"სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, ტყუილია, რომ არ მიეწოდა ლეიბი" - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, ტყუილია, რომ არ მიეწოდა ლეიბი" - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი ტყუილია, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ტყუილია ასევე ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი.

ამასთან პენიტენციური სამსახური განმარტებას აკეთებს სახარებასთან დაკავშირებითაც. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დეკანოზის მიერ მიტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები, ხოლო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ფასეული ნივთების პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა ეკრძალება.

“განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.

სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გაფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს.

ტყუილია ასევე ის ინფორმაცია, რომ, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში.

მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართავს.

"ინტერპრესნიუსი"