"სამართლებრივი ფასი ამ დოკუმენტს არ აქვს, შესაბამისად, სასაცილოც კია მისთვისაც და ჩვენთვისაც" - სააკაშილის ადვოკატები ბრალის წარდგენაზე - კვირის პალიტრა

"სამართლებრივი ფასი ამ დოკუმენტს არ აქვს, შესაბამისად, სასაცილოც კია მისთვისაც და ჩვენთვისაც" - სააკაშილის ადვოკატები ბრალის წარდგენაზე

რეალურად სამართლებრივი ფასი ამ დოკუმენტს არ აქვს, შესაბამისად, სასაცილოც კია მისთვისაც და ჩვენთვისაც, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებიდან 20 დღის შემდეგაც კი "ქართული ოცნება" სასამართლო პროცესი ჩანიშვნას ვერ ბედავს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ელოდება.

"ჩვენ აბსოლუტურად სხვა კუთხით ვუყურებთ ამ საკითხს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაანონსებული ჰქონდა საქართველოში დაბრუნება, შემდეგ მოვისმინეთ "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებები, აქციის დაორგანიზებას აპირებდნენ აეროპორტში. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი შეიძლება არ დაესვათ თბილისის აეროპორტში. სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა სხვა გზით შემოსულიყო საქართველოში და ეს გზა მისი სიცოცხლის და უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი რისკის შემცველი იყო, სამაგიეროდ ამით მიხეილ სააკაშვილმა აგვაცილა თავიდან დაპირისპირება, რის დაორგანიზებასაც აპირებდა "ქართული ოცნება" და რეალურად ის ქვეყანაში დაბრუნდა ისე, რომ თმის ღერიც არავის ჩამოუვარდა თავიდან.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი დაბრუნება ქვეყანაში არის გმირობა, მან გააკეთა განცხადება, რომ დაბრუნდებოდა საქართველოში და დაბრუნდა კიდეც. მეორე მხარეს კი ვხედავთ მხდალ ხელისუფლებას, რომელიც 8 წლის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაში და 20 დღეა უკვე ადამიანი პატიმრობაში იმყოფება და პროცესს არ გვინიშნავენ. აი ამ საქმეზეც, წარდგენილ ბრალდებაზეც, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვერ გაბედავენ სასამართლო პროცესის ჩანიშვნას იმ ეტაპამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება და მეტყველება შეუძლია მისი შიმშილობიდან გამომდინარე.

ბრალის დადგენილებაში მითითებულია სხადასხვა პირთა ჩვენებები, თუმცა ჩვენთვის უცნობია, ვინ არიან ეს ადამიანები, ნაწილი იქნება ალბათ პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ არ გაგვიმახვილებია ამაზე ყურადღება იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს უბრალოდ სასაცილოა", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

"ინტერპრესნიუსუი"