"სუს-ის განცხადება სამარცხვინო და პოლიტიზებულია - არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა" - კვირის პალიტრა

"სუს-ის განცხადება სამარცხვინო და პოლიტიზებულია - არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა"

"არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა. არჩევნებამდე ორი დღით ადრე, "ქართულმა ოცნებამ" მორიგი კატასტროფული კრახი განიცადა", - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გვარამიას განცხადებით, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის განცხადება სრულიად პოლიტიზებული, არაკვალიფიცური და დანაშაულებრივი ქმედება იყო, რაზეც "პასუხი ყველას მოეთხოვება".

,,ის რაც ახლა სუს-მა გააკეთა, მათ შორის, მეც გამიკეთა, გაუკეთა იმ ბიჭებს, ვინც მე მიცავს. თქვა, რამდენი არიან და კიდევ რამდენი დაემატება, რეალურად კი გააკეთა არაკვალიფიციური, სრულიად პოლიტიზებული, სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედება, ამაზე პასუხი ყველას მოეთხოვება. ეს ისეთი მოულოდნელია ჩემთვის და ისეთ მძიმე უხერხულობას მიქმნის იმის მაგივრად, ვინც ეს განცხადება გააკეთა, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, ამაზე უფრო მძიმედ როგორ შეიძლება მამაკაცმა, გამომძიებელმა, თუ პროფესიონალმა თავის თავს მისცეს უფლება და ასე მოიქცეს, როგორც ორღობის ჭორიკანა და დამნაშავე, ამავდროულად, იმიტომ, რომ ისეთი ინფორმაცია გამჟღავნდა, რომლის გამჟღავნება არ შეიძლება.

ხვალ, ამ ინფორმაციის გამჟღავნების საფუძველზე გამარტივდეს ჩემი ლიკვიდაცია, პირობითად ვამბობ, სად მიდის მერე ანტიტერორისტული დეპარტამენტი, თუ თვითონ არ არის ლიკვიდატორი? არ გამოვა მედიის დაშინება, არ გამოვა "ფორმულას" წაღება, არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, "ქართულმა ოცნებამ" მორიგი კატასტროფული კრახი განიცადა. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, ან ქვეყანას გადავარჩენთ, ან ქვეყანა ვერ გადაგვარჩენს ვერასდროს იმიტომ, რომ აღარ გვექნება სამშობლო", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე შესაძლოა რეალური საფრთხე არსებობდეს, რის გამოც გვარამიას უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიეცა.

როგორც მგელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს.