ელენე თევდორაძე: "ეს ალოგიკური კანონიც ცხოვრებამ გვიკარნახა" - კვირის პალიტრა

ელენე თევდორაძე: "ეს ალოგიკური კანონიც ცხოვრებამ გვიკარნახა"

გარდაცვლილი მამისთვის პატიმრის გაგზავნილი წერილი (!)

"კვირის პალიტრაში" წერილის გამოქვეყნების შემდეგ მუკბანიანი საბანაოდაც კი გაიყვანეს(!)

სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებიდან პატიმარ ილია მუკბანიანის გამოგზავნილმა წერილმა, რომელიც წინა ნომერში გამოქვეყნდა "კვირის პალიტრის" საიტზე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

www.kvirispalitra.ge

მარიკა: "ღმერთო, სადაა სამართალი? ეს წერილი ყველამ უნდა წაიკითხოს და გაიგოს დღევანდელი საქართველოს რეალობა. ეს არის დღევანდელი საქართველო და არა ის, ჰოლივუდის მსახიობი რომ ჩამოვიდა და 240.000 დოლარად ღირებული წითელი ვარდებით შევხვდით. სირცხვილია, მართლა სირცხვილია".

დათო: "სულისშემძვრელი წერილია. ამ საქმეს გამოძიება უნდა. სიმართლის გარკვევა. ასეთ საქმეებში პოლიტიკა არაფერ შუაში არ უნდა იყოს. ეს არის შემაძრწუნებელი წერილი, რომელიც ჯობია, სიმართლე არ იყოს".

როსტომი: "სხვა საქართველოში ცხოვრობთ, ეტყობა, კეთილებო, ეგეთები თუ პირველად გესმით. უარესებიც ხდება".

სოფო: "ღმერთო, რა შეგვიძლია ჩვენ, ხალხს, რომ ამ პატიმარს დავეხმაროთ?! სამართალი აღარ არსებობს ჩვენს ქვეყანაში? ღმერთო, როდემდე?!"

რადგან წერილში მოხმობილი ფაქტები მეტად საყურადღებო გვეჩვენა, გადავწყვიტეთ, თვალი მივადევნოთ ილია მუკბანიანის პატიმრობის ისტორიას.

"კვირის პალიტრაში" წერილის გამოქვეყნების შემდეგ ილია მუკბანიანი დაჰკითხეს, მას აღუდგინეს უფლებები, აძლევენ მედიკამენტებს და საბანაოდაც გაიყვანეს. თუმცა, როგორც ილია მუკბანიანის ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა შეგვატყობინა, "კვირის პალიტრის" ის ნომერი, სადაც წერილი გამოქვეყნდა, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში აიკრძალა.

ილია მუკბანიანის საქმე ძალზე საინტერესოა. ის 2005 წლის 19 ივნისს დააპატიმრეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა-გასაღების ბრალდებით.

KvirisPalitra.Geსაბრალდებო დასკვნიდან:

"2005 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 17 საათზე, თბილისის პირველი საპყრობილის საამანათო განყოფილებაში გამოცხადდა ილო მუკბანიანი, რომელმაც დაუდგენელ ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა  ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რასაც ინახავდა უკანონოდ. მან განიზრახა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გასაღება თბილისის პირველ საპყრობილეში მოთავსებულ პატიმარ კახა ცაგურიშვილზე. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან მიმართა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, რათა ცაგურიშვილისათვის გადაეცა ამანათი. ამანათის შემოწმების დროს პოლიეთილენის პარკში  მოთავსებულ ორ ცალ კარტოფილში აღმოჩნდა  ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი" (სტილი დაცულია).

ილია მუკბანიანი გაასამართლეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მუკბანიანის ჩვენებით, ამანათის ციხეში შეგზავნა მას უცნობმა პირმა სთხოვა.

ილია მუკბანიანი: "2005 წლის 11 მაისს მე-5 საპყრობილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარნეულის რაიონში მიმავალ სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე ვიდექი. იმ დღეს სოფელში მივდიოდი. დაახლოებით ოთხ საათზე, სამარშრუტო ტაქსის გასვლამდე, მომიახლოვდა უცნობი პირი და მითხრა, სოფლიდან ვარ ჩამოსული, პირადობის მოწმობა შინ დამრჩა და პატიმრისთვის ამანათის შეგზავნაში დამეხმარეო. მცირე ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი. ბუნებრივია, არ მინახავს, რა იდო ამანათში, რადგან იმის, რაც მოგვიანებით მოხდა, წარმოდგენაც არ შემეძლო. საამანათოში ამანათი ჩვეულებრივ აღრიცხეს, გამოწერეს ფურცელი, შეამოწმეს და ნარკოტიკი აღმოაჩინეს".

ბუნებრივია, მხოლოდ ილია მუკბანიანის ჩვენება არ იქნებოდა სარწმუნო, რომ არა პატიმარ ცაგურიშვილის მიერ სასამართლოში მიცემული აღიარებითი ჩვენება.

კახა ცაგურიშვილი: "ციხეში ყაჩაღობის ბრალდებით ვზივარ. ნარკოტიკის მომხმარებელი ვარ. დაახლოებით ერთი წლის წინ ძმაკაცმა, მამუკა თამლიანმა, დამირეკა და მითხრა, ამანათი უნდა შემოგიგზავნოო. ვიცოდი, ნარკოტიკს მიგზავნიდა. როცა ციხესთან მოვიდა, დაახლოებით 15.00 საათი იქნებოდა, დამირეკა და მითხრა, როგორ მოვიქცეო? ვუთხარი, მანდ ტაქსები დგანან, იქნებ ვინმე ნახო და სთხოვო, შემოგაგზავნინოს-მეთქი. თამლიანმა ცოტა ხანში ისევ დამირეკა, მითხრა, ერთი ბიჭი ვნახე და გიგზავნიო. 2 საათი გავიდა და ამანათი არ შემოსულა. ისევ რომ დამირეკა, მითხრა, ის კაცი, ვინც გიგზავნიდა, დააკავესო. თამლიანს სხვა დროსაც შემოუტანია ჩემთვის ნარკოტიკი. წინა ორ შემთხვევაშიც სხვისი პასპორტით შემოგზავნა. თვითონ ვუთხარი, ვისაც შემოაგზავნინებ, არ უთხრა, რომ ამანათში ნარკოტიკი დევს-მეთქი. ეს მესამე შემთხვევა იყო. 3-4 დღით ადრე ტაქსის მძღოლის პასპორტით შემომიგზავნა, ნარკოტიკი ყოველთვის კარტოფილში იდო. თამლიანი ამ ფაქტიდან ერთ კვირაში დაიღუპა წამლის ზედმეტი დოზის გამო.

ეს ამბავი რომ მოხდა, განცხადება დავწერე და მორიგეს მივეცი, დაკითხვას ვითხოვდი. მას შემდეგ კიდევ ორჯერ დავწერე განცხადება, მაგრამ ჩემთან არც გამომძიებელი, არც პროკურორი და არც ციხის ადმინისტრაციიდან მოსულა ვინმე. სასამართლოში რომ წამომიყვანეს, გამიკვირდა. ეს კაცი უდანაშაულოა".

კახა ცაგურიშვილის აღიარებითი ჩვენება სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო(?!).

ცირა ჯავახიშვილი, ადვოკატი: "ამ საქმეზე სრულყოფილი გამოძიება არც წინასწარ გამოძიებაში ჩატარებულა და არც სასამართლოს შეუწუხებია თავი ზედმეტი კითხვებით. მას შემდეგ, რაც კახა ცაგურიშვილმა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა, არც შეუმოწმებიათ, მართლა შეგზავნა თუ არა ტაქსის მძღოლმა ამანათი. ცაგურიშვილის დაკითხვა საქმის ძირითადი დეტალი იყო. როცა ცაგურიშვილმა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა, ნაცვლად იმისა, მოსამართლეს დაესვა კითხვა, რატომ არ დაჰკითხეს წინასწარი გამოძიებისას კახა ცაგურიშვილი, პირიქით, ცაგურიშვილს რამდენჯერმე გაუმეორა, ასეთი ჩვენება ბრალს დაგიმძიმებსო.

პროკურორმა აშკარად ხელი შეუწყო დანაშაულის დაფარვას. კაცმა სასამართლო პროცესზე მისცა აღიარებითი ჩვენება, დეტალურად აღწერა, როგორ, რა ვითარებაში ჩაიდინა დანაშაული, რომ თვითონ შეატანინა ციხეში ნარკოტიკი ვინმე თამლიანს. აღიარა ისიც, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მეტი რა უნდა ეთქვა? აშკარად გამოიკვეთა ისიც, რომ მუკბანიანი და კახა ცაგურიშვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ. გამოძიების არაკომპეტენტურობაზე ისიც მეტყველებს, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალმდებელმა წარმოადგინა ცნობა, რომ საქართველოში ორი მამუკა თამლიანია და ორივე ცოცხალი, თუმცა ესეც ტყუილი აღმოჩნდა, რადგან მალე გაირკვა და ოფიციალური ცნობაც წარადგინეს ადვოკატებმა,  რომ მამუკა თამლიანი მართლაც გარდაცვლილია. ბუნებრივია, როცა ასეთ მართლმსაჯულებასთან გაქვს საქმე, იძულებული ხდები სტრასბურგის სასამართლოში ეძიო სამართალი".

საქმეში დევს ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაც, რომლის მიხედვით ილია მუკბანიანი ნარკოტიკის მომხმარებელი არ ყოფილა.

ცირა ჯავახიშვილი: "მუკბანიანი და ცაგურიშვილი ჯერ 2005 წელს, მოგვიანებით კი 2006 წელს ციხის ადმინისტრაციამ რატომღაც ერთ საკანში მოათავსა.  ეს წინასწარგანზრახული პროვოკაცია იყო. ცაგურიშვილი საკანში სწორედ იმიტომ შეუყვანეს, რომ მუკბანიანს მისთვის პასუხი მოეთხოვა, მაგრამ მუკბანიანი პროვოკაციას არ წამოეგო. თუმცა მას შემდეგ, რაც ცაგურიშვილმა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა, მუკბანიანს ციხეში პროვოკაცია მაინც მოუწყვეს, ბრალი დასდეს დაუმორჩილებლობაში და თერთმეტი წელი დაუმატეს".

ამონარიდი საბრალდებო დასკვნიდან (სტილი დაცულია):

"2006 წლის 26 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის  I საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ინსპექტორები ზვიადაძე, ხუხია და ხუჭუა ახორციელებდნენ 42-ე საკნის  შემოწმება-დათვალიერებას, რა დროსაც ილო მუკბანიანს შარვლიდან ამოუვარდა "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი. როდესაც საპყრობილის თანამშრომელმა ზვიადაძემ სცადა აღნიშნული ტელეფონის ჩამორთმევა, პატიმარმა მუკბანიანმა გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა. ჩამორთმეული მობილური ტელეფონი გამოსტაცა ხელიდან, რა დროსაც მას წამოეშველა პატიმარი დიმიტრი ავალიანი. მათ ზვიადაძეს ამოუტრიალეს ხელი, შემოახიეს ფორმის მაისური. ამავე დროს ადგილი ჰქონდა სად-ის თანამშრომლებისადმი ფიზიკურ ანგარიშსწორებას, მუქარას და სიტყვიერ შეურაცხყოფას".

ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი:

"საკანში იმ დროს ოცზე მეტი პატიმარი იყო. მუკბანიანს ისე მიუსაჯეს ამ დანაშაულისთვის თერთმეტი წელი, რომ "დაზარალებული" ზვიადაძისა და ციხის თანამშრომლების გარდა სხვა მოწმე არ დაუკითხავთ. მით უმეტეს, რომ ისინი ამ შემთხვევის თვითმხილველები იყვნენ. როგორც ჩანს, პატიმრების დაკითხვა ხელს არ აძლევდა გამოძიებას და უტყუარ მტკიცებულებად მხოლოდ ეგრეთ წოდებული დაზარალებულისა და საქმის შედეგით დაინტერესებული ხუჭუასა და ხუხუას ჩვენებები მიიჩნიეს. სასამართლომ არც ეგრეთ წოდებულ მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებს შორის აშკარა წინააღმდეგობას მიაქცია ყურადღება.

კერძოდ, წინასწარ გამოძიებასა და შემდგომ სასამართლოში ციხის თანამშრომლებს ჩვენებები აერიათ. ყველა ხვდებოდა, რომ მოწმეები ცრუობდნენ, მაგრამ ეს სასამართლოს განაჩენში არ ასახულა. მთავარი კი ის არის,  რომ მობილური ტელეფონი, რომელიც თითქოსდა მუკბანიანს ჰქონდა, დღემდე არ არის ამოღებული. სად გაქრა იმ პატარა საკნიდან, საიდანაც არც გადაგდების საშუალებაა და არც გადამალვის? როცა ეს კითხვა დავსვით პროცესზე, გამომძიებელმა გვიპასუხა, ციხის კედლებიდან ჩვენ ავტომატებიც ამოგვიღია და მობილურის გადამალვა რა პრობლემააო. თუ ციხის კედლებიდან ავტომატებს იღებენ, მობილურის ამოღება რა გახდა? მე თავად ჩამოვართვი ჩვენება იმ დღეს 42-ე საკანში მყოფ რვა პატიმარს.

ყველა ადასტურებს, რომ მსგავსი რამ იმ დღეს არ მომხდარა. 2006 წლის 26 ივლისის დილით საკანში შევიდა ზვიადაძე, რომელმაც დიმიტრი ავალიანს მობილური ტელეფონი მოსთხოვა. ავალიანმა უპასუხა, რომ საკანში მობილური ტელეფონი არ ჰქონდათ. ზვიადაძემ ავალიანი და რატომღაც მუკბანიანიც წაიყვანა ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან. ასეთ ჩვენებას იძლევა რვა კაცი. ილია მუკბანიანისა და ავალიანის ჩვენებებიდან კი ირკვევა, რა მოხდა შემდეგ. მათი მტკიცებით, დირექტორთან დახვდათ რამდენიმე კაცი, მათ შორის - გამომძიებელი და პროკურორი, რომლებმაც ტელეფონის გადაცემა მოითხოვეს. უარი რომ მიიღეს, დაუწყეს ლანძღვა-გინება და ბოქსებში ჩაიყვანეს. ზვიადაძემ მაისური გაიხადა, გახია, შემდეგ ის გამომძიებელმა პოლიეთილენის პარკში ჩადო. დაახლოებით 5-10 წუთში ორივე პატიმარი ისევ აიყვანეს კაბინეტში, სადაც დახვდათ ხუხუა, რომელმაც ისევ მოითხოვა მობილური ტელეფონი. სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ, 6 თვეზე მეტ სასჯელს არ დაგიმატებთო.

სწორედ ამ გარემოებებმა გვაიძულა, მიგვემართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის. როცა გამოძიებას არ აინტერესებს ობიექტური ჭეშმარიტება, როცა სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ დაინტერესებული მხარის ჩვენებებს, არც აღიარებით ჩვენებას ითვალისწინებს და არც მტკიცებულებას, არის სხვა გზა სიმართლის დასამტკიცებლად? ილია მუკბანიანი პროვოკაციის მსხვერპლია. სწორედ იმიტომ, რომ არ აღიარა პირველი ჩაუდენელი დანაშაული, არავის აწყობდა უკანონო პატიმარი, მოგვიანებით კი ის სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელის გამო დასაჯეს. გაუთავებელი ცემის გამო ხერხემალი აქვს დაზიანებული და უკვე ერთი წელია ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული (იხ. "კვირის პალიტრა" #25 ან საიტზე www.palitratv.ge).

P.S. 2007 წელს ერთმა საკანონმდებლო ნონსენსმა მიიქცია ჩემი ყურადღება. საქმე ის იყო, რომ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისათვის კანონი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა, იმავე რაოდენობით ნარკოტიკის ციხეში შეგზავნა კი თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე. რადგან ამ კანონში ლოგიკის ნატამალი ვერ აღმოვაჩინე, მაშინდელ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეს ვთხოვე მისი განმარტება.

"როგორც წესი, ყველაფერს ცხოვრება გვკარნახობს. ეს კანონიც ცხოვრებამ გვიკარნახა. დღეს ბევრი ზის ციხეში ისეთი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ამანათში, რომელსაც ციხეში გზავნიდა, ნარკოტიკი იდო. სამწუხაროდ, ხშირად არასასურველ პირებსაც ამ გზით იცილებდნენ. თუ პატიმრის საქციელი ვინმეს არ მოსწონდა, ვერ გატეხდნენ ზეწოლით, საჭირო ხდებოდა პატიმრის დედის, მამის ან ოჯახის რომელიმე წევრის დაჭერა და მათ სწორედ ციხეში ნარკოტიკების შეგზავნის გამო აპატიმრებდნენ. როცა კანონს ვწერდით, თავში სულ ეს შემთხვევები მიტრიალებდა. ასეთი შემთხვევების გამო გადავიდა ლოგიკა მეორე პლანზე, თორემ ეს რომ ნონსენსია, მეც კარგად ვიცი".

P.P.S. მას შემდეგ, რაც ილო მუკბანიანს  ბრალი დაუმძიმეს და  11 წელი მიუსაჯეს, სულ რამდენიმე დღეში, მამამისი ჯემალ მუკბანიანი მე- 14 სართულიდან გადმოვარდა(!).

ნატო ღვედაშვილი: ილო მუკბანიანის მეუღლე: "ჩემს მამამთილს თავი არ მოუკლავს. ამ ამბის შემდეგ ძალზე დადარდიანდა, მშენებლობაზე მუშაობდა,  დადარდიანებულს უსაფრთხოების ზომებისადმი ყურადღება მოუდუნდა და მე-14 სართულიდან გადმოვარდა.  KvirisPalitra.Geმამის გარდაცვალების შემდეგ მივმართეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ ილოსთვის უფლება მიეცათ მამა დაეტირებინა, მაგრამ უარი გვითხრეს.

მაშინ ილიამ გარდაცვლილ მამას ადვოკატის ხელით ქაღალდის ხელსახოცზე დაწერილი წერილი გამოუგზავნა. წერილში დაჰპირდა, რომ საკუთარ უდანაშაულობას მამას დაუმტკიცებდა... წერდა, რადგან სიცოცხლეში ვერ დაგიმტკიცე, რომ უდანაშაულო ვარ, ვიცხოვრებ იმისათვის, რომ ქვეყანას დავუმტკიცო, რომ მე ეს დანაშაული არ ჩამიდენიაო. ილო დღემდე საკუთარ თავს ადანაშაულებს მამის ტრაგიკულ დაღუპვაში და მისი ასეთი თავგანწირული ბრძოლაც მამისადმი მიწერილი პირობის ასრულებაა...