"სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან სახლში მისულ გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა და ერთად გარეცხეს" - კვირის პალიტრა

"სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან სახლში მისულ გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა და ერთად გარეცხეს"

დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან სახლში მისულ გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა.

როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, დანარჩენმა მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ გიორგი მენაბდე ხორავას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობას იღებდა.

"დაკითხული სამი მოწმე არიან ის პირები, რომლებიც გიორგი მენაბდეს 2017 წლის პირველ დეკემბერს, საღამოს საათებში შეხვდნენ, ანუ მას შემდეგ, რაც ის ხორავას ქუჩიდან გამოვიდა და მეგობართან სახლში დაბრუნდა. მოწმეებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ გიორგი მენაბდემ 51-ე სკოლის მოსწავლეებთან ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან მისვლის დროს გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა და ის დაეხმარა ამ სისხლიანი ტანსაცმლის გარეცხვაში. ასევე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გიორგი მენაბდეს ზურგის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს მიიღო. თუმცა, მოწმეებმა დამატებითი გარემოებები, თუ რა მოხდა, რა ვითარებაში დაიჭრა გიორგი მენაბდე, რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები დავით სარალიძემ და ლევან დადუნაშვილმა, ამასთან დაკავშირებით მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ. ამ მოწმეებს ინფორმაცია თავად ბრალდებულისგან ჰქონდათ, ერთმა მოწმემ კი დაადასტურა ის, რაც თავისი თვალით ნახა, რომ მასთან სახლში მენაბდე სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა და ეს ერთად გარეცხეს", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.