"ეს არის პოლიტიკური ვენდეტა ჩემი, ბადრი ჯაფარიძის, წერეთლების მიმართ" - კვირის პალიტრა

"ეს არის პოლიტიკური ვენდეტა ჩემი, ბადრი ჯაფარიძის, წერეთლების მიმართ"

"სამარცხვინოა, რომ პროკურატურამ და სასამართლომ 2 წელია ვერ გაარკვია მარტივი ტრანზაქციის ისტორია, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც "ფულის გათეთრების" საქმესთან დაკავშირებით მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი იმართება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ქადაგიძე კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ მომხდარა.

,,გიორგი ქადაგიძე იმ დროს იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ბოლო 12 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის სამსახურები ძალიან სკრუპულოზურად ამოწმებდნენ ყველა ტრანზაქციას არამხოლოდ "თიბისი" ბანკში, არამედ მთელ საბანკო სექტორში. დღეს გიორგი ქადაგიძე კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ მომხდარა, ეს არის აბსურდი და ემსახურება, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოხდეს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და სასამართლო უნდა შეიცვალოს, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში დადგეს მშვიდობა და ქვეყანა განვითარდეს.

ამ სასამართლოდან ველოდები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ეს არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, შესაბამისად, არანაირი გადაწყვეტილება არ გამაკვირვებს.

რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება არის სუფთა წყლის რუსული მენტალობის მართვა სახელმწიფოსი, სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ეს არის შურისძიება ბიძინა ივანიშვილის, პოლიტიკური ვენდეტა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, წერეთლების მიმართ "ტვ პირველის" მიმართულებით და ასევე, ანაკლიის გაჩერების მიმართულებით. ჩვენ ყველამ ვნახეთ "პანდორას ფურცლები" და გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილს კომერციული ინტერესები ჰქონია ფოთში, რის გამოც ეომებოდა ანაკლიას. ამიტომ, ის რაც ამ ქვეყანაში ხდება უნდა დავამთავროთ, ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.