"ვითხოვ სასწრაფოდ დაიწყოს ჩემი შვილის, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას. რაც შეეხება შეცდომას, გულგრილობას, უყურადღებობას..." - კვირის პალიტრა

"ვითხოვ სასწრაფოდ დაიწყოს ჩემი შვილის, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას. რაც შეეხება შეცდომას, გულგრილობას, უყურადღებობას..."

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

ადვოკატი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას მოითხოვს. მისი განცხადებით, გარდაცვალების დღიდან გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მისი შვილი 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, გაიოზ ჩარკვიანის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა დევი ტაბიძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი შვილი საშუალო სიმძიმის იყო, თუმცა ვახტანგ ჩარკვიანი აღნიშნული განცხადებიდან 40 წუთში გარდაიცვალა, რაც მიანიშნებს, რომ ტაბიძეს მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

"განცხადებაში ვითხოვ სასწრაფოდ დაიწყოს ჩემი შვილის, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება. რაც შეეხება შეცდომას, გულგრილობას, უყურადღებობას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ყველაფერ აღნიშნულზე, როდესაც დავიკითხები გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაფერს მტკიცებულებების სახით წარმოგიდგენთ. გარდაცვალების დღიდან გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჩემი შვილი 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი შვილი მკურნალობდა თითქმის ერთი თვე - 11 აგვისტოდან 10 სექტებრამდე. პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ ჰქონდა, ეს იყო საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, თითქოს ჩემი შვილი საშუალო სიმძიმის იყო და ამის შემდეგ 40 წუთში გარდაიცვალა. რჩება გონივრული ეჭვი, რომ ჩემი შვილის საქმე საერთოდ არ იცოდა და ისაუბრა ის, რაც არ უნდა ესაუბრა", - აღნიშნა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.