არაჟნებში მიშა იჯდა... - კვირის პალიტრა

არაჟნებში მიშა იჯდა...

როგორ იმგზავრა უკრაინიდან საქართველომდე ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე დღეა, რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია. მის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე აღძრა და ახლა სააკაშვილი ახალი ბრალის წარდგენას ელოდება. ის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და ამბობს, რომ ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს სასამართლო მოსმენას, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე მან საჯაროდ გამოსვლა ვერ შეძლოს.

რა გზით და როდის შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? - ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელიც ამ დღეებში ისმის და რომლის პასუხი ოფიციალური უწყებებიდან ჯერჯერობით არ ჩანს.

ცნობილია, რომ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს, საღამოს, ქვიშხეთის ქუჩაზე, ელგუჯა ცომაიას ბინიდან აიყვანეს. პოლიციამ ბინის კარი გასაღებით გააღო. ადვოკატი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია თბილისში, ბენზინგასამართ სადგურზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გაჩხრიკეს, მერე კი უთხრეს, რომ ჩხრეკა მის ბინაშიც უნდა ჩაეტარებინათ, სადაც სააკაშვილი "აღმოაჩინეს". დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მან იმ ბინიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსალოდნელი დაკავებაც ახსენა.

მართალია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის ყველა ნაბიჯს სამართალდამცველები აკონტროლებდნენ და დასაკავებლად ხელსაყრელი მომენტი შეირჩა, მაგრამ საზოგადოების ნაწილს პრემიერის ვერსიის არ სჯერა. ჯერჯერობით ძალოვანები საქმის დეტალებს არ ახმაურებენ, მაგრამ როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სააკაშვილი ფოთის პორტში 29 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე ჩამოვიდა უკრაინული კომპანიის გემ "ვილნიუსით". ამ გემზე აფხაზეთიდან დევნილ ელგუჯა ცომაიას ტრაილერის კონტეინერი იდო. როგორც წყარო გვიყვება, ეს კონტეინერი არაჟნით იყო სავსე და სწორედ არაჟნებში იჯდა მიშა. ასე იმგზავრა მან უკრაინიდან და ასე შემოიპარა ქვეყანაში. როგორც ჩანს, პორტში ეს კონტეინერი ცომაიას ტრაილერზე გადადეს და მანქანამ პორტი განბაჟების გარეშე დატოვა, რადგან, კანონით, ტვირთის განბაჟება მეპატრონეს თბილისშიც შეეძლო. დღეს ელგუჯა ცომაია დაკავებულია და დანაშაულის დაფარვა ჰბრალდება, თუმცა პროკურორი ლევან ვეფხვაძე ცომაიასა და მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებისთვის ბრალის დამძიმებასაც არ გამორიცხავს. ამ ეტაპზე მათაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან და გასულ კვირას პატიმრობაც შეეფარდათ. წოწორიები პორტის თანამშრომლები არიან და ცომაიებთან ნათელმირონობა და მეგობრობა აკავშირებთ. ძალოვანებისთვის ცნობილია, რომ სწორედ წოწორიების მანქანაში გადაჯდა კონტეინერში მყოფი პრეზიდენტი და აბაშამდე ასე ჩავიდა.

ჩვენი ინფორმაციით, ძალოვანებს ხელთ აქვთ ქუჩის ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ჯდება წოწორიების მანქანაში სააკაშვილი. როგორც ჩანს, სწორედ ამ კადრების გაშიფვრის შემდეგ მიაგნეს მანქანის მძღოლსაც და გადაადგილების მარშრუტსაც. ახლა ძალოვანები იძიებენ, ეს დანაშაული იყო თუ არა წინასწარ შეთანხმებული და ორგანიზებული. პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ამ საქმეზე სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს და მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ჯერჯერობით უწყებაში არ ამბობენ, იცოდა თუ არა მისი ჩამოსვლის დეტალები მისი გუნდის რომელიმე წევრმა. ფაქტია, რომ სააკაშვილმა უკრაინიდანაც მოახერხა არალეგალურად გამოსვლა და სწორედ ამიტომ იყო, რომ მთელი დღე "ქართული ოცნების" ლიდერები ირწმუნებოდნენ, სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებიაო. ახლა უკრაინელი სამართალდამცველებიც იძიებენ, როგორ მოახერხა მან საზღვრის გადაკვეთა.

სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე ატვირთული ვიდეოებითაც იოლად შეიძლება მისი გადაადგილების მარშრუტის აღდგენა. ფაქტია, ის დაუბრკოლებლად შემოვიდა ქვეყანაში, მოიარა ბათუმი, გზა მსუბუქი ავტომობილით გააგრძელა, თბილისამდე კი სხვადასხვა ადგილას ფოტოებსაც იღებდა და ვიდეოსაც წერდა. ბათუმში გადაღებული მისი ვიდეოები, სავარაუდოდ, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ არის ატვირთული.

რატომ არ დააკავეს სააკაშვილი ფოთში, ან თუნდაც ბათუმში? იურისტების ნაწილი თვლის, რომ ძალიან ადვილად მოახერხებდნენ მის აყვანას ბათუმში ღამით, როცა ის მარტო წერდა ვიდეოს. სწორედ ეს ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ მისი ადგილსამყოფელი სამართალდამცველებმა გვიან შეიტყვეს, ამის შემდეგ ატყდა განგაში, გაშიფრეს ყველაფერი და მის კვალსაც მიაგნეს.

დღეს ექსპრეზიდენტი დაკავებას აპროტესტებს. მან დაპატიმრებისთანავე შიმშილობა დაიწყო. მასთან ყოველდღე ათეულობით მნახველი შედის. პატრიარქის კურთხევით ის მოინახულა ილია მეორის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმაც.

"ყოფილი პრეზიდენტი ითხოვს სამკერდე ჯვრის დაბრუნებას. მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არა აქვს და იქნებ ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ", - განაცხადა პატრიარქის მდივანმა. დეკანოზს მასთან მიჰქონდა სახარებაც, მაგრამ მისი გადაცემის საშუალება არ მიეცა.

"დეკანოზის მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქრული ელემენტები და თვლები, მე-12 პენიტენციარული დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდადებულს ეკრძალება ფასეული ნივთების პენიტენციარულ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიან ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება"," - ამბობენ უწყებაში.

8 ოქტომბერს სააკაშვილი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემაც მოინახულა. "საკვები არ მიუღია, გეფიცებით ყველაფერს", - თქვა ციხიდან გამოსულმა ექიმმა.

"აქ როგორი სისტემა ყოფილა! გაძლევენ რაღაც ბარათს, რომელზეც არის, მგონი, 700 ლარი. ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი გადაიხადა ტელევიზორსა და რაღაცებში. შემდეგ თვემდე კი თანხა არ ექნება", - განაცხადა ყიფშიძემ და დასძინა, რომ სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა ტესტი და პასუხი არ არის დამაიმედებელი: "რაღაცები მომატებულია. ჩაუტარდა რუტინული კვლევა სისხლისა და შარდის. რამდენიმე დღეში საფრთხის წინაშე იქნება, რადგან აქვს ანემია...…თუმცა არის ძალიან მხნედ და მოტივირებულია. თავს გრძნობდა კარგად. რომ ნახოთ, ვერც შეამჩნევთ, რომ შიმშილობს. წონაში დაკლებულია".

Mმართალია, მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ სხვა ინფორმაციას ავრცელებს სასჯელაღსრულების სისტემა. პენიტენციარული სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკა ცხვარაშვილის თქმით, სააკაშვილმა თაფლისა და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.

"ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის - ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან უკვე მიიღო რამდენიმე ქილა თაფლი, ასევე - რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი".

როგორც უწყებაში ამბობენ, სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში შვიდი ქილა თაფლი შეიძინა. უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ მსჯავრდადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები.

"სააკაშვილი პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შიმშილობა 1-ლ ოქტომბერს, დაწესებულებაში განთავსების დღეს გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, პირველადი სამედიცინო შემოწმება და შეივსო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი. დაწესებულებაში განთავსების შემდეგ მსჯავრდადებულს ჩაუტარდა კლინიკო- ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევები; ასევე ჩაუტარდა ოჯახის ექიმის და სხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტების (მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების) კონსულტაციები... ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, სააკაშვილის გადმოცემით, დანიშნულია მისი ოჯახის ექიმის მიერ", - ამბობენ უწყებაში.

უწყების განცხადებას ადვოკატი ბექა ბასილაია გამოეხმაურა და განმარტა, რომ თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა.

"მიშა სააკაშვილი შიმშილობს. ეს შიმშილობა არ ყოფილა მშრალი... თაფლის გახსნა სითხეში შიმშილობის ერთ-ერთი სახეა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში შიმშილობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მშრალი ან მხოლოდ წყალზე შიმშილობა, თუმცა ეს საკითხები მე მასთან უნდა დავაზუსტო, მხოლოდ პენიტენციარული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიყვანო. არ ვიცი, რას ემსახურებოდა პენიტენციარული სამსახურის გავრცელებული ინფორმაცია. ჩვენ ექიმისგანაც მოვისმინეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. ჩვენც ვხედავთ, რომ მან შიმშილობის ფონზე ბევრი კილოგრამი დაკარგა", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

"მეორე კვირაა, შიმშილობს, 12 კილო დაიკლო, თუმცა მზად არის ბრძოლისთვის. ამ პროცესებს მთელი მსოფლიო აკვირდება, ყველა წუხს იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დააპატიმრეს. უნდა ვიბრძოლოთ მის გასათავისუფლებლად და საქართველოს მომავლისთვის. მას ნამდვილად აქვს ტელევიზორი და თვალყურს ადევნებს მიმდინარე პროცესებს," - თქვა ჟურნალისტებთან ექსპრეზიდენტის მეუღლემ, ლიზა იასკომ.

იურისტები თვლიან, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე სწრაფი გზა მისი შეწყალებაა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის შეწყალებას არ აპირებს. კიდევ ერთი ვერსიაა უკრაინაში მისი ექსტრადირება. ცნობილია უკრაინის პრეზიდენტის პოზიციაც, რომ ის თავის მოქალაქეებს სხვაგან არ დატოვებს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხიც უკვე გარკვეულია - ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე უარს ამბობს...