"ჩემთვის უცნობია დაკავების დეტალები,ბრალში გარკვეული ხარვეზები არსებობს" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის უცნობია დაკავების დეტალები,ბრალში გარკვეული ხარვეზები არსებობს"

"ვთვლი, რომ ბრალში გარკვეული ხარვეზები არსებობს ჯგუფურობასთან დაკავშირებით, ასევე საეჭვოა ჯგუფურად იარაღის-შენახვა-ტარების ფაქტი, რაც შეუძლებელია, რადგან იარაღი ან ერთს უნდა ჰქონოდა ან მეორეს. თანამონაწილეობაც ჩვენებების მიხედვით უნდა დადგინდეს, ვინ რა როლს ასრულებდა", - ამის შესახებ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული აკო ჭელიძის ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, სადაც აკო ჭელიძისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის მასალებით ბრალდებულების მიერ საზღვრის კვეთა არ არის დადასტურებული და არსებობდა მხოლოდ ვარაუდი, რომ შეიძლება ქვეყანა დაეტოვებინათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არ მოხდა.

,,პირველად მეძლევა შესაძლებლობა აკო ჭელიძე ვინახულო, ვინაიდან მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წარდგენილი. გამომძიებელი წარუდგენს ბრალს და ამის შემდეგ გვეცოდინება მათი პოზიციები, ცნობენ თუ არა დამნაშავეებად თავს. ჩემთვის უცნობია მათი დაკავების დეტალები, ვიცი მხოლოდ ის, რაც პრესის მეშვეობით გავრცელდა. სისხლის სამართლის მასალებით მათი საზღვრის კვეთა არ იყო დადასტურებული, იყო მხოლოდ ვარაუდი, რომ შეიძლება დაეტოვებინათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არ დაუტოვებიათ. ბრალის დადგენილებაში მხოლოდ მითითებულია ის გარემოებები, რომლითაც დასტურდებოდა სავარაუდოდ ჩადენილი ბრალი. მე ვთვლი, რომ ბრალში გარკვეული ხარვეზები არსებობს ჯგუფურობასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში გამოძიების საკითხია. ასევე საეჭვოა ჯგუფურად იარაღის-შენახვა-ტარების ფაქტი, რაც ასევე შეუძლებელია, რადგან ან ერთს უნდა ჰქონოდა ან მეორეს. თანამონაწილეობაც ჩვენებების მიხედვით უნდა დადგინდეს, ვინ რა როლს ასრულებდა ეს უნდა იყოს დადგენილი", - აღნიშნა დალი ბარბაქაძემ.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.