"ანასტასია შატალოვა 5 ივნისს გამოკითხვის ოქმში მიუთითებდა, რომ ქილერის დაქირავების მუქარა იყო მის მიმართ" - კვირის პალიტრა

"ანასტასია შატალოვა 5 ივნისს გამოკითხვის ოქმში მიუთითებდა, რომ ქილერის დაქირავების მუქარა იყო მის მიმართ"

თბილისში მოკლული 25 წლის ანასტასია შატალოვას ოჯახის ადვოკატის პაატა შავაძის განცხადებით, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე ანასტასია შატალოვას მოკვლით ემუქრებოდა. პაატა შავაძემ დღეს ჟურნალისტებს, ანასტასია შატალოვას მიერ სამართალდამცავებისთვის მიცემული ჩვენება წარუდგინა.

პაატა შავაძე აცხადებს, რომ ანასტასია შატალოვას შვილის მეურვეობის საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ადვოკატი მოითხოვს, რომ ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი ბავშვი გამოძიების დასრულებამდე მამას მეურვეობაში არ გადაეცეს.

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბავშვის მამის უფლებადამცველები მეურვეობის საკითხზე მუშაობენ.

მივმართავ, ოჯახის სახელით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, არცერთ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღონ. ბავშვის მამა ბრალდებულია შატალოვასა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ასევე სიცოცხლის მოსპობით მუქარაში. არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომ ბავშვი აღსაზრდელად მამას გადაეცეს.

ანასტასია შატალოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივნისს გამოკითხვის ოქმში მიუთითებდა, რომ ქილერის დაქირავების მუქარა იყო მის მიმართ.

საგამოძიებო ორგანოს მოვუწოდებ, რომ ამ ჩვენებით დაინტერესდნენ და სამართლებრივი შეფასება მოხდეს.

წელიწადზე მეტია ანასტასია შატალოვას ადვოკატი გახლავართ და სხვა არაფერი მსმენია მისგან, რომ ვინმესთან რაიმე კონფლიქტი ჰქონოდა. ის ზრდიდა ბავშვს და ცდილობდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო",- აცხადებს პაატა შავაძე.