"ძეხვეულის მეფის" მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც იზოლატორიდან გაიქცა, დააკავეს - ვინ არის ალექსანდრე მავრიდი და გახმაურებული მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"ძეხვეულის მეფის" მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც იზოლატორიდან გაიქცა, დააკავეს - ვინ არის ალექსანდრე მავრიდი და გახმაურებული მკვლელობის დეტალები

რუსმა სამართალდამცველებმა 2020 წელს მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც საპატიმროდან გაიქცა, დააკავეს.

როგორც სამართალდამცავები ამტკიცებენ, დაკავებული ალექსანდრე მავრიდი რუსული კომპანია "ხორცის იმპერიის" ხელმძღვანელის, ვლადიმერ მარუგოვის მკვლელობაშია ბრალდებული. მას მთელი რუსეთის მასშტაბით ეძებდნენ, თუმცა საბოლოოდ მოსკოვში იპოვეს.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ირინა ვოლკის განცხადებით, 50 წლის მავრიდი მოსკოვის ერთ-ერთ უბანში დააკავეს. ოპერაციაში ჩართული იყო რუსული გვარდიაც. მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა გაქცევასა და მკვლელობაში ბრალდებული მავრიდი, რომელსაც დაქირავებულ მკვლელად იცნობენ, მალე გააუვნებელყვეს და ისევ იზოლატორში მოათავსეს.

დაკითხვისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და მის შემოგარენში, მიტოვებულ შენობებში იმალებოდა. გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ დაკავებულმა მისცა ჩვენება და დეტალურად აღწერა, როგორ გეგმავდნენ იზოლატორიდან გაქცევას.

საინფორმაციო სააგენტო "ტასის" წყაროს ცნობით, რუსმა სამართალდამცავებმა მავრიდი სათვალთვალო კამერებისა და პიროვნების ამომცნობი სისტემის საშუალებით დააკავეს.

"ალექსანდრე მავრიდი მოსკოვში, დუბრავნაიას ქუჩაზე, კამერებმა მაღაზიასთან დააფიქსირეს და სამართალდამცავებმა კამერებისა და სახის ამომცნობი სისტემის დახმარებით დააკავეს".

იზოლატორიდან გაქცევა

ალექსანდრე მავრიდი იზოლატორიდან 6 აგვისტოს, ღამით გაიქცა. გამოძიების ცნობით, მას გაქცევაში ერთ-ერთი თანამშრომელი დაეხმარა. იზოლატორის თანამშრომელმა სპეციალურად გათიშა დერეფნის სათვალთვალო და ის კამერები, რომლებიც სამორიგეო ნაწილში იყო დამონტაჟებული. შემდეგ "ის კიდევ ერთ მორიგესთან ერთად დასაძინებლად წავიდა".

გამოძიების ცნობით, კამერების გათიშვის გარდა, მორიგეებმა საკნის ის ფანჯარაც ღია დატოვეს, საიდანაც პატიმარს საკვები მიეწოდება. სწორედ ამით ისარგებლეს მავრიდმა და მისმა თანამზრახველებმა. დაახლოებით, ღამის 2 საათზე, მათ დატოვეს იზოლატორი და გაიქცნენ. სამართალდამცავებმა იზოლატორის ორივე თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიება მიიჩნევს, რომ გაქცევა ალექსანდრე მავრიდმა დაგეგმა: ალექსანდრე მავრიდი

"გაქცევის სავარაუდო ორგანიზატორი გაქცევამდე ცოტა ხნით ადრე სხვა კამერაში, მის თანამემამულეებთან, მოლდოვის მოქალაქეებთან გადაიყვანეს. ის დაკავებულებს აქამდე უკვე იცნობდა. სავარაუდოდ, გაქცევის ღამეს საკნის ფანჯარა ან არ დახურეს, ან მჭიდროდ არ იყო ჩაკეტილი".

მავრიდისა და მისი თანასაკნელების გაქცევა, დილის შემოწმებისას აღმოაჩინეს.

11-12 აგვისტოს სამართალდამცავებმა გაქცეული სამი პატიმარი, ერთი კვირის შემდეგ კი - მეოთხეც დააკავეს.

დაკავებულები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, სამართალდამცავებმა მათთან ერთად ბინის მეპატრონე დააკავეს. ისინი ფიქრობენ, რომ ბინის მეპატრონე გაქცევის ხელშემწყობია.

პოლიციამ მავრიდის დაკავებაში ხელშეწყობისთვის 1 მილიონი, შემდეგ კი - 1,5 მილიონი რუბლის სახით ჯილდო დააწესა. გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, მას არა მხოლოდ რუსეთში, ყაზახეთშიც ეძებდნენ.

"ძეხვეულის მეფის" მკვლელობა

სამართალდამცავთა ცნობით, 2020 წლის ნოემბერში ვლადიმერ მარუგოვის სახლზე თავდასხმაში მავრიდიც მონაწილეობდა. ვლადიმერ მარუგოვი კომპანია "ხორცეულის იმპერიის" და კიდევ ერთი ძეხვეულის კომპანიის ხელმძღვანელი იყო. საინფორმაციო საშუალებებში მას ხშირად "ძეხვეულის მეფედ" მოიხსენიებდნენ.

მარუგოვზე თავდასხმა სახლის გვერდით მდებარე აბანოში მოხდა. ბიზნესმენი არბალეტის გასროლით მოკლეს. ვლადიმერ მარუგოვი

გამოძიების ცნობით, ნიღბიანები შეიჭრნენ ბიზნესმენის სახლში, მძევლად აიყვანეს მარუგოვი მეუღლესთან ერთად და ფულს ითხოვდნენ. ქალმა გაქცევა შეძლო, ფანჯრიდან გაიპარა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებს ბიზნესმენი ადგილზე მოკლული დახვდათ, თავდამსხმელები კი გაქცეულიყვნენ.

ვინ არის ალექსანდრე მავრიდი?

მავრიდის სახელს მჭიდროდ უკავშირებენ ბიზნესმენ მარუგოვის მკვლელობას. კილერზე საზოგადოება კიდევ ერთხელ მაშინ ალაპარაკდა, როცა მან 2021 წლის აგვისტოში იზოლატორიდან გაქცევა მოაწყო.

კრიმინალურ საქმეებში გარეული მავრიდი 1971 წლის 16 ნოემბერს ყაზახეთში დაიბადა, წარმოშობით ის ბერძენია. მისი ბავშვობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

რაც შეეხება მის კრიმინალურ წარსულს, ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ სამართალდამცავები მავრიდის კვალზე მალე გავიდნენ და დაკავების სპეცოპერაციაც დაგეგმეს, თუმცა პოლიციელებს კილერის ნაქირავებ ბინაში სიურპრიზი დახვდათ.

ბინაში შესულ პოლიციელებს ლოგინზე ხელბორკილით შეკრული უცნობი მამაკაცი დახვდათ. მალე დაადგინეს გატაცებული ადამიანის ვინაობაც, ის ადვოკატი ალექსეი ზავგოროდნი აღმოჩნდა, რომელიც იმ დროს უკვე პენსიაზე იყო გასული. როგორც გამოძიება გვამცნობს, გატაცებამდე ცოტა ხნით ადრე, მავრიდმა მასთან დამხმარედ დაიწყო მუშაობა და ადვოკატის ნდობაც მოიპოვა. გამოძიების ცნობით, ადვოკატი გამტაცებლებს ტყვეობაში ორი წლის განმავლობაში ჰყავდათ. ძალის გამოყენებით გატაცებული ადვოკატი აიძულეს, ელიტური ქონება სხვის სახელზე გადაეფორმებია.

რაც შეეხება მავრიდის პირად ცხოვრებას, როგორც საინფორმაციო სააგენტოები წერენ, ის 2011 წელს კრასნოდარელ ქალზე დაქორწინდა, რათა მოსკოვში უფრო მარტივად მოხვედრილიყო. მოსკოვში ის ფიტნეს-ცენტრს ხელმძღვანელობდა. ამბობენ, რომ მავრიდი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და სრულწლოვანი შვილებიც ჰყავს.

ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ, საინფორმაციო საშუალებებმა განაცხადეს, რომ მავრიდს ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილის მეუღლესთან - ტატიანა მარუგოვასთან, თუმცა ქალი კილერთან სასიყვარულო ურთიერთობას არ ადასტურებს. (წყარო)