"კაი ბიჭები" არიან ჩამოსული, ხელი გაგვიმართე და ვალში არ დაგრჩებითო" - როგორ არეკეტებენ ქართველი კრიმინალები ქართველ ემიგრანტებს - კვირის პალიტრა

"კაი ბიჭები" არიან ჩამოსული, ხელი გაგვიმართე და ვალში არ დაგრჩებითო" - როგორ არეკეტებენ ქართველი კრიმინალები ქართველ ემიგრანტებს

"ბიზნესმენებს წილის მიცემას ჯერ "დიპლომატიურად", დაპირებით, აიძულებენ, რომ თუ "ვინმესთან პრობლემა შეექმნება, "მოუგვარებენ", თუ ამან არ გაჭრა, არსებობს სხვა გზებიც..."

ბოლო წლებში უცხოეთში სამუშაოდ უამრავი ჩვენი მოქალაქე წავიდა. ბევრი მათგანი რამდენიმე ათეული წელია სამშობლოში არ ჩამოსულა და ოჯახების დასახმარებლად დღედაღამ შრომობენ. როგორც "კვირის პალიტრას" რამდენიმე ემიგრანტი უამბობს, მათ მხოლოდ ოჯახისთვის არ უწევთ მუშაობა - კრიმინალური ელემენტები ან მათთან დაახლოებული პირები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ვითომ სამუშაოდ მიდიან, საერთო ნაცნობების ან სხვა კავშირების საშუალებით ეძებენ იმ ქართველებს, ვისაც ამა თუ იმ ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობა აქვს გამართული, და ჯერ "დიპლომატიურად", დაპირებით, რომ თუ "ვინმესთან პრობლემა შეექმნება, მოუგვარებენ", წილის მიცემას აიძულებენ, თუ ამან არ გაჭრა, არსებობს სხვა გზებიც...

გიგა, 37 წლის:

"რამდენიმე წელია ამერიკაში ვცხოვრობ. უკრაინულ სამშენებლო კომპანიაში ჩემი ბრიგადა მყავს, ქართველი ბიჭები, ვისაც ვენდობი და ვიცი, რომ პატიოსნად იმუშავებენ. ჩემი ძმა გერმანიაშია, ამავე საქმეს აკეთებს და პატარა ქართული სამზარეულოც აქვს. როგორც კი სტაბილური შემოსავალი გამიჩნდა, რამდენჯერმე მოვიდნენ ქართველები, რომლებმაც მთხოვეს, "კაი ბიჭები" არიან ჩამოსული, სანამ რამე იქნება, ფული სჭირდებათ, ხელი გაგვიმართე და ვალში არ დაგრჩებითო. ასეთ რამეებზე ევროპაში მცხოვრები ქართველებისგან მსმენოდა და ვიფიქრე, გავარკვევ რაღაცებს-მეთქი. ჩემს ძმასთან დავრეკე და მითხრა, კაპიკი არ მისცე, თორემ ვეღარასდროს მოიშორებ, ახლა თუ თხოვნით გელაპარაკებიან, მერე მუქარაზე გადავლენო. მოკლედ, ცოტა ხანში ისევ დამირეკეს, ვუთხარი, ფული არა მაქვს, მაგრამ ერთი-ორი კაცის დასაქმება შემიძლია-მეთქი. ძალიან იწყინეს, არ დაგავიწყდეს, რომ საქართველოში გყავს ოჯახიო. ვუთხარი, ამ ნომერს აქაურ პოლიციას გადავცემ და მოგხედავთ-მეთქი. იციან, რომ აქ პოლიციაც და სასამართლოც დამოუკიდებელია, დამნაშავე, ვინც უნდა იყოს, დაისჯება".

ემიგრანტების თქმით, ეს არის ამა თუ იმ გავლენიან "კრიმინალურ ავტორიტეტთან", ხშირად ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაახლოებული გუნდი. სწორედ მათი სახელით უკავშირდებიან ტელეფონზე ადრესატს, ხშირად კი პირდაპირ მიდიან.

დავითი, 37 წლის, ევროპაში მცხოვრები ქართველი: - მოჭიდავე, მოკრივე თუ სხვა მძლეოსანი სპორტსმენები, რომლებმაც სპორტში წარმატებას ვერ მიაღწიეს, კრიმინალებთან ერთად მოქმედებენ. თავის მხრივ, ისინიც ბევრ რამეში უმართავენ ხელს, დარბაზის გახსნაში და ან სხვა რამეში, შესაბამისად, არც ისინი რჩებიან ვალში და კრიმინალებს წილის მოსათხოვად წინასწარ შერჩეულ ადრესატთან "მოლაპარაკებაზე" დაჰყვებიან. ამ ჯგუფებში სპორტსმენების გარდა, "ინფორმატორები" და ბინების ძარცვაში გამოწვრთნილი "კადრები" ჰყავთ.

ინფორმაციას ქართველ ემიგრანტზე, ვინც მძიმე შრომით შეაკოწიწა ფული, რაღაც საქმე წამოიწყო და შემოსავალიც გაუჩნდა, "კრიმინალურ ავტორიტეტებს" "საჭირო პირები" აწვდიან. შემდეგ ბიზნესმენს თუ "წელში გამართულ" ემიგრანტს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ რადგან ფულს აკეთებს, მათი არსებობა არ უნდა დაივიწყოს. ხშირად ამას ისე წარმოაჩენენ, თითქოს მისთვის დიდი პატივი უნდა იყოს ამა თუ იმ "კანონიერი ქურდის" გარემოცვასთან "დაახლოება". ზოგს მართლა ურჩევნია უხდიდეს ერთს, მაგრამ სხვებისგან მაინც იყოს დაცული. სამაგიეროდ, თუ რამე გაუჭირდება, "მფარველი" ჰყავს.

მეორე ვარიანტი ასეთია: მასთან ოფისში ან ობიექტზე მიდის ჯგუფის რამდენიმე წევრი, მათ შორის ლიდერი ან ზოგჯერ მისი წარმომადგენელი, რომელსაც თან ახლავს ერთი ან რამდენიმე დაკუნთული სპორტსმენი, რომლებიც მზად არიან ნებისმიერს დაუმტვრიონ თავ-პირი. ზოგიერთი ემიგრანტი წნეხს ვერ უძლებს და გამოსავლის ძიებას იწყებს, გააჩნია, რამდენად გავლენიანი იყვნენ მასთან მისული დამნაშავეები. ზოგჯერ იძულებული არიან სხვა წარმატებული ქართველის შესახებაც გასცენ ინფორმაცია. არის შემთხვევები, როცა მდიდარ ოჯახში მომუშავე ქართველებზე გაჰყავთ და შემდეგ მათი დახმარებით ძარცვავენ სახლებს.

ხშირ შემთხვევაში ქართველ ემიგრანტს არ უღირს ჩივილი და საქმის გამწვავება, რადგან დამნაშავეთა ჯგუფიდან თუნდაც ერთი ან ორი რომც ჩაჯდეს ციხეში, სხვები ხომ გარეთ რჩებიან...

ქართველი ემიგრანტების წილში ჩაჯდომა წლების განმავლობაში აპრობირებულია რუსეთსა და უკრაინაში. ბოლო დროს ევროპის ქვეყნებსაც შეესივნენ, სადაც უამრავი წარმატებული ემიგრანტია.

- რა მოხდება, თუ კრიმინალებს არ გადაუხადეს? - ჩემს ახლობელს სასტუმრო აქვს. როცა კრიმინალებს ფულის გადახდაზე უარი უთხრა, სასტუმროს რესტორანში რამდენიმე ქართველი დაკუნთული სპორტსმენი მივიდა, მიმტანს რაღაცაზე აუშარდნენ, შემდეგ სტუმრებთანაც ჩხუბი დაიწყეს და იქაურობა დალეწეს. მერე მეპატრონეს დაურეკეს, სჯობს ჩვენს პირობებს დათანხმდე, თორემ ასეთი ამბავი ხშირად მოხდებაო. ჩემი ახლობელი არ შეეპუა, პოლიციას მიმართა, მაგრამ ასეთები ერთეულები არიან, ძირითადად ისინი, ვისაც საქართველოში ახლობელი ადამიანები აღარ ჰყავთ. ის ბიჭიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს ევროპაში, თორემ სხვებს საქართველოში მყოფი ოჯახის წევრებისთვის რამის დაშავებით ემუქრებიან. შეიძლება მისი მისამართი გაიგონ და ბინა გაუძარცვონ ან კიდევ უარესი, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები.