"ოპოზიცია და ოპოზიციური ტელევიზიები ცდილობენ, ქვეყანა დიპლომატიურ სკანდალში ჩაითრიონ"
27-09-2021
"ოპოზიცია და ოპოზიციური ტელევიზიები ცდილობენ, ქვეყანა დიპლომატიურ სკანდალში ჩაითრიონ"
"ასეთი კრებსების გაკეთება სპეცსამსახურების გარეშეც ძალიან იოლად შეიძლება"

ფარული მოსმენის ირგვლივ ატეხილი სკანდალი ისევ აქტუალურია, ბევრი კითხვა - დღემდე უპასუხო. პროკურატურამ­ გამოძიება დაიწყო და მედიასაშუალებებსაც მოუწოდა, მათ ხელთ არსებული ჩანაწერები არ გამოაქვეყნონ, მაგრამ პერიოდულად ამ ჩანაწერების ფრაგმენტები მაინც ვრცელდება, ძირითადად - სასულიერო პირების სატელეფონო საუბარი და მიმოწერა. ვრცელდება ინფორმაცია რომ უსმენდნენ ჟურნალისტებს, მინისტრებს და დიპლომატებსაც კი. ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს სუს-ის მიყურადებით დაარქივებული მასალაა, რომელიც ვიღაცამ გარეთ გამოიტანა... ექსპერტები
თვლიან, რომ ახლაც საქმე გვაქვს ბინძური მეთოდებით წინასაარჩევნო ბრძოლასთან, ამიტომ გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაადგინოს სიმართლე და ისიც, უსმენდნენ თუ არა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. თუ ეს დადასტურდა, შესაძლოა, დიდი სკანდალი აგორდეს...

ამირან სალუქვაძე, ექსპერტი: - ყველაფერი წინასაარჩევნოდ გამოიფინა და, ცხადია, ამას პოლიტიკური მიზანი აქვს. მიუხედავად იმისა,
სიმართლეა თუ სიყალბე, ეს არის ყველაზე მიუღებელი ამ კამპანიაში. თუ ასეთი ინფორმაციები ჰქონდათ, მაშინვე უნდა ეთქვათ, როგორც კი ხელში ჩაუვარდათ და არა - წინასაარჩევნოდ. მედიასაშუალებებს საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე პასუხისმგებ­ლობა აკისრიათ და უნდა დაფიქრდნენ, რა გაავრცელონ და რა - არა. მეტწილად სოციალური ქსელით და პრესით ვეცნობი ამ ყველაფერს, რადგან ზოგიერთი ტელევიზიის ყურება აუტანელია. თითქოს დიპლომატების თანაშემწეებსაც უსმენდნენ. სიმართლეა თუ არა ეს, ჯერ არავინ იცის, ასეთი ინფორმაცია კი ქვეყნისთვის ზიანის მომტანია და ეს მათ კარგად ესმით. ყველას თავი უნდა შეეკავებინა მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან, ეთანამშრომლათ გამოძიებასთან და თუ გამოძიება არასწორად წარიმართებოდა, შემდეგ ემოქმედათ. მაგრამ მათი საქციელით აშკარაა, რომ არაფერი ადარდებთ. პოლიტიკური მიზნები მათთვის სახელმწიფოს ინტერესებზე უპირატესია.

კრებსებით ვერაფერს დაადგენენ. დავუშვათ ეს სიმართლეა, მაგრამ მათ ხომ არ იციან, ეს კანონიერად ჩაიწერა თუ უკანონოდ! რაც შეეხება ამ ე.წ. საბუთებს, ბევრ ადამიანს აქვს პროგრამა, რომელიც ავტომატურად იწერს სატელეფონო საუბარს, ეს განსაკუთრებით ეხება ჟურნა­ლისტებს. ალბათ, ის პოლიტიკოსებიც იწერენ საუბრებს, ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება თავიანთი ნათქვამი უკან ცუდად დაუბრუნდეთ. მე, მაგალითად, არაფერს ვინახავ, არ მჭირდება. ორი წლის შემდეგ­ თქვენზე რომ მკითხოს ვინმემ, ამ და ამ ჟურნალისტს თუ ესაუბრეო, ვიტყვი, რომ ვესაუბრე, მაგრამ ეს ჩანაწერი შეიძლება გავრცელდეს თქვენგან და არა - სპეცსამსახურებისგან, რადგან ახლა ამას იწერთ, ამიტომ ასეთი კრებსების გაკეთება სპეცსამსახურების გარეშეც ძალიან იოლად შეიძლება.

- მაგრამ აქ ხომ ტოტალურ მოსმენაზეა ლაპარაკი! 58 000 ფაილია გამოტანილი!..
- ითქვა, 58 000 ფაილიო, მაგრამ ამან არ უნდა შეგვიქმნას განცდა, თითქოს ამის განზრახ გაკეთება შეუძლებელია. იკვეთება, რომ რაღაც პროცენტი სიმართლეა, მაგრამ ხელით აკრეფილი მასალებით დადასტურებულად თქმა, რომ ეს სპეცსამსახურმა ჩაიწერა, შეუძლებელია. რაც შეეხება გავრცელებას,
ცხადია, ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ამიტომ სახელდება 58 000 ფაილიც. როცა ფაილებს სათითაოდ აშუქებენ, ეს სცდება არა მხოლოდ მედიის, არამედ ყველანაირ მორალურ სტანდარტს. ეს არის დატერორება მთელი მოსახლეობის და არა - მხოლოდ იმ ადამიანების, რომელთა გვარებსაც ახმაურებენ, რადგან ამის შემდეგ ყველა ფიქრობს, რომ, ალბათ, მასაც უსმენდნენ და შიშით ელის, არ გამომზეურდეს მისი რომელიმე საუბარი. სურთ გააჩინონ განცდა, რომ გრძელდება ის, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფ­ნის დროს ხდებოდა, როცა ბებია შვილიშვილს ვერ ელაპარაკებოდა იმის შიშით, რომ უსმენდნენ. ყველამ იცოდა, ვისაც მობილური ჰქონდა, რომ ტელეფონით გულახდილად არ უნდა ელაპარაკა, ახლა კი, კიდევ ერთი თვეც რომ ატრიალონ ეს ინფორმაცია, ხალხი მაინც ჩვეულებრივ საუბრობს მობილურით. ეს ყველაფერი აშკარად პოლიტიკური მიზნით არის გაკეთებული.

როგორც ირკვევა, ეს სამი წლის განმავლობაში დაგროვილი კრებსითი მასალებია. სამი წელი არის 1 000 დღე. 58 000 რომ გავყოთ 1 000 დღეზე, დღეში 60-მდე საუბარი გამოდის. საქართველოში 2 მილიონი აბონენტია. დღეში 60 ზარის გაკონტროლება, თუნდაც სპეცსამსახურის მიერ, ქმნის განცდას, რომ ყველას უსმენენ? კანონიერად უსმენენ თუ უკანონოდ, ეს ცალკე თემაა და მე მოსმენას არ ვამართლებ, მაგრამ ეს ტოტალური მოსმენა არ არის.
თუ შინაარსობრივად დავაკვირდებით, გარდა ინტიმური ურთიერთობისა, რაც ამ გავრცელებულ­ ჩანაწერებშია და რაც შეიძლება მოგონილი იყოს, სხვა მასალა საინტერესო არ არის.

შვიდი წელი ვიყავი სპეცსამსახურში. მართალია, მოსმენებთან კავშირი არ მქონია, მაგრამ ჩემს ხელქვეითს ასეთი სისულელეები რომ დაეწერა, ასეთი არაფრის მთქმელი კრებსები შეედგინა, მისი კვალიფიკაციის საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა. მე არ ვამბობ, რომ არავის უსმენენ, მაგრამ უნდა გაირკვეს, ეს კანონიერად ხდება თუ უკანონოდ და, საერთოდ, ვინ უსმენდა მათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალ თანამდებობებზე ნამუშევარი პირები ახლა პოლიტიკაში არიან, ისმენენ ამ ყველაფერს და არიან გასუსული, თითქოს ეს მათ არ ეხებათ, თითქოს ეს მხოლოდ ხელისუფლებისა და დღევანდელი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის Oხელმძღვანელის ორი მოადგილეა პოლიტიკაში.­ ირაკლი კობახიძემ მინიშნებით კიდევ ერთი სტრუქტურა დაასახელა და ვხვდები, რომელ სტრუქტურას გულისხმობდა, მაგრამ არც მე გავამხელ. იმასაც ვხვდები, რას გულისხმობდა ეს მინიშნება - ალბათ, არჩევნების შემდეგ უფრო აშკარად ილაპარაკებს ამ თემაზე. ის ორი მაღალჩინოსანი, რომლებიც ახლა პოლიტიკაში არიან, გამოვიდეს და თქვას, უსმენენ მთელ ქვეყანას? მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან იციან, რომ ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება.

- პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება ეს მასალები არ არის სუსის ჩაწერილი და სხვა გზით იყოს მოპოვებული. გამოძიება შეძლებს სიმართლის დადგენას თუ ეს კითხვა კითხვად დარჩება?
- როგორც გითხარით, ამ ფორმით ინფორმაციების გავრცელება არის დატერორება იმ ადამიანების, რომელთა ვინაობა გახმაურდა - სექსუალური ხასიათის ინფორმაციას ვგულისხმობ. ეს არის ამ ადამიანების სუიციდამდე მიყვანის მცდე­ლობა. მე ამას, როგორც მინიმუმ, მორალურ მკვლელობას ვეძახი. მკვლელობისთვის ყოველთვის არ არის საჭირო იარაღის გამოყენება, სიტყვაც კლავს და ეს არის სიტყვით მკვლელობა. ეს არის შეტევა ეკლესიაზე. როცა სჭირდებათ, იცავენ ეკლესიას, როცა სჭირდებათ, უტევენ, მაგრამ ეკლესია ამას გადაიტანს. სასულიერო პირები მოკვდავები არიან, ცხადია, მათ აქვთ სისუსტეები, მაგრამ აქვთ უფლებებიც და როცა ვიღაც მათ პირადს გამოფენს, ეს დანაშაულია. რა თქმა უნდა, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. თუ ასეთი კრებსები იწერებოდა, ამ მასალებს გრიფი უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე თვალი ვერსად მოვკარი და არც არავის უთქვამს, რომ ეს საიდუმლოა. ვერც იტყვიან, რადგან თუ საიდუმლო მასალებს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. არ შეიძლება მისი ასე გამოქვეყნება. გამოძიებამ დახმარებისთვის პარტნიორ სახელმწიფოს მიმართა და ეს ძალიან კარგია, რადგან პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ და დადგინდება, ამ 58 000 ფაილში რამდენი პროცენტია სიმართლე და რამდენი - სიყალბე, ან რამდენია სპეციალური სამსახურის მიერ ჩაწერილი. ისეთი დიდია ჩვენი პარტნიორების ინტერესიც, რომ სიმართლეს არავინ დამალავს.

ოპოზიცია და ოპოზიციური ტელევიზიები ცდილობენ, ქვეყანა დიპლომატიურ სკანდალში ჩაითრიონ. თუ Uდადგინდება, რომ დიპლომატებს უსმენენ, მაშინ უნდა გაირკვეს, ეს განზრახ იყო თუ არა გაკეთებულიU და ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს. თუ დადგინდა, რომ მასალები ფალსიფიცირებულია, ამის გამკეთებელიც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, მათ შორის - მედიასაშუალებებიც... აქამდე ფაილებით ატერორებდნენ ქვეყანას და გაოგნებული არიან, რომ ახლა ეს აღარ გამოსდით. ვერ `ააგდეს~ ხალხი და ცდილობენ, რაღაც სხვა მოიფიქრონ. ამიტომ დაიწყო მივარდნები და მუშტი-კრივი. 2 ოქტომბრამდე ცოტა დარჩა. ჩავატარებთ ამ არჩევნებს და მერე ყველაფერი გამოჩნდება. სიმართლე რომ დადგინდება, ბევრის ნამდვილ სახესაც დავინახავთ.

ესა და ეს აგენტი გისმენდათო... ამის თქმა მეტისმეტად არაკვალიფიციურია. პასუხისმგებელი ამ დროს დავალების მიმცემია. რატომ ატერორებენ ასეთ ადამიანებს?! რატომ ახმაურებენ მათ ვინაობას?! უწყების თანამშრომლის ვინაობის დადგენა ძნელი არ არის, მაგრამ ეს ხომ ტერორია! გამოძიების გარეშე მათ დამნაშავედ რაცხავენ, სახლებში უცვივდებიან და მათ შესახებ დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებენ! როგორ შეიძლება, მათ ხომ ოჯახები ჰყავთ! სასამართლომაც რომ ცნოს ვინმე დამნაშავედ, მაშინაც არავის უნდა მიუვარდე სახლში, ამ შემთხვევაში კი ჯერ არავის დანაშაული დადგენილი არ არის!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?