაში ქარდავა 2017 წლის 1-ლ ნოემბერს დააკავეს, თუმცა მაშინ ის ქართულ მხარეს არ გადმოსცეს და საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს.

"სააკაშვილს გავლენიანი ლობისტები ჰყავს და თუ ისინი ჩაერივნენ, შესაძლოა, ისევ შეაფერხონ პროცესი"

გელა ნიკოლეიშვილი, ადვოკატი: - პატიმრებისგან მეგის ქარდავაზე ბევრი რამ მსმენია. თუ ვინმეს ასახელებდნენ წამების მანქანის შემქმნელად და ამ წამების ხელმძღვანელად, ერთ-ერთი პირველთაგანი მეგის ქარდავა იყო. პროკურატურაში მრავალი ჩვენებაა მის წინააღმდეგ, რომელიც მას უმძიმეს დანაშაულებში ამხელს. ერთი ასეთი პატიმარი მეც მყავდა, სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი. სერგო თეთრაძესთან ერთად სამი ადამიანი იყო დაკავებული და სამივე აღწერდა, როგორ აწამა ისინი მეგის ქარდავამ. დიდი ხნის განმავლობაში მფარველობდნენ მას სააკაშვილი და მასთან დაახლოებული გავლენიანი პირები, რომ როგორმე მისი საქართველოში ექსტრადირებისთვის ხელი შეეშალათ. იმ სასტიკი სისტემის შემქმნელი, ბაჩო ახალაიასთან ერთად, მეგის ქარდავაა. ბაჩო ახალაია უფრო ადრე წავიდა სასჯელაღსრულების სისტემიდან, მეგის ქარდავა კი დარჩა და, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო პოლიციაში გადავიდა, ამ სისტემაზე გავლენა არ დაუკარგავს. ამის არაერთი მაგალითია ცნობილი. სწორედ ამის გამო ცდილობდნენ სააკაშვილი და მისი გარემოცვა, რომ ქარდავა ქართველი სამართალდამცველების ხელში არ მოხვედრილიყო. არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს მაინც მოხერხდება მისი ჩამოყვანა. სააკაშვილს გავლენიანი ლობისტები ჰყავს და თუ ისინი ჩაერივნენ, შესაძლოა, ისევ შეაფერხონ პროცესი.

- ეშინიათ, რომ ქარდავა ალაპარაკდება? - შეიძლება საპროცესო გარიგების საფასურად ალაპარაკდეს იმაზე, როგორ იქმნებოდა ეს სისტემა, რომლის სათავეში თვითონაც იყო.

- სააკაშვილი ამბობს, რომ არ იცნობს ქარდავას... - შეიძლება პირადი ურთიერთობა არც ჰქონდა, მაგრამ ურთიერთობა ჰქონდა ახალაიასთან, რომლის კლასელია ქარდავა.

- ამბობენ, რომ ღარიბაშვილისა და ზელენსკის შეხვედრის დროს გადაწყდა მისი ექსტრადირება. - ამას არ გამოვრიცხავ, უკრაინელებმა მოახერხეს მისი დაკავება. თუ ჩამოყვანაც მოხერხდა, ეს იქნება სახელმწიფოთა შორის შეთანხმება.

- მეორე ვერსიით, ეს ხმაური საარჩევნოდ ატყდა და მისი ექსტრადირება მაინც არ მოხერხდება... - რადგან დააკავეს და პროკურატურამაც დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ექსტრადირების თაობაზე, ალბათ, უნდა ჩამოიყვანონ კიდეც. მის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვება პროკურატურას არ გაუჭირდება.

ვინ არის მეგის ქარდავა?

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მეგის ქარდავა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. 2006 წელს ის #7 საპყრობილის დირექტორი იყო; 2007-2009 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა; ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს სამხედრო პოლიციის უფროსი იყო, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა.

მეგის ქარდავას წინააღმდეგ აღიძრა არაერთი სისხლის სამართლის საქმე. ცხრა საქმეზე დაუსწრებლად გამოტანილია განაჩენიც. ის მსჯავრდადებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და მისჯილი აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდადებულია პატიმართა წამების საქმეზეც (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე) და მისჯილი აქვს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდადებულია ე.წ. კასრების საქმეზე და მისჯილი აქვს 9 წელი; მსჯავრდადებულია ასევე ბ.რ.-ს წამების საქმეზე და მისჯილი აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდადებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. ის ამ უმძიმეს დანაშაულშიც დამნაშავედ ცნეს და 9 წელი მიუსაჯეს. ამჟამად მეგის ქარდავას წინააღმდეგ სასამართლოში დაუსწრებლად კიდევ ხუთი სხვადასხვა საქმე განიხილება.

ყველა ამ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად არის გამოტანილი, რადგან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე მან საქართველო დატოვა. 2013 წლის 13 თებერვლიდან მასზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა. 2017 წლის ნოემბერში უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით ძებნილი მეგის ქარდავა დააკავეს. მას შემდეგ ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს.