"ქარდავა იყო მხეცი, ადამიანურ გრძნობებს მოკლებული ავადმყოფი"
"ქარდავა იყო მხეცი, ადამიანურ გრძნობებს მოკლებული ავადმყოფი"
რვაწლიანი ძებნის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა საქართველოშია. იგი 17 სექტემბერს კიევი-თბილისის რეისით ჩამოიყვანეს. ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო. ქარდავა საქართველოდან 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებისთანავე წავიდა და 2013 წლიდან ოფიციალურად იძებნება. ის უკრაინაში პირველად 2017 წელს დააკავეს. მაშინ ქარდავამ უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარი მოითხოვა. ოთხწლიანი პროცედურების შემდეგ ის წელს, სექტემბერში, ხელმეორედ დააკავეს. მისი ქართველი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებდა, რომ გაერომ მეგის ქარდავა საერთაშორისო
პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას ქართული მხარისთვის მისი გადაცემა აუკრძალა. "ჩემი შეფასებით, იმდენად თვალსაჩინოა მისი პოლიტიკური დევნა, რომ შეუძლებელია, დემოკრატიულმა სახელმწიფომ ის საქართველოს გადმოსცეს. ალბათ, სწორედ ეს დაინახა გაერომ და ამიტომ შეაჩერა ეს პროცედურა, რომელიც სრულიად უკანონოდ მიმდინარეობდა. ეს დოკუმენტი ძალაშია გამოცემიდან
სამი თვის განმავლობაში, სამი თვის შემდეგ პროცედურები უნდა გაგრძელდეს. ამ პერიოდში საქმეს გაეროც შეისწავლის და, ალბათ, რაიმე რეკომენდაციას გასცემს"," - განაცხადა გასულ კვირას მალხაზ ველიჯანაშვილმა, თუმცა მისი იმედი არ გამართლდა: კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით მეგის ქარდავა ექსტრადირებულია.

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე


მეგის ქარდავა მსჯავრდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რისთვისაც სასჯელის ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" კანონის გამოყენებით", 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

დადგენილია, რომ 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითქოსდა რუსთავის პირველ ციხეზე თავდასხმისა და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას სამი ახალგაზრდა განზრახ მოკლეს. მათ იცოდნენ, რომ საღამოს 9 საათზე ერთ-ერთი პატიმრის, გია გორგაძის ძმა, 17 წლის შოთა გორგაძე და მისი მეგობრები - რომან სურმანიძე და მარად ართმელაძე ავტოსადგურში უნდა მისულიყვნენ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა დათა ახალაიამ, გიორგი მაზმიშვილმა, ლევან ქარდავამ და კუდ-ის სხვა თანამშრომლებმა ახალგაზრდები ალყაში მოაქციეს. შეშინებულმა გორგაძემ და მისმა მეგობრებმა კუდ-ის თანამშრომლებს ხვეწნა დაუწყეს, არ ესროლათ, გაქცევა სცადეს, საპასუხოდ ახალაიამ, თანამზრახველებთან ერთად, გაფრთხილებისა და შეყოვნების გარეშე დაიწყო სროლა. სამივე მიწაზე დაეცა. დავით ახალაიამ შოთა გორგაძეს ავტომატის ლულა თავზე მიაბჯინა და საკონტროლოდ გაისროლა. ახალაიას მიჰბაძეს გიორგი მაზმიშვილმა და სხვებმა, რომლებმაც თავის არეში საკონტროლოდ ესროლეს გორგაძის მეგობრებს. გორგაძეს 12 ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა, ართმელაძეს - ხუთი, სურმანიძეს - ექვსი. სამივე იქვე გარდაიცვალა. ამის შემდეგ კუდ-ის თანამშრომლებმა გვამებთან დაალაგეს წინასწარ მომზადებული, შემთხვევის ადგილზე სპორტული ხელჩანთით მიტანილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მერე კი, საზოგადოებისთვის საჩვენებლად, შსს-ს მაშინდელმა პრესსამსახურმა გურგენ (გურამ) დონაძის ხელმძღვანელობით სპეცოპერაციის დადგმული სცენა ვიდეოფირზე გადაიღო. საქმის მასალების მიხედვით, მალევე ბაჩანა ახალაიამ შეიტყო ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობა და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად მეგის ქარდავასა და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გაემართა რუსთავის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც გაქცევის აღიარების მოსაპოვებლად სასტიკად აწამეს გია გორგაძე და მასთან მყოფი სხვა პატიმრები. მოგვიანებით სპეცოპერაციის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ვერსია, თითქოს შოთა გორგაძე მარად ართმელაძესა და რომან სურმანიძესთან ერთად პატიმართა გაქცევის მიზნით Nსაპატიმროზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდა.

ე.წ. ციხის ბუნტი

მეგის ქარდავა ასევე მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის. ამ დანაშაულისთვის მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 9 თვით. დადგენილია, რომ 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-7 დაწესებულების დირექტორმა მეგის ქარდავამ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ რამდენიმე მსჯავრდებულს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი ეზოში გაყვანის შემდეგაც. ყველას დასანახავად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

სერგო თეთრაძის საქმე


ძალიან მძიმეა სერგო თეთრაძის წამების საქმე. აქაც რამდენიმე პირი ფიგურირებს. მეგის ქარდავას მიმართ ამ საქმეზეც გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი პატიმართა წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის და მას მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალის მიხედვით, 2011 წლის სექტემბერში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა, სხვა პირებთან ერთად, თითქოს ჯაშუშობაში მხილებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის იყო სერგო თეთრაძე, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდა და მოკვლით ემუქრებოდა. სერგო თეთრაძე წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შემდეგ ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მეგის ქარდავა ბრალდებულია დავით ლონდარიძისა და გია გორელაშვილის წამებაშიც. სასურველი ჩვენების მისაღებად ქარდავა გია გორელაშვილს თეთრი პლასტმასის მილით სცემდა, ყელზე ქამარშებმულს ოთახებში ათრევდა და რკინის საჭრელი მაკრატლით ხელის თითის მოჭრის იმიტირებას ცდილობდა. მეგის ქარდავამ დავით ლონდარიძეს ჯერ თავად ჩაარტყა, შემდეგ კი სხვებს უბრძანა მისი ცემა. ლონდარიძეს ისე უმოწყალოდ სცემდნენ, რომ თავიდან სისხლი წამოუვიდა.A ბოლოს კი გაუპატიურება დაუპირეს, რის შემდეგაც ლონდარიძემ აღიარა ყველაფერი, რასაც მისგან მოითხოვდნენ.

ე.წ კასრების საქმე


შს სამინისტრომ 2013 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყეში რვა პოლიეთილენის კასრი იპოვა, რომლებშიც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ვიდეოფირი აღმოჩნდა. ამ ჩანაწერებში ორი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტიც ჩანდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით წინასწარ აგებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ. ე. წ კასრების უმძიმეს საქმეზე პასუხისგებაში 12 პირი მიეცა. 2014 წელს სხვებთან ერთად დაუსწრებლად მეგის ქარდავაც გაასამართლეს და ამ დანაშაულისთვის 9 წელი მიუსაჯეს.

გარდა ზემოთ ხსენებული საქმეებისა, მის წინააღმდეგ განიხილება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სამი პატიმრის წამებას ეხება. პროკურატურის მტკიცებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავამ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარების მოთხოვნით სამი პატიმარი ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით აწამეს. წამების შედეგად ერთი პატიმარი იმავე დღეს გარდაიცვალა.

კიდევ ერთი საქმე - 2012 წლის 29 ივლისს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსთან ერთად სამხედრო პოლიციის შენობაში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით ბეისბოლის ჯოხისა და სხვა საგნების გამოყენებით რამდენიმე საათის განმავლობაში აწამა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი. მას არაერთხელ შეასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეგის ქარდავას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე განიხილება. 2012 წლის დასაწყისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს აღსრულდა კიდეც.

მეგის ქარდავას 2011-2012 წლებში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში 828 000 ლარის მითვისებასა და გაფლანგვას ედავებიან.

რას უპასუხებს ქარდავა ამ უმძიმეს ბრალდებებს, სასამართლოში გამოჩნდება. ჯერჯერობით ის თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, თუმცა, ცხადია, მას პროცესებზე ის ხალხი დაუპირისპირდება, ვის წამებაშიც ბრალს სდებენ.

"ქარდავა სააკაშვილის მძიმე ახირებების ერთ-ერთი შემსრულებელი იყო!"

მირიან ნიკოლაძე, იურისტი: - ქარდავა იყო მხეცი, ადამიანურ გრძნობებს მოკლებული ავადმყოფი, რომელიც აწამებდა ხალხს, არ ინდობდა არავის და სჩადიოდა ისეთ სისასტიკეს, როგორიც შეიძლება ჩვენმა ფანტაზიამაც კი ვერ წარმოიდგინოს. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩამოიყვანეს და პასუხს აგებს ყველა დანაშაულისთვის. რაც შეეხება გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გაერომ ქარდავა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას მისი საქართველოსთვის გადმოცემა აუკრძალა... მხარეთა კონკრეტულ ვალდებულებებს საერთაშორისო კანონმდებლობა არეგულირებს, რომელსაც საქართველოც შეუერთდა და აქ უამრავი ნიუანსია. ჩვენ და უკრაინას გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები გვაკავშირებს და, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, მესამე მხარე, რაც უნდა გავლენიანი იყოს ის, რა ფორმით უნდა ჩარეულიყო ამ საკითხში. ჩარევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ამ პირთან პრეტენზია ამ მესამე მხარესაც აქვს. მე ახლა მაინტერესებს ამ სადისტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ ციხეში, სადაც თვითონ, თავის დამქაშებთან ერთად, დაუნდობლად აწამებდა ხალხს. სააკაშვილი ამბობს, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ქარდავაო, არადა კარგად იცის, რომ მისი მძიმე ახირებების ერთ-ერთი შემსრულებელი იყო!

ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ამ ხელისუფლებამ დააწინაურა ის კადრები, ვინც სააკაშვილის ხელისუფლების ავანგარდში იყვნენ. ისინი დღემდე დაუსჯელი არიან, არადა მათ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა გადის... ადრე შეკრებითობის წესი მოქმედებდა, ახლა კი ესენი ერთიან სასჯელს იღებენ და ამ სადისტს, ამნისტიის გათვალისწინებით, ყველაზე ხანგრძლივ სასჯელად 9 წელი აქვს მისჯილი! მხოლოდ 9 წელი იმ უბედურების გამო, რაც მან ჩაიდინა?! არადა, მის კისერზე უამრავი უმძიმესი დანაშაულია. ამის გარდა, ახლა ხელისუფლებამ ციხეში მის დაცვაშიც 10-ჯერ მეტი რესურსი უნდა ხარჯოს, რომ სხვა პატიმარი თავს არ დაესხას. კამერებიც უნდა დაუყენონ, თორემ ნებისმიერ პატიმარს რომ ჩაუვარდეს ხელში, ის ვერ გადარჩება. ამიტომ სამარტოო საკანში უნდა გამოკეტონ და სპეციალური დაცვა მიუჩინონ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები