"სააკაშვილს გადაადგილება უჭირს... აქციაზე კი ამბობს, რომ "ვარდების რევოლუციაზე" ამდენი ხალხი არ ყოფილა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს გადაადგილება უჭირს... აქციაზე კი ამბობს, რომ "ვარდების რევოლუციაზე" ამდენი ხალხი არ ყოფილა"

"ვიზუალურადაც ეტყობა, რომ არის გამხდარი, ფერმკთალი და შენელებული, გადაადგილება უჭირს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.

"ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრი არ მალაპარაკა და მითხრა რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ქვეყანა არის გადასარჩენი და ახლა მთავარია, ეს დაწყებული გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ცოტას საუბრობს თავის ჯანმრთელობაზე. შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, როდესაც ვკითხე ეს არის საკითხი, რაზეც არ უნდა საერთოდ ისაუბროს, ამაზე მყარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ახლა მთავარია ქვეყნის გადარჩენა. ელოდება, რომ მის პირად ექიმს მიცემენ უფლებას როგორმე შევიდეს მასთან", - განაცხადა წითლიძემ.

ამასთან, წითლიძის თქმით, გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართული აქციისთვის მხარდაჭერებს სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა.

"მე ვკითხე რამდენი ადამიანი იყო "ვარდების რევოლუციაზე" და მას არ ახსოვს რაოდენობა და თქვა, რომ "ვარდების რევოლუციაზე" არ ყოფილა ამდენი ხალხი. მთავარი აქცენტი გადატანილი აქვს მეორე ტურზე. მხარდაჭერებს მოუწოდებს, რომ ყველა მობილიზდეს, რადგან მეორე ტურზე გადის ყველაზე მთავარი - დაწყებული გამარჯვების ბოლომდე მიყვანა" , - განაცხადა წითლიძემ.