ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს - ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიას და ლევან რაჯაევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკცარი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატები კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებდა. ამასთან, საქმის პროკურორი მიხეილ ჩხეიძე საკუთარ შუამდგომლობაში ბექა ლატარიას წარსულში ნასამართლევობაზეც საუბრობდა. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, ბექ ლატარია ნასამართლევია ძალადობრივი და ნარკოტიკული დანაშაულისთვის. რაც შეეხება ბიძინა ხასიას, პროკურორის თქმით, ის პოლიციელების დანახვაზე გახდა აგრესიული, ხელყუმბარა გახსნა და კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციელების მიმართულებით ისროლა, ამ დროს კი ლევან რაჯავი ხასიას დაკავებაში პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, რითაც ბიძინა ხასიამ ისარგებლა და მეზობლის აივანზე მიიმალა. ჩხეიძის თქმით, აღნიშნულ ყუმბარას როგორც ქვემოთ მდგომი პოლიციელების, ასევე კორპუსში მყოფი პირების სიცოცხლის მოსპობა შეეძლო.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა სამივე დაკავებული. თუმცა, ბექ ლატარია მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის, კერძოდ, პროკურორის მიმართ მიყენებული შეურაცხყოფის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს. ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი. ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკულო საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

"ინტერპრესნიუსი"