"როცა საპყრობილეში სულხანს ტანჯავდნენ, ფოტოები მიჰქონდათ მიშასთან და ის სიამოვნებას განიცდიდა" - კვირის პალიტრა

"როცა საპყრობილეში სულხანს ტანჯავდნენ, ფოტოები მიჰქონდათ მიშასთან და ის სიამოვნებას განიცდიდა"

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ერთი იმათგანია, ვინც წინა ხელისუფლების მსხვერპლთა რიგებში ჩაეწერა. მამამისი, თამაზ მოლაშვილი, 16 წელია იმეორებს, რომ მისი შვილი სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო და პრეზიდენტი მას "ნელი სიკვდილით კლავდა". საქმე, რომელიც სტრასბურგში გასაჩივრდა, დღემდე გამოუძიებელია და სამართლიანობა - აღსადგენი. როგორც თამაზ მოლაშვილი გვეუბნება, გამწარებულ მამას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არ გახარებია, რადგან შვილის გარდაცვალების შემდგომ სიხარულის შეგრძნება დაკარგა, თუმცა ესიამოვნა. "მიშა ხომ ამბობდა, ყველანი ციხეშიო, ჰოდა, ახლა ეგეც ციხეში იყოს, ოღონდ ერთი პირობით: ამ მთავრობას ვთხოვ, ციხიდან ფეხი არ გამოადგმევინოს. არ ვამბობ, ესეც იმავე დღეში ჩააგდონ-მეთქი, რა დღეშიც ჩემი შვილი იყო, მაგრამ ფუფუნებასა და სასათბურე პირობებში ნუ ამყოფებენ". შვილმკვდარი მამა მიხეილ სააკაშვილს იმ პირობის შესრულებას ჰპირდება, რომელიც 16 წლის წინ დადო.

- რომ გითხრათ, გამიხარდა-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ არ დაგიმალავთ, მესიამოვნა, მიშა ციხეში რომ ჩასვეს. სულხანის სიკვდილის შემდეგ, სიხარულის შეგრძნება ჩემთვის აღარ არსებობს. რაღაც ხმები მომდის, მოლაპარაკებული არიან ერთმანეთშიო, ასე იქნება, ისე იქნებაო... ბოლოს და ბოლოს, არ უნდა დაადგეს საქართველო სამართლიანობის გზას? რა მნიშვნელობა აქვს, მეეზოვემ დააშავა, პრეზიდენტმა თუ კოლმეურნეობის თავმჯდომარემ? დანაშაული ვინც ჩაიდინა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და პასუხი აგოს. როგორი ღიმილით მიდიოდა ბორკილებიანი სააკაშვილი ციხეში. ვფიქრობ, "ვინტიკები" აქვს მოშვებული. ავლიპ ზურაბაშვილი ცოცხალი რომ იყოს, ერთი შეხედვით დაუსვამდა დიაგნოზს. ეს კაცი არაადეკვატური და არანორმალურია. ახალი ცოლი მოიყვანაო... მახსოვს, სულხანის დაბადების დღე იყო, სანდრა და რუსუდან სებისკვერაძე იყვნენ ჩვენთან სტუმრად, სულხანის ცოლისდა და რუსუდანი უკრავდნენ, მღეროდნენ, მე კი თამადა ვიყავი. სულხანი გვიან მოვიდა, ღამის პირველ საათზე. გავიხედოთ და, ეს შობელძაღლი მიშაც მოვიდა, მაგრამ მოსვლა და წასვლა ერთი იყო. როცა მოვიკითხე, სულხანმა მითხრა, წავიდაო. ცოლი დატოვა და თვითონ სადღაც წავიდა. რომ აიშალნენ, სულხანმა მთხოვა, მამა, სანდრა შინ წაიყვანეო. არც ვაციე, არც ვაცხელე და კახურად შევუკურთხე მიშას. შუაღამით ქალი მარტო რომ დატოვა, ეს იყო კაცობა? მაგას თავიდანვე ვატყობდი, არასერიოზული რომ იყო სახლშიც და სამსახურშიც, სისხლის მოყვარულიც. როცა საპყრობილეში სულხანს ტანჯავდნენ, ამის ამსახველი ფოტოები მიჰქონდათ მასთან.

თავის დროზე მიშა ხომ ამბობდა, ყველანი ციხეშიო, ჰოდა, ახლა ეგეც ციხეში იყოს, ოღონდ ერთი პირობით: ამ მთავრობას ვთხოვ, მიშას ციხიდან ფეხი არ გამოადგმევინოს. არ ვამბობ, ესეც იმავე დღეში ჩააგდონ-მეთქი, მაგრამ მოლაშვილს თუ გაუსაძლის პირობებში ამყოფებდნენ, ამას მაინცდამაინც ფუფუნებასა და სასათბურე პირობებში მაინც ნუ ამყოფებენ, რომ არ იძახოს, რა კარგია, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვარო. გააძღონ, აჭამონ, ასვან, ტელევიზორი და ყველანაირი პირობა შეუქმნან.

- ჯერ ექსპრეზიდენტი იზოლაციაშია და როგორც ამბობენ, დიდი პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს. აქამდე საინფორმაციო ვაკუუმში იყო და მისი ადვოკატების გადმოცემით, ნარზე სძინავს, ლეიბი და საბანიც კი არ ჰქონია... - გაანებივრებენ და ეგ უკვე მთავრობის მინუსი იქნება, ავტორიტეტი აღარ ექნება ჩემს თვალში. თუ ასე არ გააკეთებენ, მაშინ "ლაფათქაზე" დასვამენ და ყველას გაყრიან. მიიღონ ისეთი ზომები, რომ პატიმარმა მიშამ ან სხვამ არ იჩივლოს აუტანელი პირობების გამო. სულხან მოლაშვილზე არ ამბობდნენ, აუტანელ პირობებშიაო, მათიას იორშს გული წაუვიდა, სულხანი რომ ნახა საკანში და ამას თუ გააძღებენ, არ ვიცი.

- რას იტყვით, თქვენთვის აღდგა სამართლიანობა? - ჯერ შევხედავ, როგორ გაატარებს სააკაშვილი ციხეში დროს და მერე გეტყვით, აღდგა თუ არა სამართლიანობა. ჩემი მუდმივი ოცნება იყო, ჩემს შვილთან რომ წავიდოდი, მეხარებინა, სამართალი აღდგა-მეთქი. ეს მე მინდა და ჩემნაირ ხალხს, ყველას კი არა. ესენი სამართლიანობის აღსრულების პირობით მოვიდნენ ხელისუფლებაში და რომ ვუყურებ, სამართლიანობა კი არა, მერე და მერე ბევრი დააწინაურეს "ნაციონალებიდან", ისინი დღემდე თანამდებობებზე არიან. ახლა იმაზე მწყდება გული, აქცია რომ გამართეს და "პოლიტპატიმარ" სააკაშვილს თანაგრძნობას უცხადებენ. ნეტავ მაგათ ტვინში ჩამახედა. კაცმა ამდენი დანაშაული ჩაიდინა და პოლიტპატიმარი ჰქვია? სულხანიც პოლიტპატიმარი იყო და მიშაც? ხალხმა მეხსიერება და აზროვნების უნარი დაკარგა თუ მოთაფლეს? ნებისმიერმა პიროვნებამ, ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. მარტო მე ხომ არ ვარ, "ნაციონალების" რეჟიმმა რამდენი ოჯახი გაამწარა, რამდენი დახოცა, ბიზნესების დათრევას რომ თავი დავანებოთ. მიკვირს, ასეთი მოკლე მეხსიერება აქვს ხალხს?!

მიშა როგორც კი წაეთრა, საქართველოს პასპორტი გადააგდო და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ახლა ჩამოდის აქ და კიდევ გვებლატავება, ღიმილით შედის ციხეში და ამით ყველას მასხარად იგდებს. ნუ აწამებენ, ეს ღიმილი მოუსპონ სახიდან.

- ამას წინათ ამბობდით, სულხანს წლების წინ რასაც დავპირდი, იმას ავუსრულებო. რას გულისხმობდით? - როდესაც სულხანი რეზბალნიცაში იყო, მასთან ყოველ დილით გაზეთები მიმქონდა და მერე მივდიოდი სამსახურში, ორხევში, ჩემს მუსიკალურ სკოლაში. ამანათების გადასაცემად დიდი რიგი იდგა ხოლმე და სხვებს თუ პროდუქტები მიჰქონდათ პატიმრებისთვის, მე - გაზეთი. ბადრაგი გაზეთს გამომართმევდა, გადაშლიდა, კარგად შეამოწმებდა და მერე შეჰქონდა სულხანთან. როგორც კი დამინახავდნენ, დაიძახებდნენ ხოლმე, ოჰ, ფოსტალიონი მოვიდაო. იმ რიგში იყო მამა ბასილ მკალავიშვილის ცოლ-შვილიც, "ნაცებმა" ბულდოზერით რომ დაუნგრიეს ეკლესია. ვსაუბრობდით ხოლმე. რიგში ვხუმრობდი, აქ მე კიდევ მოვალ-მეთქი. როგორო, მეკითხებოდნენ. მეც ვპასუხობდი, მიშა სააკაშვილს რომ დაიჭერენ, ვფიცავ, მე უნდა მოვუტანო გაზეთები-მეთქი. ჯერ ფული არა მაქვს, ცოტა ხანში ბენზინს ჩავასხამ მანქანაში და ვფიცავ ღმერთს, სააკაშვილს 40 დღის განმავლობაში გაზეთები უნდა შევუგზავნო. მერე ამოვისუნთქავ. 16 წლის წინ ჩემი შვილის სახელზე ფიცი დავდე და ამას გავაკეთებ. მიშას შევუთვლი, სულხანის სახელით გიგზავნის გაზეთებს თამაზ მოლაშვილი-მეთქი. რატომ 40? - სიმბოლურად, მიცვალებულთან რომ არის დაკავშირებული. შეიძლება ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში 1-2 დღე მაინც მივალ. პირობას შევასრულებ და მიშას ფოსტალიონიც გავხდები.

- ხშირად გითქვამთ, ჩემი შვილი სააკაშვილის პირადი პატიმარიო და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც ასახელებდით, ვინც აწამებდა სულხანს. მაინც რატომ დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა? წლების შემდეგ თუ გაქვთ ამაზე პასუხი? - იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილია, სულხანი მიშას ყველაფერში ჯობდა, გინდა ცოდნაში, ვაჟკაცობაში, გინდა ადამიანობაში. სულხანი ხშირად ტუქსავდა, თუ რამე არ მოეწონებოდა, თქმას და საყვედურს არ ერიდებოდა. მერე სულხანმა ამოქექა მისი "ვაჟკაცობები", გაფლანგვები და აქედან დაიწყო ყველაფერი. მიშამ სულხანი ბოკერიას გადაულოცა, რომელსაც უკვე მათი სია ჰქონდა შედგენილი, მთავრობაში მოსვლის შემდეგ ვინც უნდა დაეჭირათ. სულხანიც ამ სიაში აღმოჩნდა... სულხანი მიშამ და მისმა გუნდმა მოკლეს. დაკავების პირველივე დღიდან ტანჯვა-წამებაში ჰყავდათ. ღმერთმა უწყის, ექიმები რას უშხაპუნებდნენ. როცა ერთმა ექიმმა ჩ ჰეპატიტი დაუდგინა (სპეციალურად დამართეს), მთელი წელი დამალეს, არ უმკურნალეს. მერე ერთს უთქვამს, ვუმკურნალოთო და მისთვის უპასუხიათ, ეგ არ გაამხილო და გაიმეორო, "ზევით" ეწყინებათო. ეს "ზევით" სააკაშვილი იყო. სანამ სტრასბურგმა არ მიუთითა, უმკურნალეთო, ყურიც არ შეიბერტყეს. მერე გადაიყვანეს რეზბალნიცაში. დროზე რომ ემკურნალათ, იქნებ ჩემი შვილი დღეს ცოცხალი ყოფილიყო. არ უნდოდათ გამოჯანმრთელებულიყო, გადაწყვეტილი ჰქონდათ ნელი სიკვდილით მისი მოკვლა, თან როგორი ტანჯვით მოკლეს... კაცი 120 კილოგრამი შევიდა ციხეში და 70 კილოგრამი გახდა. ზოგიერთები კიდევ, მათ გვარებს არ ჩამოვთვლი, ციხიდან გაფითქინებული გამოვიდნენ, თითქოს სანატორიუმში ისვენებდნენ. ალბათ, სააკაშვილიც დასვენებული და ჩასუქებული გამოვა დღის სინათლეზე.

- სააკაშვილი შიმშილობს და, დიდი ალბათობით, ასეთი ვიზუალით ვერ გამოვა. - რას იშიმშილებს, ისე თქვლეფს საჭმელს, თან დორბლი ჩამოსდის, არ მინახავს თუ რა. არა მგონია, ბოლომდე გააგრძელოს შიმშილობა.

ამ მთავრობას ერთს ვეხვეწები და ვემუდარები - არ გაბედოს არც პრემიერმა და არც პრეზიდენტმა ამ კრიმინალის შეწყალება-გათავისუფლება. 100 ლარი რომ მოიპაროს კაცმა, 5-6 წელიწადს უსჯიან და ამას არ ეკუთვნის სასჯელი? სირცხვილი იმ ხელისუფლებას, ვინც მას უკრაინას გადასცემს. მან დანაშაული საქართველოში ჩაიდინა და, პირიქით, მათ უნდა გადმოეცათ. სირცხვილი იმ უკრაინელებსაც, რომლებიც აქედან განაჩენგამოტანილ ადამიანს, კრიმინალს იქ თანამდებობაზე ნიშნავენ და აწინაურებენ. სააკაშვილმა სადაც დანაშაული ჩაიდინა, იქ უნდა მოიხადოს სასჯელიც, მორჩა და გათავდა!