"ქილიკობენ ციხეში მყოფ ადამიანზე, პოლიტიკურ ტყვეზე. ჩვენ ამ "კლოუნის" განცხადებებზე სერიოზული პასუხის გაცემა გვიჭირს..." - კვირის პალიტრა

"ქილიკობენ ციხეში მყოფ ადამიანზე, პოლიტიკურ ტყვეზე. ჩვენ ამ "კლოუნის" განცხადებებზე სერიოზული პასუხის გაცემა გვიჭირს..."

"ჩვენ ამ "კლოუნის" განცხადებებზე სერიოზული პასუხის გაცემა გვიჭირს, მაგრამ მთელმა ქვეყანამ იცის და ციხის ადმინისტრაციისთვისაც ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ის არ იღებს არანაირ საკვებს", - ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის თქმით, სააკაშვილი "ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტია, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს და მეორე მხრივ, უნდა, რომ ყველამ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე ვილაპარაკოთ".

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ღარიბაშვილმა ასეთი სამარცხვინო განცხადებები აკეთოს, "სჯობს საქმეს მიხედოს, მათ ძალიან მალე მოუწევთ ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით წასვლა".

"ამავდროულად, მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის და ქილიკობენ ციხეში მყოფ ადამიანზე, პოლიტიკურ ტყვეზე. ჩამოართვეს ზარის უფლება, არ აძლევენ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას და ღარიბაშვილი მოშიმშილე ადამიანზე ასე სამარცხვინოდ ლაპარაკობს", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, შიმშილობის მე-19 დღეს სააკაშვილი დასუსტებული, თუმცა გამარჯვებისთვის შემართულია.

"მიხეილ სააკაშვილი არის როგორც ყოველთვის მხნედ და შემართული გამარჯვებისთვის. ფიზიკური თვალსაზრისით, მე-19 დღეა შიმშილობის და არის დასუსტებული, მაგრამ არის შემართული. შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე მას ენერგიას და ძალებს აცლის. რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილთან შევიდა კონსილიუმი და დაველოდოთ ექიმთა განცხადებებს ამ ნაწილში", - განაცხადა ბასილაიამ.

"ინტერპრესნიუსი"