"ავთო "ლიმონკას" სხეულით გადაეფარა... იმ დღეს მისთვის ყველაფერი დამთავრდა..." - კვირის პალიტრა

"ავთო "ლიმონკას" სხეულით გადაეფარა... იმ დღეს მისთვის ყველაფერი დამთავრდა..."

10 წლის იყო, მამა ბოლოს რომ ნახა, თუმცა ახლაც ახსოვს ის მძაფრი შეგრძნებები, დამშვიდობებას რომ ახლდა თან. "ომში მიმავალ მამას ჩემი უმცროსი, 6 წლის და ფეხზე შემოეხვია და ზღურბლზე არ უშვებდა, თუმცა მამა როცა რამეს გადაწყვეტდა, ვერაფერი შეაჩერებდა... მას მერე მამა აღარ მინახავს... პატარა ვიყავი, თუმცა იმ 10 წლის განმავლობაში და დაღუპვის მერეც საკმარისად გავიცანი - მამა ჩემზე ბევრად მაგარი კაცი იყო, ჩემთვის სამაგალითო და საამაყო ადამიანი. დღესაც, როცა გადამწყვეტი მომენტი დგება ჩემს ცხოვრებაში, სულ იმას ვფიქრობ, აბა, მამა როგორ მოიქცეოდა? და ზუსტად ვიცი, რასაც გააკეთებდა", - გვიყვება ეროვნული გმირის მოსახელე მემკვიდრე, საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოადგილე ავთანდილ ავთანდილის ძე იოსელიანი.

წლების მერე მასაც მოუწია სამშობლოს დაცვამ, ოღონდ 2008 წლის აგვისტოს ომში, სამხედრო მფრინავის სტატუსით.

მეხსიერებას შემორჩენილი კადრი

- 10 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. მანამდე, 1989 წლიდან დაწყებული, თუკი რამე იყო ეროვნულ მოძრაობაში, ყველაფერში იყო ჩართული, ყველა ომში მონაწილეობდა. 1992 წლის სექტემბერში ჩამოვიდა მამა აფხაზეთიდან და ოქტომბერში უკან დაბრუნდა, მოხალისე იყო. ეს ბოლო წასვლა ოჯახის ყველა წევრს ჩაგვრჩა მეხსიერებაში. სამი მცირეწლოვანი შვილი დავრჩით და ჩვენი აღზრდა მამის ძმებმა ითავეს. მამა ისეთი ადამიანი იყო, არავის დაუჯერებდა, მისთვის არც ოჯახი და არც სამი ბავშვი დაბრკოლება არ ყოფილა, სამშობლოსთვის გადადო თავი. მამა გეოფიზიკოსი იყო სპეციალობით, გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი. მას წელს 70 წელი შეუსრულდებოდა...

ომში წასვლის წინ თბილისში სვანების საძმო შეიკრიბა და აფხაზეთში მოხალისეებად წასვლა გადაწყვიტეს. ერთი წასვლა წავიდნენ აფხაზეთში, მაგრამ რადგან მოხალისეები იყვნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისში ჩამოსვლამ მოუწიათ, რათა შეიარაღება, ტყვია-წამალი გადაევსოთ და ომში მომზადებული დაბრუნებულიყვნენ.

მამა გმირულად დაიღუპა

- მამა 26 ოქტომბერს დაიღუპა ოჩამჩირეში. მისი გარდაცვალების დღეს ჩვენთან სახლში მოვიდნენ უცნობი ადამიანები, ერთი მათგანი შვილმკვდარი მამა, შაოსანი და წვერიანი კაცი იყო, რომელმაც ასევე აფხაზეთში დაკარგა შვილი. მოგეხსენებათ, ასეთი უბედურების მაცნე ადამიანი თვითონაც ძლიერი პიროვნება უნდა ყოფილიყო და იგივე ტრაგედიაგადატანილი. კარი მე გავაღე და მახსოვს ბრგე კაცი, შავი, პირქუში, მოღუშული სახით. მითხრა, უფროსებს დაუძახეო. გამოვიდნენ და ბებიამ რომ დაინახა ისინი, მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და კივილი დაიწყო. იმ ადამიანმა ბებია მოატყუა, დაჭრილიაო. შემდეგ ბავშვები გაგვარიდეს, მეზობელთან გაგვიშვეს... მამა მეორე დღეს მოასვენეს და ბავშვებს აგვიხსნეს, რომ ის უფალთან წავიდა... მამა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დავკრძალეთ... ის სხეულით ხელყუმბარას გადაეფარა, სხვების სიცოცხლე რომ ეხსნა. აფეთქების შემდეგ რამდენიმე საათს კიდევ იცოცხლა. ისინი, ვინც მამამ გადაარჩინა, ხშირად მოდიოდნენ მამას წლისთავზე და მას მერეც. მის თანამებრძოლებთან დღემდე გვაქვს კონტაქტი.

მამა დღესაც სტიმულს მაძლევს

- ადამიანს ბიძგი სჭირდება ცხოვრებაში, ვიღაცამ მიმართულება უნდა მოგცეს, რა გზით წახვიდე. ჩემს შემთხვევაში მამის მაგალითმა ითამაშა დიდი როლი, ასევე ბიძაჩემმა, რომელიც ბავშვობიდან მიხსნიდა და მინერგავდა ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტიზმის გრძნობას, მისი დამსახურებაა ჩემი პროფესიული არჩევანიც - სამხედრო ავიაცია. მოკლედ ვიტყვი, რომ მაშინდელი თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ჩავაბარე. პარალელურად, პროფესიული განათლება ავიაციის ინსტიტუტში მივიღე. 2008 წელს აგვისტოს ომშიც მომიწია საბრძოლო მოქმედებების შესრულებამ მფრინავ-ინსტრუქტორის რანგში. 22 წელია ჯარში ვარ...

მამა ჩემით თუ იამაყებდა? ალბათ, უფრო მეტს მომთხოვდა, ის გაცილებით ძლიერი იყო. მამა ჩემი კერპია და მისაბაძი ადამიანი. როცა ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დგება, ყოველთვის მასზე ვფიქრობ და კითხვა მიტრიალებს - აბა, მამა რას იზამდა? ხანდახან შეიძლება მე არც მეყოს იმის ძალა, რასაც იმ მომენტში მამა გააკეთებდა. მეამაყება მამაც და პროფესიაც, რომლისკენაც ისევ მამამ მიბიძგა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ბევრი მათგანი მომეწონა, მაგრამ არც არასდროს მიფიქრია სხვაგან წასვლა, არანაირი სურვილი არ მქონია ჩემი ქვეყნის გარდა, სხვას ვემსახურო. გამორიცხულია სხვაგან ვიცხოვრო ჩემი გარემოცვის, ოჯახის, ჩემი სოფლისა და მამის საფლავის გარეშე.

"უშიშარი, ვითარცა უხორცო"

2019 წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის სიკვდილის შემდგომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავთანდილ იოსელიანს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ავთანდილ იოსელიანის მეუღლე თინათინი იხსენებს: "აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, იმ პერიოდში მისი თანატოლი ბიჭები ხშირად იკრიბებოდნენ და ბჭობდნენ, როგორ დახმარებოდნენ ქართულ ჯარს ტანსაცმლით, საკვებით თუ სხვა საჭირო ნივთებით. მახსოვს, ავთომ სამსახურში რაციებიც კი მოიძია და ჩვენი ჯარისთვის შვეულმფრენს გაატანა... ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადა, ომში მივდივარო... რომ არ დაიშალა, ვუთხარი: ბიჭო, ომია, ან ამ სამ შვილს ვის უტოვებ-მეთქი? იქ სხვისი მამებიც იღუპებიან და შვილებიც, მე კი ამ დროს კაბინეტში ვიჯდე? მერე ჩემი შვილები რომ შემეკითხებიან, მამა, მაშინ სად იყავიო, რა ვუპასუხოო.

აგვისტოს მიწურული იყო, რომ წავიდა, აფხაზეთიდან არაერთხელ დაგვირეკა, კარგად ვარო. დაღუპვიდან წლისთავზე, ვახტანგ გორგასლის Iპირველი ხარისხის ორდენი გადმომცეს... მესტიაში, მისი სახელობის დიდი ქუჩაა, საიდანაც მისი გვარია".

"ომში ბიჭებს სულ აფრთხილებდა, მე მომყევითო"

გენერალ-მაიორი ანზორ მარგიანი, ავთანდილ იოსელიანის თანამებრძოლი: "იმ დღეს შტაბში გამთენიისას, ოჩამჩირელი მოხუცი კაცი მოვიდა და გვითხრა, აფხაზების 25-კაციანი ჯგუფია, ქალაქის ბოლოსკენ მიდიან, ნასვამები და შეიარაღებული არიანო. გავედით, შტაბში სულ რვა კაცი ვიყავით. ერთი "გაზ-24" გვყავდა, ჩავჯექით რვავე... ჩვენ რომ მივედით, ისინი უკვე მისულები იყვნენ მდინარე მოქვზე. მდინარე ძალიან ადიდებული იყო, საქონელი და ხეები მოჰქონდა. დაგვიწყეს სროლა, რამდენიმე კაცი დაიღუპა, ზოგი დაიჭრა, დაჭრილებიც და ყველანი წყალში ჩახტნენ. მე და ავთო ჩავებით თოკში და ვეუბნებოდით, არ მოგკლავთ, გამოდით-მეთქი... მივიყვანეთ შტაბში; ვეკითხებოდით, საიდან შემოვიდნენ, გვაინტერესებდა, საიდან შემოგვეპარნენ... სანამ მოვიყვანდით, კი გავჩხრიკეთ, მაგრამ ერთ-ერთს ჰქონია შარვლის უბეში ხელყუმბარა. ავთანდილი ჩემს სამუშაო მაგიდასთან იჯდა და მეკითხებოდა, რას ჰყვებაო, ამასობაში, ამ აფხაზმა ბიჭმა ამოიღო ლიმონკა და მოგლიჯა რგოლი, ავთო ეცა ხელებში, წაართვა და ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა. იმ დღეს მისთვის ყველაფერი დამთავრდა... შეეძლო "ლიმონკა" გადაეგორებინა, მაგრამ ზედ გადაეფარა. ძალიან ლამაზი ვაჟკაცი იყო... უშიშარი, მეგობრული და კეთილი. ომში ბიჭებს სულ აფრთხილებდა, ჩემს უკან იარეთ, მე მომყევითო. კარგი ქართველი ბიჭი დავკარგეთ ქართველებმა".