ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს - კვირის პალიტრა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

ოფიციალური დადგენილება პროკურატურამ ბრალდებულების ადვოკატს რამდენიმე წუთის წინ გააცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ძებნაში მყოფი პირების უფლებადამცველი აცხადებს, ის საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია, შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით მისთვის დეტალები უცნობია.

"ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და მასალების გადმოცემას ველოდები. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა.

მასალებს რომ გადმომცემენ დეტალები მერე მეცოდინება. ბრალდებულების ოჯახის წევრებს დავეკონტაქტები და გავიგებ სურთ თუ არა საგამოძიებო მოქმედებებში რაიმე განმარტება გააკეთონ", - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedec-ის დამფუძნებელია.