ხატია დეკანოიძემ ფარული მიყურადების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა - კვირის პალიტრა

ხატია დეკანოიძემ ფარული მიყურადების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის გაერთიანებულმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მიმართა. დეკანოიძე ფარული მოსმენებისა და მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

მერობის კანდიდატის თქმით, მის შესახებ გამოქვეყნებული ჩანაწერები, მათ შორის ელჩებთან საუბრების ეპიზოდი, რეალურია, ამიტომ უნდა მოხდეს გამოძიება. როგორც დეკანოიძე განმარტავს, არ აქვს იმედი, რომ ამ არსებული პროკურატურის პირობებში გამოძიება მოხდება, თუმცა სამართლიანობა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებლად აღდგება.

"ყველამ, ვისი ინფორმაციაც გამოქვეყნდა, უნდა შეიტანოს სარჩელი პროკურატურაში. ჩემი ეპიზოდიც, რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებით, რეალურად ჩემი საუბარი იყო, მათ შორის ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან. ამიტომ მე დღეს შევიტანე სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება. მე არ მაქვს იმედი, რომ ეს პროკურატურა გამოიძიებს, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც გვეყოლება დამოუკიდებელი პროკურატურა, აუცილებლად ყველა სარჩელის გამოძიება დაიწყება"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.