კალაშოვის მფარველობის ქვეშ მყოფ კინწურაშვილს "სტატუსი ჩამოართვეს" - რა მოხდა ქართველ "კრიმინალურ ავტორიტეტებს" შორის სტამბოლში - კვირის პალიტრა

კალაშოვის მფარველობის ქვეშ მყოფ კინწურაშვილს "სტატუსი ჩამოართვეს" - რა მოხდა ქართველ "კრიმინალურ ავტორიტეტებს" შორის სტამბოლში

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, სტამბოლში ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტები" ერთმანეთს ახალი ძალებით დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების ცენტრში კრიმინალურ სამყაროში ყველასათვის ცნობილი "კანონიერი ქურდი" - ჯეირან კინწურაშვილი, იგივე ჯეირან "ხონსკი" აღმოჩნდა. "კრიმინალური ავტორიტეტების" საქმის გარჩევისას კინწურაშვილს სცემეს და "კანონიერი ქურდის" სტატუსიც ჩამოართვეს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, "კანონიერ ქურდებს" შორის დაპირისპირება ფინანსური მიზეზით მოხდა. ჯეირან კინწურაშვილი ერთ მხარეს წარმოადგენდა, მის პირისპირ კი ქუთაისელი "კრიმინალური ავტორიტეტები" აღმოჩნდნენ.

როგორც ცნობილია, ჯეირან კინწურაშვილი აქამდე თავს არიდებდა მამუკა კვიჟინაძესთან შეხვედრას, თუმცა 6 სექტემბერს "კანონიერი ქურდები" პირდაპირ სახლში ესტუმრნენ. კინწურაშვილთან საკითხის გასარკვევად რამაზ ძნელაძე, ბესო კუპრეიშვილი და მალხაზ მგალობლიშვილი, იგივე "ყურშა" მივიდნენ.

სააგენტოს ცნობით, კინწურაშვილს არასათანადო საუბრისას რამაზ ძნელაძემ ხელი გაარტყა, ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ჯეირანმა კი ძნელაძეს "ხურდა დაუბრუნა" და ძნელაძე იატაკზეც დაეცა. ჯეირანი ამით არ დაკმაყოფილდა და წაქცეული "კრიმინალური ავტორიტეტის" ცემა განაგრძო.

კრიმინალურ სამყაროში, როგორც ჩანს, ასეთი ქმედებით პასუხის გაცემა მიუღებელია, მით უფრო, როცა "კრიმინალური ავტორიტეტი" უფროსია და თან - წაქცეული. როგორც ამბობენ, ხელჩართულ ჩხუბში კუპრეიშვილიც ჩაერთო და, საბოლოოდ, ჯეირანი სცემეს.

ნაცემ კინწურაშვილს ცოტა ხანში განუცხადეს, რომ ის "კანონიერი ქურდი" აღარ არის და მას სტატუსი ჩამოერთვა. ამბობენ, რომ ამჯერად კინწურაშვილის შველას ვერავინ შეძლებს, ვერც "კვეჟოვიჩი", რომელიც კინწურაშვილს "კალაშოვის" სახელით მფარველობდა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინ კინწურაშვილი ბათუმელმა "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" -  მინდია გორაძემ, იგივე "ლავასოღლიმ" სცემა. როგორც სააგენტოები წერდნენ, კინწურაშვილი "ლავასოღლის" ცოლს შეტყობინებებს უგზავნიდა. ამ ფაქტის შესახებ გორაძის ცოლმა "კრიმინალურ ავტორიტეტს" - ლაშა ბარათელს, იგივე "ჭიას" უამბო და უთხრა, რომ კინწურაშვილი მის მიმართ ინტერესს გამოხატავდა. ციხიდან გამოსულმა გორაძემ გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი თავად უნდა მოეგვარებინა, ბარათელთან ერთად ნახა კინწურაშვილი და მეუღლის სახელიც დაიცვა. (წყარო)

მოამზადა ნიკა გულუამ