”ეს არის ელიტური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი” - კვირის პალიტრა

”ეს არის ელიტური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი”

"ეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სილის გაწვნაა"

"ყველა მოქალაქე ქუჩაში რომ გამოვიდეს, დააქციოს და გადაწვას ყველაფერი, ისე საშიში არ არის სახელმწიფოსთვის, როგორც კონსტიტუციის უარყოფა"

"პარლამენტს ვინ მისცემს სისხლის სამართლის პასუხისგებაში?"

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისათვის ყველა ინსტიტუტი არსებობს. არ მოგწონს კანონი, გააპროტესტე, გაასაჩივრე, აგერ არ არის საკონსტიტუციო სასამართლო? მაგრამ...

მანანა კობახიძე, საზოგადოებრივი დამცველი: "პოლიტიკოსებს არაფრად უღირთ თვით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ანტიკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას სინდისის უქენჯნელად აქცევენ კანონად. საზოგადოება კი თავისი უფლებების დაცვას ვერ ახერხებს მაშინაც კი, როცა ხელთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს.

საქართველოს კანონში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" მოსალოდნელი ცვლილებები შეზღუდავს იმ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციით, ყველა მოქალაქეს (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებსა და შეიარაღებულ ძალებში მომსახურე პერსონალისა) უფლება აქვს, შეიკრიბოს როგორც ჭერქვეშ, ასევე ღია ცის ქვეშ და მშვიდობიანად გამოთქვას პროტესტი. ახლანდელი საკანონმდებლო ინიციატივით კი ეს უფლება იზღუდება.

კანონპროექტში მითითებულია, რომ იკრძალება სახელმწიფო დაწესებულებებთან 20 მეტრის  რადიუსში (მათ შორის სასამართლოს შენობებთან, შესასვლელებთან) აქციის გამართვა. ეს შეზღუდვა არ შეიძლება დაკანონდეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და ეს ნორმა არაკონსტიტუციურად მიიჩნია. ახლა ამავე ნორმას ისევ გვთავაზობს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა.

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მეწარმეთა კანონის ის მუხლი, რომელიც აქციების 5%-ის მფლობელებს ავალდებულებდა, კუთვნილი წილი მსხვილი აქციონერისთვის მიეყიდათ. ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ კი ცნო არაკონსტიტუციურად, მაგრამ ძალიან მალე კანონში ცვლილება შეიტანეს, მუხლს ნუმერაცია შეუცვალეს და იმავე შინაარსის ნორმა დააკანონეს(?!). როცა ახალი სარჩელით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, გვითხრეს, ამ თემაზე უკვე ვიმსჯელეთო და ჩვენი სარჩელი წარმოებაში არ მიიღეს.

ასეთ მანევრებს ხელისუფლება ხშირად მიმართავს. ეს თაღლითობაა, რომელსაც პოლიტიკოსები და პარლამენტარები სჩადიან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა და როცა მას არ ასრულებს პარლამენტი და აკანონებს არაკონსტიტუციურ კანონებს, ეს უკვე პოლიტიკის საქმეა. პარლამენტს ვინ მისცემს სისხლის სამართლის პასუხისგებაში?

- გამოდის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფარატინა ქაღალდია?

- საკონსტიტუციო სასამართლოც ხელისუფლების სუფრის წევრია და სარჩელის მიღებაზე უარით ცდილობს, თავიდან აირიდოს მასთან კონფლიქტი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეჯახებით პოლიტიკურ ნებას. როცა პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია საკითხის გადაწყვეტის პოლიტიკური ნება, იქ სამართალი უძლურია!"

ოთარ ბენიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე: "მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ  ნორმა ან კანონი არაკონსტიტუციური იყო და პარლამენტი იმავე შინაარსის კანონს მიიღებდა, მოქალაქეს შეეძლო ისევ შემოეტანა სარჩელი. რამდენჯერაც უნდა შეეცვალათ მუხლის ნუმერაცია, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო გამწესრიგებელ სხდომაზე მიეღო გადაწყვეტილება ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ".

საინტერესოა, თუ ეს ნორმა მოქმედებდა მაშინ, რატომ არიდებს თავს საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელების მიღებას ახლა?

გიორგი მგელაძე, სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტი: "დავადგინე, რომ  პრეზიდენტმა პირდაპირი წესით, საკუთარი განკარგულებით, სიმბოლურ ფასად (1.000 ლარად) საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს გადასცა ძვირად ღირებული ქონება, ბინები და საცხოვრებელი სახლები ბათუმის ცენტრში. ასეთი ექვსი ფაქტი აღმოვაჩინე. პრეზიდენტის ნაჩუქარი ქონება ამ მოსამართლეებს დეკლარაციაში ჰქონდათ  აღრიცხული. ბინების მინიმალური ღირებულება იწყებოდა 30.000 ლარიდან და 250.000-ით მთავრდებოდა. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს დეკლარაციაში პრეზიდენტის მიერ სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება 230.000 ლარად ჰქონდა შეფასებული.

როგორც მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელმა ბრძანა, ეს დაკავშირებული ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადასვლასთან, რომ პრეზიდენტის ჟესტი მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა(?!)"

ლია მუხაშავრია, ადვოკატი: "როდესაც საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უპატივცემულობით პასუხობს (მხედველობაში მაქვს კანონი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ"), უნდა დავფიქრდეთ, რა ხდება. საკონსტიტუციო სასამართლომ ხომ ცოტა ხნის წინ ცნო ოცმეტრიანი შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურად? და რას აკეთებს პარლამენტი? ძალიან მალე იმავე დებულებებს იმეორებს კანონის სხვა მუხლში. ეს სილის გაწვნაა კონსტიტუციური ზედამხედველობის ორგანოსთვის. ამაზე მეტი უპატივცემულობა წარმოუდგენელია. ეს კონფლიქტი უფრო საშიშია სახელმწიფოსთვის, ვიდრე მოქალაქეების მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული.

ყველა მოქალაქე ქუჩაში რომ გამოვიდეს, დააქციოს და გადაწვას ყველაფერი, ისე საშიში არ არის სახელმწიფოსთვის, როგორც კონსტიტუციის უარყოფა. უფრო დიდი უბედურება კი ის არის, რომ საქართველოს პარლამენტი ამას აკეთებს ხალხის სახელით.

როდესაც ასეთი "ძმაბიჭური" ურთიერთობა (ვგულისხმობ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის ქონების პრაქტიკულად ჩუქებას) არსებობს აღმასრულებელსა და სასამართლო ხელისუფლებების ისეთ განსაკუთრებულ რგოლს შორის, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო, ასეთი დამოკიდებულება გასაკვირი აღარ არის.

ეს არის ელიტური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი. ქვეყნის პრეზიდენტმა მოსამართლეებს სიმბოლურ ფასად გადასცა ძვირად ღირებული უძრავი ქონება, ქონება, რომელიც არც მისი საკუთრება იყო და არც მისი განკარგვის უფლება ჰქონდა. იმ მოსამართლეებს რომ ჰქონოდათ ღირსება, მათი თანამდებობისთვის შესაბამისი მორალური თუ საკანონმდებლო სტატუსი, ასეთ საჩუქარზე უარს იტყოდნენ. აი, ამ ურთიერთობის  შედეგია ის, რომ პარლამენტს შეუძლია სილა გააწნას საკონსტიტუციო სასამართლოს და უთხრას, წერე და იკითხე, შენი გადაწყვეტილებები არაფრად მიღირსო!"