მეზობლის მიერ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა - გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

მეზობლის მიერ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა - გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს

გურჯაანში, მეზობლის მიერ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლა. ცოლი ადგილზე გარდაიცვალა, ქმარი კი სავაადმყოფოში.

მამაკაცს კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ის საავადმყოფოში შეყვანისას ცოცხალი იყო, თუმცა, მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი სადავო მიწის ნაკვეთს უკავშირდება.

გამოძიება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და გურჯაანის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1950 წელს დაბადებული ა.ზ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს - გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ზ., ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.