"მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ ვარ ღრმად მორწმუნე ადამიანი და თავის მოკვლას არ ვაპირებ. თუ ციხეში მკვდარი მიპოვეს, ესე იგი მომკლეს!" - კვირის პალიტრა

"მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ ვარ ღრმად მორწმუნე ადამიანი და თავის მოკვლას არ ვაპირებ. თუ ციხეში მკვდარი მიპოვეს, ესე იგი მომკლეს!"

"ყოველღამე აბრახუნებენ ჩემი პალატა-საკნის რკინის კარზე, შუქს მინთებენ და მიქრობენ, მაიძულებენ, ჩამოვხსნა ხატები... ლოცვა კი აქ ჩემთვის ყველაფერია"

საქართველოს ციხეებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე დიდი ხანია ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველი, მაგრამ როგორც ჩანს, არაფერი იცვლება, პირიქით, მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. მხოლოდ ძალიან გაბედულები, ისიც ინკოგნიტოდ, ბედავენ ინფორმაციის პრესისათვის მოწოდებას. წერილი, რომელიც ერთმა პატიმარმა გამოგვიგზავნა, გამორჩეულია - პატიმარს ვინაობის დამალვა არც უცდია, ხოლო მასში მოყვანილმა ფაქტებმა შეგვძრა.

"ამ წერილს გწერთ, რადგან სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთ შანსად მხოლოდ ესღა დამრჩა. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ  ვარ ღრმად მორწმუნე ადამიანი და თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებას არ ვაპირებ.

სასჯელს 2005 წლიდან ვიხდი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით. სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა იმის გამო, რომ არ ვეთანხმებოდი განაჩენს, საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გავასაჩივრე. ნარკოტიკებთან საქმე არასოდეს მქონია. ვიყავი სპორტსმენი, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი. მე წინასწარგანზრახული პროვოკაციის მსხვერპლი გავხდი. პირადობის მოწმობის სახლში დარჩენის მომიზეზებით, უცნობმა პირმა ჩემი პირადობის მოწმობა მთხოვა ციხეში ამანათის შესაგზავნად. უარი ვერ ვუთხარი.

ამანათში ნარკოტიკი აღმოაჩინეს... მოგვიანებით ჩემს საქმეზე ჩვენება მისცეს დაზარალებულად ცნობილმა პირებმა და სასამართლოს მოახსენეს, რომ უდანაშაულო ვარ. ეს დაადასტურა ციხეში ამანათის მიმღებმა პირმაც, მაგრამ სასამართლომ ისე, რომ არც აუხსნია, რატომ ამბობდა ჩვენებების გაზიარებაზე უარს, დამნაშავედ მცნო. იძულებული გავხდი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მეჩივლა და მჯერა, რომ  სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ახლა ციხეში არსებულ რეალობაზე მინდა მოგითხროთ. ციხიდან ციხეში ყოველი გადაყვანა მთავრდებოდა სასტიკი ანგარიშსწორებით. ახალი ამბავი არავისთვის არის, რომ ციხეში პატიმრებს სასტიკად უსწორდებიან, განსაკუთრებით მათ, ვინც ბრალს არ აღიარებს და სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს ბედავს. ციხეში სრულიად ჯანმრთელი შევედი, მაგრამ მუდმივად სასტიკი ცემის გამო ხერხემალი დამიზიანდა, პროტრუზია განმივითარდა. სასტიკად ნაცემი როგორც კი ფეხზე წამოვდგებოდი, ისევ მცემდნენ, წამოვდგებოდი, ისევ და ისევ.

მანამდე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ დავინვალიდდი. წელიწადზე მეტია ინვალიდის ეტლს ვარ მიჯაჭვული... აქვე დამმართეს ჩ ჰეპატიტიც, ტუბერკულოზი. მოგვიანებით კიდევ დამიმატეს 11 წელი ციხის თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებით. არ შემიძლია, მშვიდად ვუყურო, ჩემ წინ ავადმყოფს რომ სცემენ, კედლისაკენ შევბრუნდე და ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი ხდება. უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი კიდევ ერთხელ მიმემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის, ამჯერად ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა და ციხეში არსებული არაადამიანური მოპყრობის გამო. სტრასბურგის სასამართლომ სასწრაფოდ მოახდინა რეაგირება და დაადგინა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ვექვემდებარები. მიუხედავად ამისა, ეს არც უფიქრიათ, სანამ კინაღამ ხელში არ ჩავაკვდი.

2010 წლის 14 აპრილიდან #18 მსჯავრდადებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში უკვე ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ვიხდი სასჯელს უმძიმესი დიაგნოზით:  ქრონიკული ჩ ჰეპატიტით  და გავა-წელის დისკოზური რადიკულიტით. აქ აღარ მცემენ, ზეწოლის სხვა მეთოდები აქვთ დამუშავებული. დაუსრულებლად გადავყავარ ერთი საკნიდან მეორეში. გვიან ღამით პალატა-საკანში კარზე ბრახუნი და კაკუნი, შუქის ანთება-ჩაქრობა ჩვეულებრივი ამბავია.

უშვერად მლანძღავენ სტრასბურგში ჩივილის გამო, "შე სტრასბურგის ინტრიგანო პატიმარო", "საქართველოს მოღალატე"...

ამას დაწესებულების თანამშრომლები აკეთებენ. მას შემდეგ, რაც დაწესებულების დირექტორად ვაჟა ცხვედიანი დაინიშნა, პატიმრების მდგომარეობა სულ გაუსაძლისი გახდა. ეს არის ადამიანის ღირსების შემლახველი პირობები. დაწესებულების რეჟიმის უფროსი ალექსანდრე თოლორდავა და უსაფრთხოების უფროსი გიორგი, რომლის გვარი არ ვიცი, ყოველღამე აბრახუნებენ ჩემი პალატა-საკნის რკინის კარზე, შუქს მინთებენ და მიქრობენ, მაიძულებენ, ჩამოვხსნა ხატები... ლოცვა კი აქ ჩემთვის ყველაფერია.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 26 მაისს. საკანში შემომიცვივდნენ რეჟიმისა და უსაფრთხოების უფროსები, წამართვეს რადიომიმღები (ყველა პატიმარს ასე მოექცნენ), რომელითაც ინფორმაციას ვიგებდით. დამემუქრნენ, რომ დამიმატებენ სასჯელს, ჩამიდებენ კანონსაწინააღმდეგო ნივთს (#18 დაწესებულების უსაფრთხოების უფროსი მუდმივად მემუქრება, როცა მინდა, მაშინ დაგიმძიმებ სასჯელს, მაშინ ჩაგიგდებ შტირს, დანას და რასაც მინდა, იმას გიზამო), არ შემახვედრებენ ადვოკატებს და განმიმარტეს, ეს იმიტომ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლეო. 26 მაისს დაწესებულების ადმინისტრაციამ შემიწყვიტა მედიკამენტების მიღების, გასეირნების, ტელეფონით, მაღაზიითა და აბანოთი სარგებლობის უფლება.

ჩემთან ერთად დაისაჯნენ ჩემს პალატაში მყოფი სხვა პატიმრებიც. შემდეგ ჩამიყვანეს დაწესებულების დირექტორთან.  მასთან ერთად ოთახში იყვნენ დირექტორის მოადგილე, მთავარი ექიმი, სოციალური სამსახურის უფროსი, რეჟიმის უფროსი და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების უფროსი. საუბარი ასეთი იყო: "ხომ არა გაქვს ციროზი? მაგასაც დაგმართებთ და სახლში მორგიდან გაგასვენებთ. ხომ არ გეძლევა წამლები? - სტრასბურგი გამოგიგზავნის! გაგანადგურებთ, თუ ისე არ მოიქცევი, როგორც ჩვენ გვინდა" და ა.შ. ვაჟა ცხვედიანმა ინვალიდის ეტლის ზურგზე  ფეხის დარტყმით გამომაგდო ოთახიდან, რის შემდეგაც საკანში ამიყვანეს.

ვშიშობ, მალე გადამიყვანენ საკანში, სადაც მარტო ვიქნები (რათა სხვა პატიმრები არ გახდნენ მოწმე იმისა, თუ რას მოიმოქმედებს ციხის ადმინისტრაცია). იქ კი შემისრულებენ დანაპირებს. არ გამოვრიცხავ, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ ვარ ღრმად მორწმუნე ადამიანი და თავის მოკვლას არ ვაპირებ. თუ ციხეში მკვდარი მიპოვეს, ესე იგი მომკლეს!

ეს წერილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გავგზავნე. ვთხოვე მიიღოს და დაურთოს ეს განცხადება ჩემს საქმეს.

#18 დაწესებულების პატიმარი

ილო მუკბანიანი"