დათა ახალაიას საიდუმლო პატაკი ვანო მერაბიშვილს, ანუ როგორ ყალბდებოდა გირგვლიანის საქმე - კვირის პალიტრა

დათა ახალაიას საიდუმლო პატაკი ვანო მერაბიშვილს, ანუ როგორ ყალბდებოდა გირგვლიანის საქმე

ჩვენ მოვიპოვეთ რამდენიმე საიდუმლო პატაკი, რომელიც 2006 წელს კუდ-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ იმდროინდელ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს გაუგზავნა. პატაკებში საუბარია იმაზე, თუ როგორ "იძიებდა" დათა ახალაია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს. არადა, შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმეში ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დათა ახალია, ზურაბ ადეიშვილი და სხვები. განაჩენიც გამოტანილია. სავარაუდოდ, ეს პატაკები ემსახურებოდა ალიბ-დოკუმენტის შექმნას, რომ თითქოს არც ახალაია იყო არაფერ შუაში ოქროყანაში განვითარებულ ტრაგედიასთან, არც მერაბიშვილი და ყველაფერში დამნაშავეები საშუალო რგოლის პოლიციელები იყვნენ. გთავაზობთ ეპიზოდს ერთ-ერთი პატაკიდან და დასკვნები თავად გააკეთეთ:

"საიდუმლო" ეგზ#2 "პირადად" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ი. მერაბიშვილს

"ბატონო მინისტრო,

თქვენი დავალების შესაბამისად, ჩემ მიერ ჩატარდა აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მოქალაქე ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. კერძოდ, მოპოვებული ინფორმაციების მიხედვით, 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე, 30-40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე "შარდენ-ბარში", საიდანაც გამოვიდნენ დაახლოებით 2 საათზე და ფეხით გაემართნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ლესელიძის ქუჩაზე დასახელებული პირები შეაჩერა სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომლებმაც ძალადობითა და ძალადობის მუქარით ჩასვეს ვერცხლისფერ "მერსედეს ML"-ის მარკის ავტომობილში და მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით წაიყვანეს სოფელ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოსთან. აღნიშნულ ადგილას ბოროტმოქმედებს შეუერთდა კიდევ ერთი პირი, რის შემდეგაც მათ სანდრო გირგვლიანსა და ლევან ბუხაიძეს მიაყენეს როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრეთვე ჯანმრთელობისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება... როგორც თქვენთვის ცნობილია, დანაშაულის ჩადენის დღეს, ანუ 2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 3 საათსა 30 წუთამდე მე, ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვიმყოფებოდი ზემოთ მითითებულ "შარდენ-ბარში", საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, სადაც ამ უკანასკნელის მიწვევით უნდა მოსულიყო ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი გია (გერონტი) ალანია. მე რამდენჯერმე ვესაუბრე მას მობილური ტელეფონით. რა დროსაც იგი დაბეჯითებით მარწმუნებდა, რომ მოემერთებოდა "შარდენ-ბარში". დაახლოებით 3 საათზე მან შემატყობინა, რომ ვერ შეძლებდა მოსვლას, რადგან პირად საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა შეხვედროდა თავის მეგობარს, რომლის ვინაობაც არ დაუსახელებია. 2006 წლის 2 თებერვალს მე ტელეფონით დამიკავშირდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი კონსტანტინე არჩაია. მომახსენა, რომ გია ალანიას თხოვნით მას შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-2 ადმინისტრაციული შენობის (ვაჟა-ფშაველას გამზირი #72) ეზოდან უნდა გაეყვანა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული "მერსედეს ML"-ის მარკის ავტომობილი. მე დავინტერესდი ავტომობილის ფერით, რაზედაც მან მიპასუხა, რომ იგი იყო ვერცხლისფერი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩემ მიერ გამოკითხული იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რამდენიმე მუშაკი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 1 საათსა და 30 წუთზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის #72-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე ადმინისტრაციული შენობის ეზოდან გავიდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსი ოპერატიული მუშაკის ავთო აფციაურის მართვის ქვეშ მყოფი ვერცხლისფერი "მერსედეს ML"-ის მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ გია ალანია და ამავე სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომელი ალექსანდრე ღაჭავა. გია ალანია შეთანხმებისამებრ, უნდა მოსულიყო "შარდენ-ბარში" ვასილ სანოძისათვის დაბადების დღის მისალოცად. ჩემ მიერ ოპერატიული საშუალებებით მოპოვებული და გაანალიზებული იქნა გამოსაკვლევ პერიოდში, ანუ 2006 წლის 28 იანვარს გია ალანიას მიერ განხორციელებული სატელეფონო საუბრების ამსახველი დეტალური მონაცემები, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, აღდგენილ იქნა ამ უკანასკნელის მოძრაობის სავარაუდო მარშრუტი. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, 2006 წლის 28 იანვარს, დანაშაულის ჩადენის პერიოდში იგი იმყოფებოდა შპს "ჯეოსელის" იმ ანძის მომსახურების არეალში, რომელიც ფარავს სოფელ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიას. ამასთან, გია ალანია თავისი მობილური ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროს ოპერატიულ თანამშრომელს მიხეილ ბიბილურიძეს, რომელიც, თავის მხრივ, ამავე პერიოდში იმყოფებოდა მითითებული ანძის დაფარვის ზონაში. ამრიგად, ერთ მხრივ, გია ალანიას და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ზემოთ დასახელებული სხვა მუშაკების და, მეორე მხრივ, სანდრო გირგვლიანის და ლევან ბუხაიძის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში მონაწილე პირების გადაადგილების მარშრუტები, ფაქტობრივად, იდენტურია. საყურადღებოა ის გარემოება, რომ რამდენიმე დღის წინათ მე შესაბამისი ლეგენდით ვკითხე გია ალანიას, ხომ არ იმყოფებოდა იგი დანაშაულის ჩადენის დღეს სოფელ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე ან ჰყავდა თუ არა მას გაყვანილი "მერსედეს ML"-ის მარკის ავტომანქანა, რაც მან საკმაოდ დაბნეულმა და აღელვებულმა უარყო. აღსანიშნავია, რომ ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით მას შემდეგ, რაც მასმედიის საშუალებებით ინტენსიურად შუქდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებები, გია ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთო აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა საეჭვოდ ინტერესდებიან გამოძიების მიმდინარეობითა და შედეგებით. ამრიგად, ჩემ მიერ მოპოვებული, ურთიერთშეჯერებული გაანალიზებული ფაქტობრივი და ოპერატიული მონაცემები იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაკები გია ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთო აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ თქვენს თანხმობას შემდგომი აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების თაობაზე.

პატივისცემით, დეპარტამენტის

დირექტორი დ. ახალაია."

ფრაგმენტები უცხოელ ექსპერტთა დასკვნებიდან

(სტილი დაცულია) "ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი უგულავას ერთიანი, განგრძობადი გეგმა 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი ქმედებების გზით, მათ შორის ძალადობით, ქონების განადგურებითა და თაღლითობით, მედიის მიერ მთავრობის საქმიანობის გაშუქების კონტროლსა და მთავრობის მიმართ კრიტიკისა და საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს. გარდა ამისა, მტკიცებულებები კონკრეტულად მიუთითებს ფართომასშტაბიან კამპანიაზე არკადი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რის მიზეზსაც წარმოადგენდა პატარკაციშვილის უარი, დაექვემდებარებინა ტელეკომპანია "იმედი" სამთავრობო კონტროლს და მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა, რამაც გამოიწვია მისი ქონების განადგურება და ხელში ჩაგდება.

პოლ კოფი,

მოშე ლადორი,

სერ ჯეფრი ნაისი"

***

(სტილი დაცულია) "იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ამ დროისთვის არის ხელმისაწვდომი და რომლებიც მოგვეწოდა ჩვენ, შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი წინასწარი დასკვნა: ჩვენ გვჯერა, რომ არსებული მასალები არის სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა დანაშაულისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ვალერი გელაშვილის მიმართ 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ უნდა განაგრძოთ გამოძიება და მიმართოთ სასამართლოს, სადაც ყველა დარჩენილი საკითხი იქნება განხილული შეჯიბრებით პროცესში.

პოლ კოფი,

მოშე ლადორი,

სერ ჯეფრი ნაისი"

***

(სტილი დაცულია) "არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ არავის იმ პირთაგან, ვისაც ძალაუფლება გააჩნდა, როგორც ჩანს, არ ჰქონდა იმის გამბედაობა, რომ ხმა ამოეღო. იმის გათვალისწინებით, რომ მისი ქცევის მიღმა უამრავი მოტივი არსებობს, როგორც ჩანს, სააკაშვილის ძირითად მოტივაციას წარმოადგენდა მისი სურვილი, საზოგადოებრივი კონტროლისგან დაემალა მისი ხარჯები იმისდა მიუხედავად, იყო ეს ხარჯები მიწიერი და პრეზიდენტისთვის სავარაუდოდ შესაფერისი, თუ არამართებულად ექსტრავაგანტური. ის ფაქტი, რომ არასათანადო ხარჯები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2009 წელს დამკვიდრებულ იქნა საიდუმლო სისტემა, განსაკუთრებით ძლიერ მტკიცებულებას წარმოადგენს.

პოლ კოფი,

მოშე ლადორი,

ჯეფრი ნაისი"