მაია რჩეულიშვილის ადვოკატის განცხადებით, უკვე მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ "ცენტრ პოინტის" დაზარალებულთა პრობლემები გადაწყდა - კვირის პალიტრა

მაია რჩეულიშვილის ადვოკატის განცხადებით, უკვე მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ "ცენტრ პოინტის" დაზარალებულთა პრობლემები გადაწყდა

კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, უკვე მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ "ცენტრ პოინტის" დაზარალებულთა პრობლემები გადაწყდა.

მისივე თქმით, ახლა საკითხი შესაბამის ვადებში სამშენებლო სამუშაოების დასრულებაზე დგას.

"ამისთვის ყველაფერი გააკეთა "ცენტრ პოინტმა", მაია რჩეულიშვილმა და სამშენებლო სამუშაოები შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით წარიმართება. ასევე კონტრაქტში გაწერილ შეთანხმებულ ვადებში დაზარალებულები კუთვნილ ბინებს მიიღებენ.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების პირობას, ხაზს ვუსვამ, მაია რჩეულიშვილი და "ცენტრ პოინტი" იმთავითვე მოწადინებული იყვნენ, რომ დაზარალებულთა ინტერესები დაკმაყოფილებულიყო. როდესაც ამან ხორცი შეისხა საპროცესოც გაფორმდა", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, "ცენტრ პოინტ ჯგუფის" საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.